"ახლა უნდა ერკვეოდეს ხელისუფლება, რა არის სამართლიანობის აღდგენა?! პრემიერ-მინისტრის პოზიცია პრინციპულად არასწორია..."

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექსპერტებთან შეხვედრა, ბევრი რამე გამოიკვეთა. ვუყურებდი პრემიერს, რამდენად განმარტავდა იმ საკითხებს, რაზეც მას თვითონ გაუჩნდა კითხვები და ყვეაზე სუსტი და არასწორი პოზიცია, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. სამართლიანობის აღდგენა ხალხს სხვა რამე ეგონაო და კარგად უნდა განვმარტოთ, რა არის სამართლიანობის აღდგენაო - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იქ მყოფმა ექსპერტებმაც ძალიან ცოტა რამ იცოდნენ სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ყველაზე მომზადებული ამ მიმართულებით კახიშვილი იყო... რაც შეეხება პრემიერს, მინდა გითხრათ - მისი პოზიცია იყო პრინციპულად არასწორი. ამ სფეროში რაღაც მეც გამეგება და ამის თქმა ნამდვილად შემიძლია", - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ნანა კაკაბაძე: "პროკურატურა სასაცილო მდგომარეობაშია" / ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა არ უნდა.

"ჯერ ერთი არასწორია იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ხომ არ დავიჭერთ, ყველას ხომ ვერ დავუბრუნებთ ქონებას, ყველას ხომ არ გავასამართლებთ დ ა.შ. - ეს პრიციპულად არასწორი პოზიციაა, იმიტომ, რომ არავინ არ მოითხოვს ყველას გასამართლებას და ყველას ციხეში ჩასმას. ხალხმა არჩევანი გააკეთა, ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" სამართლიანობის აღდგენისთვის და თუ ხელისუფლებას არ ჰქონდა სწორი და ადეკვატური წარმოდგენა რა იყო სამართლიანობა, მაშინ საწყის ეტაპზე უნდა ყოფილიყო ეს გარკვეული რა მოლოდინები ექნებოდა საზოგადოებას მისგან და მერე უნდა აეღო ვალდებულება, რა სამართლიანობას აღადგენდა! ახლა უნდა ერკვეოდეს ხელისუფლება, რა არის სამართლიანობის აღდგენა? ჩვენ სამართლიანობის აღდგენაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ პოლიციაში ხალხს აღარ აწამებენ. უდიდესი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი ბოროტებით მეტ-ნაკლებად ჩამოშორებულია ხელისუფლების ძირითად ბერკეტებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს სამართლიანობის აღდგენა მიდის, თუმცა ამის შესაძლებლობა ამ 10 თვის განმავლობაში ნამდვილად იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

"ის რომ პროკურატურაში არიან ისევ ის ძველი კადრები, ის, რომ შსს-ში, როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, 90-92% ძველი კადრებია, რომ სასამართლოში იგივე მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინც ადრე იყვნენ, ისმის კითხვა - ეს პროკურორი, ეს გამომძიებელი და ეს მოსამართლე რანაირად დაიდანაშაულებს თავს და რანაირად აღუდგენს დარღვეულ უფლებებს დანარჩენ ადამიანებს, ვის უფლებებსაც ამ პერიოდში არღვევდა? ვერანაირად! ამას არც გააკეთებს და ვერც გააკეთებს იმიტომ, რომ ეს რომ გააკეთოს, თავად უნდა აღმოჩნდეს სასამართლო სკამზე და ამიტომ თავისი ნებით არავინ არ გააკეთებს. ამას სჭირდებოდა პოლიტიკური ნება, რომელიც, სამწუხაროდ, არ არსებობს ამ ქვეყანაში, რადგან პოლიტიკური ნება აღმოჩნდა კოაბიტაციის, დანაშაულთან შეგუების და არა სამართლიანობის აღდგენის. ჩვენ როდესაც გამოვედით ინიციატივით, ჩვენი ხედვა და პროექტიც შევთავაზეთ, როგორ უნდა მომხდარიყო სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ხელისუფლებისგან არავის გასჩენია იმის სურვილი, ამ თემაზე თუნდაც დისკუსია გაემართა, რამდენად სწორი იყო შეთავაზებული ხედვა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩვენ პარლამენტს გავუგზავნეთ 11 ათასი კაცის ხელმოწერით რეზოლუცია სამართლიანობის აღდგენის შესახებ და არგუმენტაცია, თუ როგორ უნდა შეფასებულიყო რეჟიმი. რა უნდა მომხდარიყო და უნდა თქმულიყო ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში - დანაშაულები, რომელსაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ვთავაზობდით ამას მისცემოდა კვალიფიკაცია, რომ ეს იყო სისტემური დანაშაულები და შემდეგ ადამიანების დაკავება უნდა მომხდარიყო არა გვარ-სახელებით, როგორც დღეს ხდება: ბაჩო ახალაია, ვანი მერაბიშვილი - ასე არ შეიძლება, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ასე არ შეიძლება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. აი, ასეთი შეფასების შემდეგ, როდესაც ვიტყოდით, რომ ქვეყანაში იყო წამება ციხეებში, ამ საქმეზე გამოძიებას უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხები და არა პირიქით. უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ამ წამებებზე და კონკრეტულ დამნაშავეებზე, ეს საქმეები მიგვიყვანდა გაცილებით უფრო მეტი მტკიცებულებებით, ვიდრე დღეს - სასაცილო როლში რომ არის პროკურატურაც და სასამართლოც და მთელი გამოძიება, რომ ახალაიას ასამართლებენ ვაშლის გათლაზე და წიწაკის სროლაზე...", - განმარტავს უფლებდამცველი.

