პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ხავერდოვანი რევოლუციის განსახორციელებლად საქართველოში ამოქმედდა ამერიკული სცენარი - აიძულო ადამიანი გადადგეს თანამდებობიდან. მისი თქმით, ახალი ტიპის პროცესში შევდივართ, როდესაც ვიღაცები უნდა გადადგნენ, იმიტომ, რომ ასე არის საჭირო და ამას ადასტურებს სააკაშვილის მოთხოვნა - გადადგეს ხელისუფლება. პოლიტოლოგის შეფასებით, როდესაც შეიძლება არჩევნების გზით ჩამოყალიბდეს ხელისუფლება და ამ დროს ხელისუფლების გადაყენების ასეთი მოთხოვნებია, ეს უკვე გულისხმობს, რომ შენ საზოგადოების აზრის გეშინია და გინდა ემოციების ხარჯზე მოახდინო ცვლილებები.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, რა პროცესებს ვაკვირდებით დღეს?
რამაზ საყვარელიძე: ადამიანის გადაყენების იძულება უარყოფითი ფაქტია და ეს მექანიზმი მუშაობს ხავერდოვანი რევოლუციების დროს. გავიხსენოთ ჩვენი „ვარდების რევოლუცია“, სიტუაცია იქამდე მიიყვანეს, რომ შევარდნაძე გადამდგარიყო.
როგორ ფიქრობთ, მაშინ სწორი იყო შევარდნაძის გადაწყვეტილება? უნდა გადამდგარიყო?
- სწორი იყო თუ არა, ამაზე უკვე არავინ არ მსჯელობს. სიტუაცია მიიყვანეს იქამდე, რადგან ამერიკიდან მოდიოდა ეს სცენარი. ამერიკულია ხავედროვანი რევოლუციების სცენარები და ყველა გულისხმობს ხელისუფლების შეცვლას ასეთი იძულებითი მეთოდით. არაბული ქვეყნებშიც რევოლუციები ამ სცენარით მოხდა. ანუ, ისეთი პროცესები იყო უკვე ქუჩაში, რომ ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო. დეგოლიც ასე გადადგა, თუმცა, მაშინ ეს სცენარები არ იყო. დღეს უფრო პრინციპულად დგას ეს საკითხები და ამისკენ მიდის პროცესები. ჩვენ გამოვიარეთ ვარდების რევოლუცია, მაგრამ ახალი ტიპის პროცესში შევდივართ, იგივე პრინციპით - ვიღაცები უნდა გადადგნენ, იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
როგორ ფიქრობთ, იგივე პრინციპი შეიძლება დღესაც გატარდეს?
- არ არის გამორიცხული. გავიხსენოთ მიშა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაგზავნა მოთოვნა, რომ გადადგეს ეს ხელისუფლებაო. კი, მაგრამ არჩევნები არ გვინდა? ან რატომ უნდა გადადგეს? როდესაც ქვეყანაში შეიძლება არჩევნებით ჩამოყალიბდეს ხელისუფლება და ამ დროს ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნებია, ეს უკვე გულისხმობს, რომ შენ საზოგადოების აზრის გეშინია და გინდა ემოციების ხარჯზე მოახდინო ცვლილებები. გეშინია, რომ ხალხი არ აირჩევს იმას, ვინც შენ გინდა და თურნავას ადგილას გინდა ვიღაცა სხვა. ამერიკა ითხოვს, რომ თურნავა უნდა გადაგდეს.
ამ ნაწილში ჩანს ამერიკის როლი?
