რატომ არ აწერს ზურაბიშვილი ხელს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას? - ამ კითხვას სვამს, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. პრეზიდენტმა მოახერხა და ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ერთდროულად გააოცა. ორივე მათგანისთვის გაუგებარია, რა არის პრეზიდენტის მოტივაცია, როდესაც ის სულ რამდენიმე დღის წინ დაჟინებით მოითხოვდა იუსტიციის სამინისტროსგან, რომ მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დოკუმენტი დაუყოვნებლივ, დაჩქარებული წესით გადაეგზავნათ.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა და პირობა დადო, რომ იუსტიციის სამინისტროდან ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდებოდა, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა, თუმცა პირობა, პირობად დარჩა.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით კანონს არღვევს და მისი არგუმენტები გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პრეზიდენტს „პოზიციები ბევრჯერ აემღვრა და იმდენად აიხლართა, რომ მართლაც უჭირს ესაუბროს საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით“.
„მართლაც, იმდენად აემღვრა თავისი პოზიციები პრეზიდენტს და იმდენად აიხლართა ამ ყველაფერში, რომ მართლაც უჭირს ესაუბროს საზოგადოებას კონკრეტულ მოტივაციასთან დაკავშირებით. ამით ნებისმიერი მისი განცხადება, პრაქტიკულად, დღითიდღე უფრო და უფრო ნაკლებად სანდო ხდება. ის, რაც ოპოზიციამ დაგეგმა, - ყალბი იარლიყი მიეკერებინა ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, საზოგადოება დაერწმუნებინათ რეალურად არარსებული ბრალდებების ნამდვილობაში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც სამწუხაროდ მხარში ამოუდგა პრეზიდენტიც. ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ შემთხვევაში ზიანდება ასეთი ტიპის დამოკიდებულებების დემონსტრირებით, ეს, მე ვფიქრობ, რომ ფაქტია. ეს დასანანია, სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ეჭვებს აჩენს და ამ გადაწყვეტილების აბსურდული არგუმენტებით გამართლება მიუღებელია.
„სამშაბათსა და პარასკევს შორის რა შეიცვალა?! სამშაბათს ითხოვდით დაუყოვნებლივ შეწყვეტას, პარასკევს უცებ გამოგვეცხადეთ და გვითხარით, არა ბატონო, ჯერ არ უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა. მე ეს მაფიქრებინებს, რომ ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე, ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ამ აბსურდულ არგუმენტებს არ ვიღებთ. ჩამოყალიბდით, ხართ ჯაშუში, აგენტი ფარცხალაძის მცველი თუ ხართ საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი. ეს არის გადამწყვეტი საკითხი, აბსურდი და სისულელეა ყველა არგუმენტი, რაც თქვენ მოგაქვთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი უკვე საქართველოს კონსტიტუციას კი არა საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტმა ისიც კი მოახერხა, რომ ბოლოს ხელისუფლების და ოპოზიცის პოზიცია ერთმანეთს დაემთხვა.
„გასაგებია, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობით ვადა აქვს 3 თვე, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ყველას გვახსოვს იუსტიციის სამინისტროსგან მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით დოკუმენტის მიღებას კატეგორიულად როგორ ითხოვდა. როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე ისუტიციის სამინისტრომ, კანონის მთელი დაცვით იმოქმედა და შესაბამისი დოკუმენტი გადაუგზავნა. ის კი ახლა დგას და ამ თემით ვაჭრობს. აქ საუბარი იმაზე კი არა რის, რომ მას ფიქრის საშუალება არ აქვს და ა.შ. არა, ჩვენ ვმსჯელობთ მისი კატეგორიული ტონიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელმაც ორდღიანი დუმილი ძალიან უცნაური გადაწყვეტილებით დაარღვია.
პრეზიდენტი ვაჭრობს, რომ თუ თურნავას გადაწყვეტილებას არ შეცვლით, მე ფარცხალაძეს მოქალაქეობას შევუნარჩუნებ მანამდეო, ეს ზეწოლა არ არის? თუ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება, ის შეძლებს ევროკავშირიში უვიზოდ იმოგზაუროს. ყველაზე მთავარი, მასზე არ ამოქმედდება ის სანქციები, რომელიც სამართლიანად თუ უსამართლოდ ამერიკამ დაუწესა. წარმოიდგინეთ, ქალი, რომელიც ამბობდა, რომ ის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, პირიქით, კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას არღვევს. ხოლო ცდილობს, ასე ღიად დაანახოს ქვეყანას, რომ მთავარია, რომელიმე ქვეყნის, დეპარტამენტის განყოფილების რეკომენდაცია იყოს და მნიშვნელობა არა აქვს, ირღვევა თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, კანონი, სასამართლო. მაშინ, გამოდის, რომ თუ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ვინმეზე გავლენა ჰქონია, ეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ყოფილა. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ ზურაბიშვილია ჩვენს ქვეყანაში რუსული ინტერესების გამტარი“,-ამბობს ბოჟაძე.
იურისტი პაატა დავითაია კი ამბობს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია რა პოლიტიკური ლოგიკით მოქმედებს პრეზიდენტი და გასაგებია, რომ პოლიტიკურ სპექტრში ამან დიდი გაუგებრობა გამოიწვია. დავითაია for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტი საქართველოს კანონს არღვევს და არა აქვს მნიშვნელობა, ამას რა პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს.
„პრეზიდენტმა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეჩერებით, საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია. როგორც იურისტი, ასე ვამბობ და ეს ცალსახად ნათელია. მას რა დოკუმენტიც გადასცეს, რომ კომისიის მსჯელობით, მან საქართველოს მოქალქეობა დაკარგა, მიღებისთანავე ამაზე ხელი უნდა მოეწერა. პოლიტიკას თავი დავანებოთ, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს. არანაირი განმარტება და პოლიტიკური მოტივაცია ამას არ შეიძლება ჰქონდეს. გავიგეთ, რომ 3-თვიანი ვადა აქვს, მაგრამ მან პოზიცია უკვე დააფიქსირა. პირიქით, აქეთ იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებდა კანონის დარღვევაში.
ფარცხალაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, თუნდაც საქართველოს მოქალაქე არ იყოს. რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს, მან საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია და რუსეთისთვის სასარგებლოდ მუშაობაში სდებენ ბრალს. რაღაცა პრეზიდენტი აჭრილია და ამას პირდაპირ ვამბობ. ის უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. ჯერ ამბობს, რომ სასწრაფოდ მომეცით დოკუმენტი, მერე გამოვიდა და არ შევუწყვეტო, რადგან ჯერ გამოიძიეთო. ახლა ამბობს, 3 თვე უნდა ვიფიქროო. ასე არ ხდება, ეს არის კომისიური მუშაობა, სადაც დადეს დადგენილება და ამის მერე იღებს პრეზიდენტი გადაწყეტილებას. საბავშვო ბაღი ხომ არაა, ხან გინდა და ხან არა“,-ამბობს დავითაია.