ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე აღარ არის. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება.
როგორც ცნობილია, აშშ-მა სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს. ისევე, როგორც ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემთხვევაში, ვაშინგტონმა არც ფარცხალაძის შემთხვევაში წარმოადგინა მტკიცებულება, რის საფუძველზე უწესებენ სანქციებს და უწოდებენ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, რომელსაც იგივე ვაშინგტონის მტკიცებით, რუსეთის ФСБ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა. სანქციების პარალელურად, ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა.
იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საჭიროდ არ თვლის, წარმოადგინოს მტკიცებულება, „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მოითხოვს ფარცხალაძის დაკავებას.
„მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას - რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული? სუს და ყველა სამართალდამცავი ორგანო, რომელიც არ აკავებს რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს. კითხვას ვუსვამ „ქართულ ოცნებას“, სუს-საც და ყველა უწყებას, რატომ არ ახდენთ ფარცხალაძის დაკავებას?
ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს - უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას. მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე და ამერიკელი პარტნიორებისგან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის ინტერესები.
„ჩვენი რადიკალი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვავალდებულებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დავიცვათ. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი. გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ გამოძიებას რომ რაიმე ხელმოსაკიდი ჰქონდეს, მაშინ დღეს, ალბათ, სხვა ზომები იქნებოდა კანონის ფარგლებში მიღებული,“ - აცხადებს გივი მიქანაძე.
რას იტყვის გამოძიება და მიაწვდის თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ მხარეს მტკიცებულებას ფარცხალაძის აგენტობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ჭიჭე ვაშაძე შეურაცხადად მიაჩნია, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება.
„რა უნდა დაადგინოს სუს-მა? სუს-ის ხელში უნდა ჩავარდეს რუსულ ენაზე შესრულებული ოთარ ფარცხალაძის ფეესბესთან თანამშრომლობის შესახებ დამადასტურებელი ხელწერილი - მე, ოთარ ფარცხალაძე ნებაყოფლობით ვთანამშრომლობ ფეესბესთან და შემდგომი ოპერატიული კონტაქტის მიზნით, ვირჩევ მეტსახელს? აი, ეს დოკუმენტი უნდა მოიძიოს სუს-მა?“, - ამბობს ქართველიშვილი.
მაგრამ, თუ სახელმწიფო დეპარტამენტს ოთარ ფარცხალაძის ფეესბესთან თანამშრომლობის შესახებ ხელწერილის დედანი, ან ასლი უჭირავს ხელში, ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, სასწრაფოთ გადმოსცეს ეს დოკუმენტი სუს-ს, რომელიც ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, მისი ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, უკვე შეძლებს გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას.
„ჩვენ სანქციების ქვეშ არ გვყავს ლიანკა ხოშტარია, რომელსაც საკამოდ საინტერესო ბეგრაუნდი აქვს. რუსეთის საგარეო დაზვერვის ეგიდით ხუთწლიანი სწავლება მოსკოვში და ყოველთვიურად მისი ოჯახის წევრებისთვის რუსეთიდან ტრანზაქციები, საბანკო ანგარიშების ასლები, ირიბ შესაძლებლობას მაინც გვაძლევს, რომ ლიანკა ხოშტარიას ვუწოდოთ რუსეთის საგარეო დაზვერვის გავლენის აგენტი საქართველოში. ოთარ ფარცხალაძის მიმართ მსგავსი რამ მოგვაწოდონ, გვანახონ. ამას ველოდებით ჩვენ და მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც თავისი ბოლო რეგულაციით, ეს ნორმა შემოიტანა თავის საქმიანობაში.
ნებისმიერი სანქციის ქვეშ აყვანილ საქართველოს მოქალაქეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო მოწოდებული მტკიცებულებათა ბაზაზე დაყრდნობით თუ გამოუტანს გამამტყუნებელ განაჩენს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ დაწესდება შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაცის ნათქვამზე, შეურაცხადი პოლიტიკოსებისა და შეურაცხადი ჭიჭე ვაშაძისნაირი ადამიანების ნათქვამებზე არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლება არ იქნება შელახული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძის დაკავების საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას სურს, რომ მშვიდობიანი გზით განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები, საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაფასდეს რამდენიმე კანონის კანონზომიერება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან შესაბამისობაში.
„დამერწმუნეთ, ისინი ვინც დღეს სადაზვერვო პროპაგანდით ბოტასზე საუბრობენ, საერთოდ სასაუბრო აღარ ექნებათ იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა მონაწილეობდა სახელმწიფოს ინტერესების საზიანო საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს არის ღია ოფიციალური განცხადება, როდესაც მე ვაცხადებ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან, გენერალურ პროკურატურასთან, სუს-თან, რომ გავიაროთ რამდენიმე კანონი, რომელზედაც პირდად მაქვს ნამუშევარი და იქ უკვე ვნახოთ, ვინ რისი ქურდია, ვინ რა მოპარა სახელმწიფოს და ვინ გამოაცალა მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომ მისი მდგრადობა ცოტა უსაფრთხო ყოფილიყო“, - აცხადებს კუხალაშვილი.
როგორც ექსპერტი აცხადებს, დღეს, ქვეყნის უბედურება სწორედ ამაშია, რომ 2012 წლიდან 2023 წლის დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გლობალური დანაშაულებების ირგვლივ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემა.
„ყველა ის პირი, ვინც სასჯელი მოიხადა, იყო ზღვაში წვეთი და ეს არ იყო ის, რაზედაც მათ რეალურად სასჯელი უნდა მოეხადათ. ხომ არაა ეს ყველაფერი დაკავშირებული გარკვეულ ფარულ გარიგებებთან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ე.წ. დენად რევოლუციას, როდესაც ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანერგილი არის ხელისუფლების ყველა შტოში და ხომ არაა ეს ყველაფერი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების დანიშნულება, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ იერარქიის აწყობას“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.