- ამერიკა შეიძლება თვითონ ვერ ამბობს ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი მოთხოვნა მოსჩანს იმ გადაწყვეტილებაში, რაც იყო ნათქვამი: „ვწუხვართ, რომ შეიცვალა ბრძანება“. თუ დავუკვირდებით, ქვეყანა მიდის იქითკენ, რომ მოხდეს ცვლილებები. შეგახსენებთ, დაახლოებით იგივე იყო მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაში. ელოდნენ, რომ მოსამართლეები დატოვებდნენ სასამართლო სისტემას. ანუ, სიტუაციის მიყვანა იქმადე, რომ ვინც არ გინდა იყოს ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში, ან მთლიანად ხელისუფლების სათავეში, დაანამუსო, მიიყვანო იქამდე, რომ თანამდებობიდან წასვლა ერჩივნოს იმ ბულინგს და სხვა ტიპის ზეწოლას.
ახლა ერთ-ერთი ასეთი რაუნდი არის თურნავას გარშემო განვითარებული მოვლენები და ამ რაუნდის შემსრულებელი ამ შემთხვევაში არის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე დაუდეს დოკუმენტი, რომ ფარცხალაძეს ავტომატურად უნდა გაუუქმდეს მოქალაქეობა. მას ჩუმად აქვს აღებული რუსული პასპორტი, რაც დაუშვებელია, მაგრამ პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მე არ მოვაწერ ამას ხელსო, იმიტომ, რომ ქართულმა სასამართლომ უნდა გაასამართლოსო. ადამიანო, შენ მოიქეცი ისე, როგორც კანონი გკარნახობს! ქართულმა სასამართლომ დააყენოს საკითხი, ფარცხალაძე იყო თუ არა სხვა ქვეყნის აგენტი და ამის მიხედვით იმოქმედოს.
მაგრამ აქამდე არ მიდის საკითხი, საინტერესოა რატომ?
- იმიტომ, რომ ფარცხალაძის აგენტობაც არაა მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადაადგმევინონ დამთმობი ნაბიჯი, როგორიც იყო რურუას გათავისუფლება. უკვე არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება სახელმწიფოს მხარეს, მთავარია საქართველოს სახელმწიფო შეაჩვიონ იმას, რომ თუ მოსთხოვენ ცალ ფეხზე დგომას, უნდა დადგეს. აი, ეს სცენარი მუშავდება ახლა. რაც შეეხება პრეზიდენტს, აშკარად უნდა უცხოეთის გარკვეულ წრეებთან ასეთი ავტორიტეტის მოპოვება.
პროცესებს, რომელსაც ვაკვირდებით, თავისი ხელწერით გავს 2003 წელს? მაშინაც ქუჩა ჰქონდა დღევანდელ ოპოზიციას - „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც მაშინ, ახლაც ქუჩაზე კონტროლი აქვს ოპოზიციას, რომელიც გაცილებით რადიკალურია და აგრესიული. ცხადია, რომ ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნებში მონაწილეობა...
- გეთანხმებით, ეს პოლიტიკური ძალა არჩევნებზე არ არის ორიენტირებული. ეს ჩანს იმაშიც ოპოზიციური განწყობის ქალბატონები როგორ მოიქცნენ თეა წულუკიანის მოხსენების დროს, როცა უცენზურო სიტყვით დამშვენებული პლაკატი დაიკავეს ხელში. საჭირო არ არის დიდი ფილოსოფოსობა მიხვდე, რომ ამ ტიპის ნაბიჯის ფონზე ოპოზიციის მიმართ სიმპათია თუ არ დაიკლებს, თორემ გაზრდით არ გაიზრდება. ე.ი. არ ზრუნავენ იმაზე, რომ მოიპოვონ ავტორიტეტი და რეიტინგი. ზრუნავენ იმაზე, რომ ხელისუფლება გამოიყვანონ მდგომარეობიდან და ჩაადენინონ რაღაცა, რაც მერე შეფასების საგანი გახდება. თუნდაც, იგივე უცხოეთიდან შეფასდება, რომ აი, ძალისმიერი მეთოდებით წყვეტენ.
