"25 სექტემბრის შეხვედრა ქართულ სინამდვილეში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა პირდაპირ ეთერში დისკუსია გამართა ოპონენტებთან. მე შეხვედრაზე მიწვეული კი ვიყავი, მაგრამ არ მივედი, რადგან სიმართლე გითხრათ, იქ ექსპერტი არ მეგულებოდა. ექსპერტი იგივე მეცნიერია და მოყვარული ექსპერტი არ არსებობს - ასე მხოლოდ საქართველოშია. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ერთი ექსპერტი იყო - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უფრო კომპეტენტურად ლაპარაკობდა ყველა საკითხზე, ვიდრე შეხვედრის მონაწილეები. მაგალითად, მან ძალიან კომპეტენტური პასუხი გასცა სერგი კაპანაძეს, რომელიც ამტკიცებდა, რუსებზე ზემოქმედების 50 ბერკეტი გვაქვსო. ეს იმას მაგონებს, ოსტაპ ბენდერმა ფულის შოვნის 50 ხერხი რომ იცოდა და მაინც უფულო იყო. თქვე მამაცხონებულებო, თუ რუსეთზე ზემოქმედების 50 ხერხი გქონდათ, რას მიკეთებდით ამ ცხრა წლის განმავლობაში?", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩემი აზრით, ეს თერაპია კი არა, ქირურგია იყო" / `ეს ხალხი ცოტა თავშეკავებული გახდება და თითოეულ სიტყვას კარგად აწონ-დაწონის".
"ალბათ, ივანიშვილი ელოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მინიმუმ ერთი წელი პრესა მისი ხელისუფლების მიმართ ლოიალური იქნებოდა. ასე არ მოხდა. ჰოდა, ივანიშვილმაც დაავალა თავის პრესსამსახურს, აბა, ერთი ამომიწერეთ, ვინ რითია უკმაყოფილოო. ფორმატი იყო ძალიან საინტერესო. სხვათა შორის, საქართველოს სამივე პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი და სამ პრეზიდენტს სამი რჩევა არ უკითხავს ჩემთვის. 25 სექტემბრის შეხვედრა კი ქართულ სინამდვილეში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყნის პირველმა პირმა პირდაპირ ეთერში დისკუსია გამართა ოპონენტებთან. ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ შექმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც ოპონენტები კამათისას ყველაფერს უბედავენ. შეხვედრის ზოგიერთი მონაწილე დაუკრეფავშიც გადადიოდა და კარგად გამოჩნდა, რომ მათ ივანიშვილს სიტყვა შეაჩვიეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდია. ძალიან კარგი იქნება, თუ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ოღონდ სჯობს, ივანიშვილი დარგობრივ ექსპერტებს შეხვდეს ხოლმე. შეხვედრის მონაწილე ექსპერტთა ნახევარი მაინც, თავის დროზე, ივანიშვილის გუნდში იყო, კოლოსალურ ხელფასებს უხდიდა და შემდეგ თავადვე ამხილა უვიცობაში... დარწმუნებული ვარ, ამასაც ეტყოდნენ, რას "აბანძებდი" შენივე ექსპერტებსო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"თითის დაქნევა და ამას როგორ მიბედავო - 25 სექტემბრის შეხვედრაზე მე ვერ დავინახე. ეს იყო გულწრფელი, ადამიანური, ზოგჯერ ემოციური კამათი. სხვათა შორის, შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი ივანიშვილის ფრაზამ გააღიზიანა, შენ ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ხარო. მათ სურდათ, საზოგადოებას კვლავ პრემიერის მარჯვენა ხელად აღექვა. შეხვედრის ზოგიერთი მონაწილე კი ჩუმად იყო, ჩვენც არ მოგვდგესო. შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ საქართველოში არც იმდენი ექსპერტი ყოფილა, როგორც ბევრს ეგონა. ექსპერტს, სულ მცირე, რამდენიმე წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს დაწერილი და თავის თითოეულ არგუმენტს უნდა ასაბუთებდეს", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "ნუღარ ვიკამათებთ იმაზე, ვინ ექსპერტია და ვინ არა. უბრალოდ, გეკითხებით: სწორი იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისგან ასეთი სტილით იმ პირებთან საუბარი, რომელთა ინტერვიუები მედიასაშუალებებში ხშირად იბეჭდება და მათი აზრი საინტერესოა საზოგადოებისთვის თუ ჟურნალისტებისთვის?" - პასუხობს:
