ვისთან და რა ფარული გარიგება არსებობს ჰუდონჰესის მშენებლობაზე

ვისთან და რა ფარული გარიგება არსებობს ჰუდონჰესის მშენებლობაზე

ხუდონის ჰიდროელექტროსადგური ის ერთ-ერთი კომპლექსური მშენებლობათაგანია, რომელსაც საფუძველი 1976 წელს, ანუ საბჭოთა კავშირის დროს ჩაეყარა და რომელიც მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის დიდი წინააღმდეგობის შედეგად შეჩერდა. ამ თემით შემდგომ ათწლეულშიც მანიპულირებდნენ. სპეციალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები დღემდე დავობენ, გამოიწვევს თუ არა ჰესის მშენებლობა ადგილობრივ კლიმატზე ზემოქმედებას და, საერთოდ, გვჭირდება თუ არა გიგანტური ჰესები? 2012 წლის 27 ივლისს, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: “თუ ხალხის და სახლების განადგურების ხარჯზე წამოვიდა, ეგეთი ენერგეტიკა არაფერში გვჭირდება”. დღეს კი, პრემიერი სვანებს მოუწოდებს: ,,არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც მხოლოდ ხმაურობენ და ხმაურის მეტი არაფერი შეუძლიათ”. პარალელურად, ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში სვანები ფიცს დებენ, რომ არავის მისცემენ მათი კუთხის განადგურების უფლებას... ამბობენ, რომ ხატზე მასობრივი დაფიცების პრეცედენტი სვანეთში დიდი ხანია, არ ყოფილა... 19 სექტემბერს, ,,ქორთიარდ მერიოტში” გამართულ შეხვედრაზე, ხელისუფლებამ გიგანტური ჰესების აშენების გამზადებული გადაწყვეტილება წარუდგინა საზოგადოებას... ,,ქართული სიტყვა” პარტია ,,საქართველოს გზის” ლიდერ თემურ მურვანიძეს ესაუბრა, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

 

- ხუდონჰესის პროექტის განხილვა ოცდაათი წელია, მიმდინარეობს. ბატონო თემურ, მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც გიგანტური ჰესების მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება...   

- 2011 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბატონი ბიძინა სვანეთში  იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საქართველოში გიგანტური ჰესები არ აშენდებოდა. იგივე პოზიცია ჰქონდა ,,ქართულ ოცნებას”, როცა თემატური ჯგუფები შექმნა. პარტია ,,საქართველოს გზა”, არასამთავრობოებთან, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვიბრძოდით არა ხუდონჰესის, არამედ, გიგანტური ჰესების აშენების წინააღმდეგ და ,,ნაცმოძრაობას” ვთავაზობდით, დაფინანსებულიყო საშუალო და მცირე ზომის ჰესების მშენებლობა.

- მაინც, რა ზიანს მოუტანს ქვეყანას ხუდონჰესი?

- ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, სვანეთის 4000 კვადრატული მეტრი მიწა წყლით დაიფარება - ლაპარაკია ცამეტ მილიარდ კუბომეტრიან წყალსაცავზე. მთელ რეგიონში მოიმატებს ტენიანობა. უვარგისი გახდება და ხრიოკად იქცევა იქაურობა, დასავლეთ საქართველოს კი, ღვარცოფები ჩარეცხავს... ხომ არ შეიძლება, ყველაფერს ფულის შოვნის თვალით ვუყუროთ? 5-10 წლის მერე, ამ პრობლემებს ჩვენი შვილები ვეღარ გაუმკლავდებიან... საქმე მხოლოდ სვანეთის დატბორვაში არაა, გაიჩეხება ენდემური ჯიშის ტყის მასივები, რომლებიც ისეთ მიკროკლიმატს ქმნიან, რომლის ანალოგიც დედამიწაზე ზომიერი სარტყლის ქვეყნებში აღარსადაა... ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სენი”-ს წარმომადგენლებმა სიღრმისეული დასკვნა არ წარმოადგინეს და იმაზე ისაუბრეს, თუ რა ზიანს მიაყენებს ხუდონჰესი სვანეთის ნაგებობებს. კონტრაქტორები ცდილობდნენ, მოსახლეობა და ჟურნალისტები შეცდომაში შეეყვანათ... ოცდახუთი წელია, ხუდონჰესის აშენება-არაშენებაზე მიდის ბრძოლა და საზოგადოებაც მეტნაკლებად ინფორმირებულია. ამიტომ, გადაწყვეტილებას ასე ადვილად ვეღარ ,,გააპრავებენ”. სხვათა შორის, ჰესის აშენებას იმავე რეკომენდაციებით “შეიარაღებული” იგივე კომპანიები და ექსპერტები გვთავაზობენ, ვისაც თავის დროზე ,,ნაცმოძრაობა” ეყრდნობოდა.