რაც შეეხება 2003 წლის ანალოგიას, რა თქმა უნდა, ანალოგია ჩნდება. მით უმეტეს, რომ მართლაც ერთი და იგივე პოლიტიკურ ჯგუფზეა ლაპარაკი, მაგრამ არის განსხვავებები იმ მხრივ, რომ მაშინ უკეთესად იყო მომზადებული ის პროცესი. ამერიკის ელჩი მაილსი ბეჯითად დადიოდა მინისტრებთან და ეუბნებოდა, რომ საქართველოს არ ექნება პერსპექტივა თუ შევადრნაძეს დატოვებთ ხელისუფლებაშიო.
არც დეგნანი არ იყო კანფენტი, მაგრამ ასეთი ნაბიჯი დეგნანს არ გადაუდგამს. მაილსის ამ ნაბიჯის ერთ-ერთი შედეგი იყო შეტევა შევარდნაძეზე. მახსოვს, სააკაშვილი მიკროფონით უძახდა შევარდნაძეს, რომ 30 ათასი ვართ და კიდევ რამდენი უნდა მოგვემატოს, წახვიდე თანამდებობიდანო. მაილსის მუშაობამ ის შედეგი გამოიღო, რომ შევარდნაძე პრაქტიკულად მარტო დარჩა. ყველა მინისტრმა პირდაპირი, თუ ირიბი გზით უღალატა. სწორედ ისეთმა მინისტრებმა, რომლებსაც უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება, გარდა შს მინისტრისა კობა ნარჩემაშვილისა, რომელიც ბოლომდე დარჩა თავისი როლის შემსრულებელი და ბევრი ვერაფერი მოიგო, რადგან შურიც იძია სააკაშვილმა.
ასე რომ, მართლა არის ბევრი საერთო, მაგრამ განსხვავებაც არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სახელისუფლებო ბანაკში არ იდგმება ნაბიჯები ხელისუფლების შესაცვლელად. მაგალითად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები რომ გადადგნენ, მათი გადადგომა შემთხვევითი არ იყო, ეს იყო მათი პოლიტიკური კრედოს, პოლიტიკური ორიენტაციის შედეგი. ანალოგიური ტიპის შედეგები და უფრო მსხვილი, რაც მინისტრებს ეხებოდა, როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, ასეთი პროცესი არ ჩანს.
2003 წელს მარტო დარჩა შევარდნაძე, რამაც ალბათ ნაწილობრივ განაპირობა ის, რომ ადვილად თქვა წავედი სახლშიო. ასეთი სიტუაცია ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ შემთხვევით არ მოვიყვანე ამერიკის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება და თქვენც შემთხვევით არ მოიყვანეთ 2003 წლის მაგალითი. ის, რომ ამერიკა დღესაც რაღაცა რთულ თამაშს თამაშობს, ეს ფაქტია.
არ ვიცი რამდენად გაცნობიერებულს, შეიძლება შემთხვევითის და არ აქვს გააზრებული, რას უწყობს ხელს. ამერიკა, სწორედ, რომ ხელს უწყობს დესტაბილიზაციას მისი ამ სანქციებით. ფაქტია ისიც, რომ ეს ნაბიჯები აწყობს რუსეთს. სხვათა შორის 2003 წლესაც ის რევოლუცია, რომელზედაც მაილსი ასე „ზრუნავდა“ უპირველეს ყოვლისა რუსეთს აწყობდა, რაც გამოჩნდა კიდეც მომავალში.
გასაგებია, რომ როგორც რუსეთი, ასევე ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველოში პროცესები განვითარდეს რევოლუციური გზით, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მოვლენების რევოლუციური გზით განვითარება?
- ველოდები, რომ იქნება ამის სურვილი, ოღონდ ველოდები იმასაც, რომ შედეგი იქნება განსხვავებული რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ამჟამად ხელისუფლება უფრო მყარია, ვიდრე იყო შევარდნაძის დროს. უფრო მყარია ასეთი ზეგავლენების გამო და ამაში ლომის წვლილი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკური პარტიას და „ხალხის ძალას“, რომელმაც გააჟღერა ეს თემა, რომ დასავლეთი შეიძლება ცდილობდეს ჩვენთან სიტუაციის მინიმუმ არევას, ხელისუფლების შეცვლას, ან მეორე ფრონტის გახსნას.
