ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმას ამუშავებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამარჯვებისთვის ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენონ. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, 20 სექტემბერს რუსთაველზე გამართული აქცია, ერთგვარი მოთელვა იყო, რომლითაც მოსახლეობის განწყობას ტესტავდნენ. თუმცა ოპოზიცია აქაც ვერ შეთანხმდა და ერთმანეთთან აქციის გამართვის დროსა და ადგილზეც ვერ შეთანხმდა.
ვაშაძე ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ცვლილებებისთვის ყველა ბერკეტის გამოყენება დააანონსა. 20 სექტემბერს სასამართლო სხდომიდან მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთავრობა ყველანაირი ფორმის გამოყენებით შეცვალოს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით, ოპოზიციის გეგმები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, გამოიკვეთა მათი ოპონენტების მთავარი მიზანი, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელების შესაძლებლობას ოპოზიციას არ მისცემენ.
„ქართული ოცნებისთვის“ გიორგი ვაშაძის განცხადება მხოლოდ იმის დასტურია, რომ ოპოზიციას ქვეყანაში, პროვოკაციის გზით, რევოლუციის მოწყობა სურს.
უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას პასუხისმგებლობაა, საქართველოში უკრაინის სცენარი არ განმეორდეს და ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნას: „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დაახლოებით, 5 პარტია, რამდენიმე მდიდარი ენჯეო და რამდენიმე მედია საშუალება - ეს სუბიექტები არიან პირდაპირ ჩართული იმ სცენარში, რასაც ჰქვია საქართველოს უკრაინიზაცია. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, იყოს ყურადღებით, სიფრთხილით, იმისათვის, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია არ დავუშვათ, ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი უნდა ვიყოთ ყურადღებით, მომავალ წელს საარჩევნოდ უნდა ვიყოთ ყურადღებით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყნის უკრაინიზაცია“.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ჯერ პარლამენტში და შემდეგ ქუჩაში აქციის გამართვის მცდელობით, გარკვეული მოთელვითი პროცესი აქვს, რაზეც სუს-მა უკვე ისაუბრა და საზოგადოებას ამის შესახებ აცნობა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო 5 თვეა, სოციალურ ქსელებში თუ მათ მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებში, მიდის იმ გეგმების გაშიშვლება, რომლის განხორციელებასაც ამ წლის მიწურულს შეეცდებიან.
„საზოგადოებამ ამ ახალგაზრდა კრაზანების შესახებ უკვე ბევრი რამ გაიგო, რომელსაც „ფრანკლინის კლუბი“ ჰქვია. იმ საზაფხულო ბანაკების შესახებ, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში, პოლონეთის ტერიტორიაზე, ქალაქ კატოვიცესთან ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს. ამ ახალგაზრდა ზონდერების მომზადება სწრედ იქ მიდის. აქ კი ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული რეპეტიცია გაიაროს. მიდის სიტუაციის დატესტვა. ხალხი როგორ და რა ფორმით მოახდენს რეაგირებას რომ მერე როლში ეს ბავშვები შემოიყვანონ, ჩვენ ამ ყველაფერას ვაშუქებდით. მეც და სხვა ჩემს კოლეგებს ამაზე ღიად არაერთხელ გვისაუბრია. არ გვინდა ჩვენს საზოგადოებას მოულოდნელობის პანიკური შიში ჰქონდეს. ფაქტია, რომ ეს ხალხი რაღაცას ამზადებს და ეს დღესავით ნათელია. მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, ჩვენი სპეცსამსხურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. სხვადსახა ფონდების მეშვეობით, ეს ხალხი სექტემბრის მიწურულს და ოქტომბრის დასაწყისში, გარკვევული სახის ფულად ტრანშებს ელოდება. ეს იქნება მიხეილ ხადარკოვსკის ფულადი ტრანშები თუ კობა ნაყოფიას შესაძლებლობები. ვიცით, დაახლოებით, თანხაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე უნდა გადანაწილდეს. ამის შემდეგ კი ეს ფული ოპოზიციური პარტიების ანგარიშებზე გადავა. მათ უნდა მოახდინონ არეულობა მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას სტატუსზე უარს ეტყვიან“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამუშავებს უკვე საზოგადოებას და უიმედობის განცდას თესავს. ამით ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ თითქოს ამ სტატუსს მართლა ზეციური მანანას ძალა აქვს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ტყუილად სჯერა ოპოზიციას და მათ დამფინანსებელბს, რომ სტატუსი არის ის წერტილი, რომლითაც თბილისის ქუჩებში ქართველ ხალხს გამოიყვანენ. მისი თქმით, ამ ოპოზიციას, დავინახეთ, რომ ქუჩაში 5 ათასი კაცის გამოყვანის თავიც აღარ აქვს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ძალიან ნათლად ჩანდა, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება ქვეყანაში აჟიოტაჟს გამოიწვევდა და ამას ოპოზიცია გამოიყენებდა. მით უმეტეს, რომ ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ სახელისუფლებო გუნდში კრიზისია და ამაზე ეროვნული ბანკის საბჭოს თანამშრომლების მიერ თანამდებობების დატოვება ცხადყოფს.