"დანაშაულებრივი კანონმდებლობები იყო მიღებული 9 წლის განმავლობაში. თუ მოსამართლე ჩადის დანაშაულს, როგორ შეიძლება მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ შეიძლებოდეს. ეს არის არა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტია, არამედ ეს არის საზოგადოების დაუცველობის გარანტია მოსამართლის სასარგებლოდ, რომელიც გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ანუ ჩვენ თუ არ ვიტყოდით და ჩვენ არ მივცემდით შეფასებას, რომ ეს იყო რეჟიმი, რომელსაც მიზანმიმართულად ჰქონდა ის კანონები რომელიც ჰქონდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა, ესა თუ ის ქონება ლარად რომ იყო გასხვისებული, ეს კანონიერი გზით იყოო - კაცო, კანონში კაციჭამიობა რომ დავაკანონოთ, ეს სამართლიანი იქნება?", - დასძენს ნანა კაკაბაძე.

"ამიტომ იყო საჭირო რეჟიმის შეფასება - ეს იყო დანაშაულებრივი კანონმდებლობა, რომელსაც ბოროტად იყენებდა ხელისუფლება, აი, ეს უნდა თქმულიყო, პარლამენტის მიერ მიღებულ აქტს უნდა მოეცა ამის შეფასების უფლება და ამის შემდეგ საშუალება მოგვეცემოდა ისეთი მოსამართლეებისთვის მიგვეცა ამ საქმეების განხილვის საშუალება, რომელთაც ამ პერიოდში არ მიუღიათ მონაწილეობა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებში და გვარ-სახელებით შემიძლია ასეთი მოსამართლეების ჩამოთვლა. ხომ შეიძლებოდა ამ ნეიტრალური მოსამართლეებისთვის გადაგვეცა ეს საქმეები, რათა მოქალაქეებს ეგრძნოთ, რომ მათი უფლებების აღდგენის პროცესი დაწყებულია. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი, მთავარი ღირსებაა, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლებამ იზრუნა წართმეული ღირსების დაბრუნებაზე - ეს არ არის დაწყებული დღეს", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვას - "საზოგადოება საკმაოდ გაღიზიანდა პრემიერის შეფასებებზე ადეიშვილთან მიმართებით..." - პასუხობს:

"სწორადაც! ის იყო ნიჭიერიო - რა იყო ეს, რას ნიშნავდა?! იმას კი არ ვიხილავთ აქ, რამდენად ნიჭიერად ჩადიოდა ის ბოროტებას, ჩვენ ვიხილავთ, სამართლებრივად ამ ადამიანის ნიჭმა რა შედეგი დააყენა: პროკურორები იყვნენ გადაქცეული ფოსტალიონებად, რომლებსაც ეს ბრალდებები მიჰქონდათ ადრესატთან და ადამიანმა, რომელსაც ბრალს წარუდგენდნენ, კარგად იცოდა, ხელს თუ არ მოაწერდა, ვერ გადარჩებოდა. აი, ეს იყო ადეიშვილის ნიჭიერება და თუ ეს ნიჭიერება შესაშურია, მე უკვე კარგად ვხედავ რატომაც მოსწონს ივანიშვილს პროკურატურაში ზოგიერთი პროკურორი - რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კბილაშვილს, რომელიც მართლაც წესიერი ადამიანია... ნიჭიერი ჰიტლერიც იყო. და ვილაპარაკო ახლა ჰიტლერის ნიჭიერებაზე? ვინმე ლაპარაკობს მსოფლიოში ჰიტლერის ნიჭიერებაზე? ლაპარაკობენ იმ უბედურებაზე, რომელიც მან მსოფლიოს მოუტანა... ადეიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც აგებული იყო არა სამართალზე, კანონზე, არამედ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, პოლიტიკურ ძალადობაზე, ადამიანების გაყვლეფაზე, ღირსების შელახვაზე და ა.შ. აი, ეს სისტემა შექმნა ნიჭიერად და სწორედ ამ ნიჭიერებისთვის უნდა აგოს ადეიშვილმა პასუხი. როგორ შეიძლება დადებით კონტექსტში საუბარი ადამიანზე, რომელმაც ეს შედეგი მოუტანა ქვეყანას?!"