როგორც ვხედავთ, ხელისუფლებამ ამ პოზიციებთან გამკლავება ჯერჯერობოთ მოახერხა. ხალხის პოზიციაც განსხვავებულია, ვიდრე 2003 წელს - მოდიოდა ახალგაზრდა პერსპექტიული და ენერგული პოლიტიკოსი ხელისუფლებაში, ასეთი იყო ხალხის აღქმაში მიშა სააკაშვილი. დღეს, ხალხის დიდი ნაწილის მეხსიერებაში სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ასოცირდება ძალადობასთან.
კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ დღეს შიგნით ხელისუფლება უფრო მყარია და ხალხი სხვანაირად არის განწყობილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მიმართ, არის ის, რომ მაშინ „რუსთავი 2“ მუშაობდა იმაზე, რომ ხალხისთვის აუტანელი ყოფილიყო შევარდნაძის ხელისუფლება, რამაც საკმაოდ შედეგიანად იმუშავა. ახლა ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს.
ლომის წილი ითამაშა იმან, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე. ამის მადლიერია საზოგადოების დიდი ნაწილი, თუმცა ხელისუფლების კრიტიკას და ბულინგს შედეგი მოაქვს და დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ კარგი ნამდვილად არ არის. მაგრამ, არჩევანი არის - ან, ასეთი ზანტი ხელისუფლება, რომელიც შეცდომებს უშვებს, ან ხელისუფლება, რომელმაც შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს. ამ არჩევანში ბევრს შეცდომების დამშვები ხელისუფლება ურჩევნია, დანაშულის დამცველ ხელისუფლებას.
არის კიდევ ერთი ფაქტი, რატომაც რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება განზე იყოს და ყველაფერი გააკეთოს ადგილობრივი ოპოზიციის ხელით. ეს არის ჩინეთი. რუსეთი თუ გამოვიდა წინა პლანზე, ჩინეთისთვის ცხადი იქნება, რომ რუსეთი აპირებს აბრეშუმის გზის გაფუჭებას, რომ კავკასიაში მოაწყოს დესტაბილიზაცია. ჩინეთი ამ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი იქნება რუსეთის მიმართ. რუსეთს ამის ეშინია და ჩინეთთან უფრო მორიდებულია, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან.
გავიხსენოთ, როდესაც რუსეთმა ყაზახეთში შეიყვანა შეიარაღებული ძალები, ჩინეთის ჩარევიდან 10 დღეში უკან გაიყვანა. აღმოსავლეთ ნაწილიდან რუსეთს ჩინეთის რიდი აქვს და ამ დროს ცდილობს ეშმაკობებით ჩაშალოს მისი აბრეშუმის გზა, რომ სატრანზიტო ხაზები გადავიდეს რუსეთზე და დაიბრუნოს მილიარდები, რაც სანქციების გამო დაკარგა.
აი, ამ ბრძოლაში თუ ამოტივტივდა რუსეთის როლი და ინტერესი, შეიძლება ჩინეთი უფრო აქტიურად ჩაერთოს. მით უმეტეს საქართველოსთვის შეპირებულია, რომ თქვენი პარტნიორი ვიქნები ნებისმიერ შემთხვევაშიო. ეს დრო შეიძლება ახლა მწიფდება, როდესაც ჩინეთის პარტნიორობას საქართველოს კეთილღეობისთვის ექნება მნიშვნელობა. ეს არის ერთი ფაქტორი, რატომაც მიმაჩნია, რომ შეიძლება დაიწყოს პროცესები, მაგრამ დასასრული იქნება სხვანაირი, ვიდრე ეს იყო 2003 წელს.