"ცალსახა პასუხი, ალბათ, არ არსებობს. ჩემი აზრით, ეს თერაპია კი არა, ქირურგია იყო. შესაძლოა, შეხვედრის ფორმა მწვავე იყო და მონაწილეების რეპუტაციას ცოტა მოფრთხილება სჭირდებოდა. ეს ცუდია. კარგი კი ის არის, რომ ეს ხალხი ცოტა თავშეკავებული გახდება და თითოეულ სიტყვას კარგად აწონ-დაწონის. ივანიშვილი აბსოლუტურად მართალი იყო, როცა უთხრა, საკუთარ რეპუტაციას მაინც გაუფრთხილდითო. ასე რომ, ასეთ ქირურგიულ ჩარევას მივესალმები. აშშ-ში, საფრანგეთში თუ დასავლეთის სხვა ქვეყნებში წარმოუდგენელია, პრეზიდენტმა ან პრემიერმა დაიბაროს ექსპერტები და ჩამოუთვალოს: შენ ჩემზე ეს დაგიწერია, შენ კიდევ ისო. საქართველოში კი, სადაც ყველაფერი ახლა იდგამს ფეხს, 25 სექტემბრის შეხვედრა საჭირო იყო. სხვათა შორის, ივანიშვილი შეხვედრისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რა შეცდომები დაუშვა კადრების შერჩევისას. ის ექსპერტები, რომლებიც მან მიწასთან გაასწორა, ხომ თავად შეარჩია თავის დროზე თავისივე გუნდისთვის და ზღაპრული ხელფასები დაუნიშნა?! ივანიშვილი ნურავის საყვედურობს, ამ ექსპერტებს მან გამოუცხადა ნდობა. ჯობდა, სანამ მათ მთავრობაში წაიყვანდა ან მრჩევლებად დანიშნავდა, ივანიშვილს მათი ციტატებიც ამოეწერა და გულდასმით გასცნობოდა. თუმცა არჩევნებამდე, ალბათ, ასეთი ლოგიკა იყო: ესა და ეს ექსპერტი სააკაშვილს მკვდარს და ცოცხალს აგინებს, ე. ი. გამომადგებაო..."
"შეხვედრაზე არ იყვნენ ექსპერტები, იქ იყო მხოლოდ ერთი ექსპერტი - ბიძინა ივანიშვილი და კიდევ ერთი-ორი, ვისაც თავისი სფერო ესმის (კახი კახიშვილი, ალიკა რონდელი), დანარჩენები იყვნენ დილეტანტები... ახლა რატომ უკვირს ბიძინა ივანიშვილს იმ ადამიანებისგან კრიტიკა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ხელფასებს უხდიდა, როგორც გენიოსებს? მერე ნახა რომ ისინი გენიოსები არ ყოფილან, უცებ "კარმუშკა" გადაუკეტა და ამიტომაც არიან გაღიზიანებულები. ივანიშვილი მოვიდა, ვიღაცებმა უთხრეს "პეტრე ჭკვიანიაო" და ამანაც დაიჯერა, მაგრამ ახლა დაუმტკიცა, რომ არც ერთი არ არის ექსპერტი. საქართველოში არსებობენ ექსპერტები, რომლებიც იქით არავის ეტენებიან", - აცხადებს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: "ძალიან კარგი რაღაცა მოხდა, ბიძინა ივანიშვილმა უცებ "გააისნა", ვინ რაც წარმოადგენს"
"ძალიან კარგი რაღაცა მოხდა, ბიძინა ივანიშვილმა უცებ "გააისნა", ვინ რაც წარმოადგენს. მან ვერც ერთ შენიშვნაზე დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო. მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ექსპერტებისთვის სათითაოდ გადაეჭირა ზურგზე ერთი გრძელი სახრე, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა, უბრალოდ რიგში ჩააყენა და თქვა: ეს მამუკა არეშიძე ბევრს რომ ლაპარაკობს, აქედან დავიწყებ, ვაჟა ბერიძე მოემზადოს, ხოლო დანარჩენებმა "კასკები" დაიხურონო. არეშიძეს პასუხი მოსთხოვა - შენ რა ჭორებს მიგორებ, ვითომ მე იმიტომ მივდივარ პოლიტიკიდან, რომ მეშინიაო?", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.