საერთოდ, ითვლება, რომ 110 მეგავატის ზემოთ ჰესი გიგანტურია, ხუდონი კი 702 მეგავატის, ანუ შვიდჯერ მეტი სიმძლავრის იქნება. როცა ,,ქართული ოცნება” ხალხს ჰპირდებოდა, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობას არ დაუშვებდა, მხოლოდ ხუდონს არ გულისხმობდა. Mმდინარე აჭარისწყალზე მთელი კასკადი - თერთმეტი ჰესი შენდება, რომელიც მთლიანად შეცვლის კლიმატს...

- საქართველოს მხრიდან ხელი რამე ფარულ გარიგებაზე ხომ არაა მოწერილი, რომ ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს?

- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, სააკაშვილის მმართველობის დროს  ყველაფერს ,,გრიფით  საიდუმლო” ედო... პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მშენებლობის მცირე და საშუალო ზომის ჰესებად გადაკეთება, რომლებითაც ადგილობრივი მოთხოვნები სრულიად დაკმაყოფილდება.

- მაინც, რა სარგებელი ექნება საქართველოს ჰესის აშენების შემთხვევაში? Q

- ქვეყანას რომ ელექტროენერგია სჭირდება, ჩვენ ვიცით, მაგრამ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოხმარდება საქართველოს, დანარჩენი 95 პროცენტი კი, რუსული ხაზებით, თურქეთში წავა და, სურვილის შემთხვევაში, შეგვეძლება, თურქეთისგან კომერციულ ფასად შევიძინოთ. კომუნისტების დროს სვანეთში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს და ძალიან საინტერესო მასალებს მიაკვლიეს, რაც ბოლომდე გამოკვლეული არაა. ამ ადგილებთან წინაპართა საფლავები, გენეტიკური მეხსიერება, მე-12 საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის ეკლესია ასოცირდება. რატომ უნდა დაინგრეს  ეს ყველაფერი, როცა არსებობს სხვა ალტერნატივა? თუკი ჩვენ შეგვიძლია იმავე ფასად შევიძინოთ ელექტროენერგია მეზობელი ქვეყნებიდან, რატომ უნდა დავტბოროთ სვანეთი და საფრთხის წინაშე დავაყენოთ ქვეყნის გარემო? ხუთპროცენტიანი სარგებლისთვის, რომელსაც ოცი წლის შემდეგ მივიღებთ, ქვეყანა გავწიროთ?

- რატომ მხოლოდ 5-პროცენტიანი სარგებელი?

- გარიგება ასეთი პირობით მოხდა. ამ გარიგებაში კიდევ ბევრი სხვა რამაა არათანაბარი. მაგალითად, ინდურმა კომპანია ,,ტრანს ელექტრიკა”-მ სვანეთში მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ერთ დოლარად შეიძინა. ამ ამბის გასაჯაროებისა და საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, მიწის გაყიდვა შეჩერდა...

სხვათა შორის, ხუდონჰესის მშენებლობის პირველი სამუშაოები კომუნისტების დროს დაიწყო, მაგრამ მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ მშენებლობის გაგრძელებას ხელი შეუშალა. ისე, მოსკოვსაც აღარ აწყობდა ასეთ ძვირადღირებულ მშენებლობაში ფინანსების ჩადება, რადგან საბჭოთა კავშირი ინგრეოდა. 90-იან წლებში საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, მაგრამ რუსეთზე იყო ენერგოდამოკიდებული. ჰესის აშენების შემთხვევაში, ეს დამოკიდებულება საჭირო აღარ იქნებოდა, რაც რუსეთს საქართველოს მართვაში ხელს შეუშლიდა... სააკაშვილმა იმაზე მეტის გაკეთება მოინდომა, რასაც კომუნისტები აკეთებდნენ - ანტიეროვნული ნაბიჯი გადადგა და 2007 წელს იდეის რეამინირება მოახდინა. დღეს ენერგეტიკის სამინისტრო იმავე კომპანიებს ეყრდნობა, რომლებთანაც ადრე იყვნენ გარიგებულნი. ჩემი აზრით, შესასწავლია საკითხი, ვის რა ინტერესი აქვს ამ პროექტში. თურქეთი საკუთარ ტერიტორიას არ დატბორავს და ისე შეიტანს ენერგიას ქვეყანაში. რუსეთიც კმაყოფილი იქნება, რადგან თურქეთში ენერგია რუსეთის კუთვნილებაში მყოფი ხაზებით უნდა გადაიგზავნოს და ამით დიდ ფულს გააკეთებს. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველა საკვანძო ენერგეტიკული ობიექტი რუსული კომპანიების მფლობელობაშია. ჩვენს ხარჯზე ხეირობს რუსეთი და თურქეთი. სწორი მენეჯმენტის პირობებში, საქართველოს შეეძლო გამტარი ხაზების “აშენება” და ზემოხსენებული ხუთპროცენტიანი მოგება ჰესის გარეშეც დაგვრჩებოდა.

