კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ქვეყნის შიგნით მოვლენების შესაძლოა განთვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს გარკვეული გეგმა და სცენარი, როგორ შეცვალოს საქართველოს ხელისუფლება, რაშიც მას აქტიურად მესამე ძალა ეხმარება. არეშიძის თქმით, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომ რეგიონში სიტუაცია აფეთქდეს. მისი აზრით, ყარაბაღის მესამედ დაწყებული ომიც, რომელმაც სულ ერთ დღეს გასტანა, ამ სცენარის ნაწილია და ისიც, რომ თითქოს სომხეთმა ყარაბაღი დათმო. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც მზადდება გარკვეული სცენარი, თუმცა ეს აუცილებელი არ არის პირდაპირ იარაღის გამოყენებას გულისხმობდეს. სწორედ ამაზე საუბრობდა სუს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუკი საჭირო იქნება, პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენონ. იგივე გაიმეორა მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციას რევოლუციური გეგმა წამოსცდა და სწორედ ამაზე საუბრობდა სუს რამდენიმე დღის წინ. როგორ ფიქრობთ, რა სცენარს ამუშავებს ოპოზიცია?
- რაც თავი მახსოვს და რაც ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციის ცნება გაჩნდა, ყოველთვის იმაზეა ეს ხალხი ორიენტირებული, რომ როგორმე ხელისუფლება შეცვალონ - მასიური აქციების ორგანიზება და შემდეგ ხელისუფლების შეცვლა. აქ ფორმებშია განსხვავება, რადგან თავის დროზე, ჩვენი პროტესტის მიზანი ცვლილებების დაწყება იყო. თუმცა არის ასევე მეორე ვარიანტი, როცა ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია. ჩვენ ასევე ყველამ კარაგდ ვიცით, რომ ოპოზიციის უკან ყოველთვის დგას მესამე ძალა, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას. ეს ხან რუსეთი იყო და ხან დასავლეთი. დღევანდელი მოცემულობით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის უკან უკვე მესამე ძალაა ჩართული. მე იარაღით რევოლუციის დაწყების მაინც და მაინც არ მჯერა, მაგრამ სიტუაციის პროვოცირებისთვის გარკვეული ჯგუფები ნამდვილად არის შექმნილი. მაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტიპის ჯგუფები ამ საქმისთვის ემზადებიან და მათ მიზანს ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს. მე არ ვამბობ იარაღი იქნება გამოყენებული, თუმცა სიტუაციის პროვოცირების მოლოდინი მაქვს.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ჯგუფები სწორედ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას ელოდებიან. ასევე პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში ქართველი ახალგაზრდების ჯგუფის მომზადებაც ხდება იმისთვის, რომ აქციების და დაპირისპირების დროს იცოდნენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ამ ჯგუფების ხელმძღვანელად სახელდება უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი. რა სახის სცენარზე საუბრობს სუს?
- არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები აქ დაბრუნებას და რაღაცას აპირებენ. იქ მებრძოლი ქართველების უმრავლესობა სულ სხვა მიზნით იმყოფება და ნამდვილად ძალიან ბევრი ღირსეული მებრძოლია, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებიან. თუმცა, იქ არის გარკვეული ჯგუფი, რომელთაც პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ. ეს ჩანს კიდევაც სოციალურ ქსელებში. ისინი ამ მუქარას ღიად, ვიდეოების სახითაც ავრცელებენ. აქ კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი. რაც შეეხება პოლონეთში არსებულ ბანაკებს, ეს არ ვიცი. ვიცი, რომ ქალაქ ლვოვთან არის რაღაცა ბანაკი მოწყობილი და იქ 20-მდე ქართველი ახალგაზრდა წვრთნას გადის. ეს ახალგაზრდები იქ საბრძოლველად არ არიან ჩასულები. ისინი სწორედ მსგავს სიტუაციებში რასაც აქციების მოწყობა და ა.შ ჰქვია, ამ გამოცდილების მისაღებად იმყოფებიან. ასწავლიან როგორ უნდა მართონ მასობრვი აქციები.
უკრაინა ამ სიტუაციაში რა ფორმით არის ჩართული? მუდმივად გვესმის ხელისუფლების მხრიდან, რომ უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებას, რათა ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, საქართველოში ჰყავდეთ მოკავშირე, რომელიც მეორე ფრონტს გახსნის. რამდენად რელურია ხელისუფების ეს განცხადება?
