პრეზიდენტის უარის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე, პრეზიდენტის მიერვე წარდგენილი კანდიდატები, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ხმათა უმრავლესობით, აირჩია, რასაც პარლამენტში კამათი მოჰყვა. გადაწყვეტილება პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ყეინიშვილისა და ხომერიკის წარდგენაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა. გადაწყვეტილების უკან მმართველმა გუნდმა საბოტაჟის ნიშნები დაინახა.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ემსახუროს ქართველ ხალხს და არა ვიღაც-ვიღაცებს, ვისაც ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა.
მმართველი გუნდის კრიტიკას არ იზიარებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე და აცხადებს, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და კონსტიტუციას თუ ვინმე არღვევს, ეს არის უმრავლესობა, რომელიც მისივე თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობაში პირდაპირ თუ ირიბად ერევა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის მხარდაჭერაზე უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო სერიოზული რისკი, რომ შეიძლებოდა, ოპოზიციას რაღაც ახალი აჟიოტაჟისთვის გამოეყენებინა ეს პროცედურა და რეალურად ვერ შედგებოდა იმ შინაარსის საკომიტეტო მოსმენა, რა შინაარსიც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. ამის გამო კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა და საგანგებოდ შეიკრიბნენ ამ თემასთან დაკავშირებით და მიიღეს გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევის თაობაზე.
„პირდაპირ ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ, ალბათ, გაიწვევდა. შემდეგ დილით კომიტეტზე მოვიდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო, მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი.
აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესებში, თავადაც ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ - რადიკალურ ოპოზიციას თავისი სალომე ზურაბიშვილით - მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონსტიტუციური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი. მათი გათვლაა, რომ წლის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელდბდა ეფექტიან საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს, რა არის მიზანი.
მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ კანდიდატებს პრეზიდენტთან და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი. ეს არის უკიდურესად უღირსი ქმედება, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს, კანდიდატებს ხომ ენდობოდა, მათ მიმართ არ აქვს კითხვები, მაგრამ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - საბოტაჟი ეროვნული ბანკის, ანუ ეროვნული ბანკი უნდა გამხდარიყო არაქმედუნარიანი. არ შეიძლება, დახვიდე სალომე სამადაშვილამდე და არ მინდა, სხვების გვარები ჩამოვთვალო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა - საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება და ეს ნიშნავს, რომ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, რომელიც მათივე მტკიცებით საქართველოს მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის სტატუსის მიღების შესაძლებლობასაც, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.
„ეს ნიშნავს სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო, არ გაუქმდება, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ, რაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც გვითხრა, რომ სანქციებს ვინც არ ემორჩილება, ქმნის საფრთხეს, რომ გახდეს სანქციების სამიზნე. რაც შეეხება კანდიდატებს, ხომერიკზე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან პროფესიულ წრეებში მას, როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია.
რაც შეეხება ყეინიშვილს, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება, ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ, როგორ შეიძლებოდა ამ პოსტზე მსგავსი პიროვნების დასახელება. თუმცა, გასაგებია, „რუსულმა ოცნებამ“ რატომ დაამტკიცა სიხარულით ეს ქალბატონი, რადგან გარდა საეჭვო ფინანსური გარიგებებისა, მისი ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში, ასე რომ, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან ლოგიკურია“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ ეს არის მორიგი შეტევა ჩვენს ქვეყანაზე, რადგან ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა აგენოკრატების მარიონეტად, რომელიც თავის წილ დისტრუქციულ საქმეს ასრულებს იმ კომპლექსურ გეგმაში, რასაც ჰქვია საქართველოს აყირავება, ხელისუფლების ჩამოშლა და ქვეყნის გადატრიალება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, იყო პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი სუსტი წერტილი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში იყო პრეზიდენტის უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც გავსებული იყო საბოტაჟნიკებით, ნაცებით და სექტანტებით.
„მაშინაც სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად წელავდა ელჩების წარდგინებისა და დამტკიცების პროცესს. მაგრამ როდესაც პირველ ჯერზე დაემუქრნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლაში შეიტანდნენ სარჩელს, იმიტომ, რომ მისი ქმედება გამოსული იყო კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მასზე ამან იმოქმედა და ის იძულებული გახდა, მთელ რიგ ქვეყნებში დათანხმებოდა ჩვენი ელჩების წარდგინების პროცესს.
შემდეგი პროცესი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხში, სადაც ასევე აგენტოკრატების ჩარევით, მას უნდა მაქსიმალურად შეეყვანა ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც უშუალო შეხება ექნებოდათ აიტი საქმიანობასთან, რადგან მომავალი არჩევნები 90%-ით ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგებთან და კომპიუტერულ აიტი-ტექნილოგიებთან. ამერიკელებს ძალიან უნდოდათ სალომე ზუბარიშვილის ხელით ამ სფეროში რაც შეიძლება მეტი თავისი სპეციალისტები შეეყვანათ“, - აცხადებს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის განცხადებით, ახლა დღის წესრიგში დადგა კიდევ ერთი ინსტიტუციის ჩამოშლის საკითხი, როდესაც ე.წ. ფარცხალაძის ქეისის ირგვლივ, ფაქტობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩამოშლის დრო დაუდგათ აგენტოკრატებს, რომლებიც ცდილობენ საშემოდგომო არეულობის წინ გამოიყენონ სიტუაცია, მათ შორის რაღაცა ფეიკმოლოდინების შექმნით, რომ საქართველოს ხელისუფლების არამართებული ქმედების გამო, შესაძლოა, რიგით მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები საკუთარ საბანკო ანგარიშებთან წვდომისა და საკრედიტო ბარათების გამოყენების კუთხით.
„ასე თუ ისე, ჩამოიშლებოდა მყარი სავალუტო ბალანსი, ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ განახორციელონ, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი დასტაბილურდება. ზურაბიშვილის მორიგმა საბოტაჟმა და ახირებამ აგენტოკრატების დავალების შესრულების მცდელობამ დაასუფთავა ეროვნული ბანკი, საბოტაჟის უშუალო მონაწილეები და პოტენციური მოქმედი პირები გაიყვანა იქიდან და ეს ინსტიტუციაც დაუბრუნდება თავის სტაბილურ საქმიანობას. ვაკვირდებით რა მიმართებით გადაწყვეტს მოქმედი პრეზიდენტი კონსტიტუციასთან, საქართველოს საზოგადოებასთან და ქვეყანასთან ამ სახიფათო თამაშებს, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი ეს თამაშები აუცილებლად მარცხით დასრულდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.