„ძალიან რთული იქნება 2024 წლის არჩევნებამდე ქვეყანამ სიმშვიდე შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, სამოქალაქო დაპირისპირებას არ ვგულისხმობ, მაგრამ მუდამ იქნება მომენტები, როცა ასეთი პატარა აფეთქებები მოხდება. მით უმეტეს ამის საშუალებას ოპოზიციას ხელისუფლება აძლევს. თურნავას გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ მიცემული ბიძგი იყო და ამას ოპოზიცია რომ გამოიყენებს, ვის უკვირს. თუმცა, აქაც ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ოპოზიციას გონება და ჭკუა უნად ეყოს, რომ ეს სწორად გამოიყენოს. გიორგი ვაშაძის მსგავსად არ ისაუბროს სისხლისღვრაზე და დაპირისპირებაზე. ჩვენ ქვეყანას ეს სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი უკვე გადავლილი აქვს და ამის ყველაზე მეტად ეშინია ხალხს.
ამიტომ გონება დააყოლონ, როცა მსგავს რაღაცეებს საუბრობენ, რადგან ხელისუფლება ამას მათ საწინააღმდეგოდ ატრიალებს. ვითარება საკამოდ რთულია და ასეთი რყევები გახშირდება. ხელისუფელბა ცდილობს, წინასწარ შექმნას საფუძველი იმის, რომ გადატრიალებები მზადდება და ა.შ. ამის საფუძველს ოპოზიცია აძლევს. გვახსოვს, ალაბათ, ირაკლი ოქრუაშვილს ცხინვალიდან ორი სატვირთოთი იარაღი შემოჰქონდა და ა.შ. იწყება კრიზისი და ხელისუფლება ოპოზიციის დადანაშაულებას იწყებს. არასწორი ქცევების და განცხადებების შედეგად კი, ოპოზიცია ეხმარება ხელისუფლებას, რომ ეს აზრი მოსახლეობაში გაამყაროს. მათ გადატრიალება უნდათ და ქვეყანაში არეულობის მოწყობა. ეს მუშაობს და ნუ უკვირთ, რომ ხალხს ამის შიში აქვს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივი თქმით, პროტესტი იქნება, მაგრამ თუ ოპოზიცია შეეცდება ამ პროტესტს პერმანენტული ხასიათი მისცეს, ეს ოპოზიციის შეცდომა იქნება. ძაბირაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით აფეთქებები საპროტესტო ტალღის არის, მაგრამ საზოგადოებაში ერთიანი დამოკიდებულება პროტესტისადმი არ არის, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც საქართველოს სამეზობლოში ხდება.
„არ ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა მზადაა ხელისუფლების წინააღმდეგ პერმანენტული აქციები დაიწყოს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ რეგიონში უმძიმესი სიტუაციაა და საიდან რა ფეთქდება, კაცმა არ იცის. ხალხში ომის შიში, რომელიც არაერთი გვაქვს გამოვლილი, მძაფრად არის გამჯდარი. ამიტომ დაპირისპირებაზე და გადატრიალებაზე როგორც კი ვინმეს სიტყვა წამოსცდება, ხალხი უკან იხევს. მერე მეორე მიზეზი ისაა, რომ ხალხი არ ენდობა ამ ოპოზიციას. დავინახეთ, რომ თავად აქციის გამართვაზეც კი კოორდინაცია არა აქვთ. ზოგმა 5 საათზე და ზოგმა 7 საათზეაო. ამას ხალხი ხედავს და მათ არ ენდობა. ხელისუფლებამ გამოსავალი მოძებნა, ოთარ ფარცხალაძეს უკვე მოქალაქეობა შეუწყვიტეს და მერე დაასანქცირებენ - უკვე მოგვარებული აქვს ეს პრობლემა“,-ამბობს ძაბირაძე.