- ხელისუფლებამ რომ არ თქვას, ფაქტია, რომ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი სიტუაციის პროვოცირებას ცდილობს და ეს ღიად მათი განცხადებებიდანაც კარგად ჩანს, ვგულისხმობ არახამიას, პოდოლიაკს და სხვებს. უკრაინელი ჩინოვნიკების ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი ნამდვილად გულშემატკივრობს ჩვენს ოპოზიციას და ეს ნათელია. რაც შეეხება მეორე ფრონტის გახსნას, აქ არის ელემენტარული ლოგიკა, რომლის დანახვაც ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს არ სურს. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში სურდათ, რომ რუსებს რაც შეიძლება მეტი ფრონტი ჰქონოდათ გახსნილი. ყარაბაღის მოვლენები თუ გვგონია, რომ ერთ დღეში დასრულდა, დიდი შეცდომაა.
სომხებს ერთ დღეში უარი არაფერზე უთქვამთ. ეს იყო პოლიტიკური თამაშის ნაწილი, სადაც დიდი მოთამაშეების ინტერესები ერთდროულად დაემთხვა. თუმცა ყარაბაღის ომი არ დასრულებულა. ამიტომ რეგიონის აფეთქება, გეოპოლიტიკურ ლოგიკაში შედის. ეს არის რუსეთისთვის პრობლემების შექმნა. გარდა ამისა, გასული წლის გაზაფხულზე, თავად რუსებსაც აწყობდათ, რომ პროვოცირება მოეხდინათ საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში და ყაზახეთში. დაწყებულიყო არეულობა, რათა ეს ყველა პრობლემა ერთდროულად მოემთავრებინათ. ჩვენთვის ეს კარგად იყო ცნობილი, ვინ იყო ამ იდეის ავტორი რუსეთშიც და დასავლეთშიც. 4 მარტს მე თავად ვმონაწილეობდი შეხვედრაში, სადაც მოისინჯა ნიადაგი იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა. მეტის თქმა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია.
ამერიკის მიერ ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებულ სანქციაზე მინდა გკითხოთ. ოპოზიცია ამბობს, რომ ფარცხალაძე არის დასაწყისი და შესაძლოა, ამ სანქციების სიაში ქართველი პოლიტიკოსებიც ვიხილოთ. ამასთანავე ხელისფლება ითხოვს მტკიცებულებებს, რის გამო მოხდა მისი დასანქცირება. ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკაში მყოფ ღარიბაშვილს ამ მტკიცებულებებს უკვე გააცნობდნენ. თქვენი მოსაზრება როგორია, რატომ შეირჩა ფარცხალაძე და ამით ხელისუფლებას რა სახის შეტყობინება გამოუგზავნეს?
- არაფერია გამორიცხული, შესაძლოა, სია გაიზარდოს. თუმცა ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიციას ვეთანხმები. როცა ასეთ ბრალდებას აყენებ, აუცილებლად მტკიცებულებები უნდა წარმოადგინო. ის, რომ ფარცხალაძე ჩემთვის არასიმპათიური ფიგურაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესები ფარცხალაძის თემას შეეწიროს, გინდა ერთი მხრიდან და გინდა მეორე მხრიდან. აუცილებელია მტკიცებულებები. ის, რომ ფარცხალაძეს რუსეთთან კავშირი აქვს, არაფერს ნიშნავს, რადგან მე შემიძლია არა ერთი ოპოზიციური ლიდერი დავასახელო, რომელებსაც რუსეთთან კავშირი დღემდე აქვთ. ოპოზიციის ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, საშუალო ბიზნესიც ვერ გექნება, თუ იქაურ სპეცსამსახურებთან არ ხარ კავშირში. სულ მცირე, ერთი მსხვილი ოპოზიციონერი შემიძლია დავასახელო, რომელსაც სერიოზული ბიზნესი აქვს რუსეთში. მგონია, ფარცხალაძის შემთხვევაში ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი ჟესტია, რომ ჩვენ ბევრი რამე ვიცით და არ ვამბობთ. ან მეორე, ჩვენ გვჭირდება ასეთი დემარში. შესაძლოა, არაფერი გვაქს, მაგრამ ამ კაცის ბიოგრაფიის მეშვეობით დისკომფორტს შეგიქმნით. თავისთავად, ეს ქვეყანას ძალიან აზიანებს. თორემ, ასე, საქართველოში იმდენი აგენტია და არა მარტო რუსეთის.
ავოე!