 - რამდენად კომპეტენტურნი არიან ის მშენებელი კომპანიები, რომლებსაც პროექტი ანდეს?

- საჭიროდ არც ამის გარკვევას თვლიან. ცივილიზებულ სამყაროში მცირემიწიანი ქვეყანა, რომლისთვისაც თითო გოჯი მიწა ფასეულია, გიგანტურ  ჰესებს და კაშხლებს არ აშენებს.

- პროექტის მომხრეები ამბობენ, ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგია არ გვყოფნისო...

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ენერგია გვყოფნის,  მაგრამ ეკონომიკის განვითარებისთვის მზარდი ენერგორესურსებია საჭირო. საქართველოში ბევრი ენერგიის მიღება პატარა ჰესებით, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებითაც შეიძლება. ნინო ჩხობაძის ორგანიზაციას კარგი პროექტი ჰქონდა, რომელშიც  ჩვენც ვიყავით ჩართულნი. იდეა უცხოელმა ექსპერტებმაც რენტაბელურად ჩათვალეს. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველო თერმული წყლებით მდიდარია. ამ მხრივ წამყვანია საფრანგეთი, მაგრამ ტექნიკური მონაცემებით, სამეგრელოს წყლები 2-3 ჯერ უკეთესია, ვიდრე - საფრანგეთის. წარმოიდგინეთ, ცხელი წყალი სახლში, სათბურში. დასავლეთ ევროპაში აპრობირებულია სქემები და ტექნოლოგიები - სოფლებსა და რეგიონებს შეუძლიათ, შეიძინონ გამზადებული დანადგარები და ენერგიის საფასური საერთოდ არ გადაიხადონ. ეს კი არადა, მცირე სიმძლავრის ჰესებიდან მოპოვებული ენერგორესურსები შეგვეძლება, შემოსავლის წყაროდაც გადავაქციოთ.

- ამ ტექნოლოგიებს რატომ არ ნერგავენ?

- ბევრი მიზეზია: ეზარებათ, პროფესიონალები არ ჰყავთ, ძველ კადრებს კი კორუფციული ინტერესები ამოძრავებთ. გიგანტური ჰესების აშენების შემთხვევაში, ასობით მილიონობით დოლარის შოვნა შეიძლება.

- ხუდონჰესის პრობლემაში მხოლოდ გარემოს დაცვის კი არა, სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროებიც უნდა იყვნენ ჩართულნი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ საკითხის გადაჭრა გარემოს დაცვას მიაჩეჩეს...

- ყველა ამ უწყებამ თავისი დასკვნა უნდა დადოს. გარემოს დაცვის საკითხები მთლიანად ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, მაგრამ მისი რეკომენდაციისა და დასკვნის გარეშე მსგავსი პროექტები არც უნდა განიხილებოდეს. თუკი მიღებულია რადიკალური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხუდონი უნდა აშენდეს, არ მაქვს ილუზია, რომ რომელიმე უწყება ამ პროექტის დაბლოკვას შეძლებს. ხელისუფლების პოლიტიკური ნება “ქორთიარდ მერიოტში” გამართულ შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა. ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და კომპანიის წარმომადგენლებმა აქცენტი იმაზე გააკეთეს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში დაელაპარაკებიან მოსახლეობას და კომპენსაციასაც შესთავაზებენ. გამოდის, რომ მოსახლეობის ყიდვა უნდათ. დარბაზში ხატზე შეფიცული სვანები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ამ შეხვედრის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს და კატეგორიულად განაცხადეს, რომ არ მიატოვებენ მშობლიურ კუთხეს და მამა-პაპის საფლავებს. დარწმუნებული ვარ, სვანები აიძულებენ ხელისუფლებას, უკან დაიხიოს!.. ამ ბრძოლაში დავრჩით მარტო ჩვენ, შეფიცული სვანები და საზოგადოების მცირე ნაწილი!

სხვათა შორის, ზემოხსენებულ შეხვედრაზე თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, რადგან ეს განხილვა კი არა, პრეზენტაცია იყო, სადაც მოსახლეობის გადასახლების საკითხი იხილებოდა. დავსვი შეკითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ, პროტესტის ნიშნად, იქაურობა დავტოვე და აქციას შევუერთდი.