2008 წლის 2 მაისს კორტებთან მომხდარი ფაქტი დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღსადგენად ისევ ისე იბრძვის, როგორც ბოლო რვა წლის განმავლობაში.
''ზურასნაირი ბავშვი ას წელიწადში ერთხელ იბადება''
- მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვს წარწერა, რომ 22 წლის ხართ.
- სურათზე ალბათ ბევრი ვერ მიცნობს. ამ დროს ახალი დაოჯახებულები ვიყავით. მეუღლე დაახლოებით 35 წლის წინ გავიცანი. ზაფხულში გურიაში ვიყავი სტუმრად, მაშინ შევხვდი მომავალ მეუღლეს. მეორე კურსის სტუდენტი იყო და ძალიან მომეწონა. მალევე დავოჯახდით. შეგვეძინა პირველი შვილი, ჯაბა. მერე ზვიადი დაიბადა. წარმოშობით კასპიდან ვარ. ზვიადი წლისა და სამი თვის იყო, ავად რომ გახდა. კასპის საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმმა დაბინძურებული გადასხმის სისტემა გამოიყენა, ზვიადი მოიწამლა და გარდაიცვალა. 1984 წლის 9 თებერვალს შეგვეძინა ზურა. სურათზე ზურა დაახლოებით ერთი წლის იქნება. ჩვეულებრივი მშრომელი ოჯახი ვიყავით. თავს ბედნიერად ვგრძნობდით. საყვარელი ოჯახი გვქონდა. ჯაბა დაქორწინდა. მისგან ერთი შვილიშვილი მყავს - მარიამი, რომელიც ათი წლისაა. ოჯახში უბედურება რომ შეგვემთხვა, ზურა რომ დაიღუპა, დაახლოებით წლისა და რვა თვის იყო მარიამი. მას შემდეგ დიდ ტრაგედიაში ვცხოვრობთ. ღამე ხშირად მეღვიძება და ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ტირის. ენატრება ზურა…
- მომდევნო ფოტოზე ჯაბა ვისთან ერთადაა?
- ჯაბა და ზურა არიან. ჯაბა ზურაზე ოთხი წლით უფროსი იყო. ფოტოგრაფს ჰქონდა ნამდვილი მოტოციკლი ფოტოების გადასაღებად, რომელზეც ბევრი ბავშვი იღებდა ფოტოს.
- შვილებს ანებივრებდით?
- ზურა თვრამეტი წლის იყო, უმაღლესში რომ ჩააბარა და მაშინვე მანქანა ვუყიდე. ზურას ფინანსური პრობლემა არასდროს ჰქონია. მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება წვალებით მოვდივართ და ბევრს ვშრომობთ. პატარა ოჯახური ბიზნესი გავაკეთეთ და შემოსავალი ყოველთვის გვქონდა. სულ კრედიტებით ვმუშაობდი. ორი თვის გათავისუფლებული ვიყავი ბანკის ვალებიდან, ტრაგედია რომ დაგვემართა.
- ზურას ბავშვობისდროინდელი ფოტოები რომ ვნახე, თითქმის ყველგან მკაცრი სახე აქვს. როგორი იყო ზურა ბავშვობაში?
- მამის პოზიციიდან არასდროს მიყვარს საუბარი, მაგრამ ზურა ცხრა-ათი წლის რომ იყო, როგორც ჩემს ტოლს, ისე ველაპარაკებოდი და ნებისმიერ საკითხზე ვმსჯელობდით, როგორც დიდები. ვიტყოდი, რომ ჩვენს გვარში ზურა განსაკუთრებული იყო. ჩემს ნათესავებს არ ეწყინებათ, ამას რომ ვამბობ, მისი მსგავსი ბავშვი ას წელიწადში ერთხელ იბადება. 1995 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფირმის გახსნა გადავწყვიტე. ერთ საღამოს მკითხა, რა საბუთებით დადიხარ, რა ხდებაო. ვუთხარი, ფირმას ვხსნი და ზურიკელა უნდა დავარქვა-მეთქი. ათი წლის ბავშვმა მაშინვე მითხრა, ასე არ მოიქცე, ჯაბას ეწყინებაო. ცოტა ხანს დაფიქრდა და მითხრა, ''ჯაზუ'' დაარქვიო. ჩემს ფირმას მართლაც ''ჯაზუ'' დავარქვი. ძალიან ალალი ბავშვი იყო. უსამართლობას ვერ იტანდა. ნებისმიერს შეეკამათებოდა სამართლიანობის დასაცავად. არავის დაჩაგრავდა. ძალიან კონტაქტური იყო და დიდი სამეგობრო ჰყავდა. თავის დაცვა თვითონვე შეეძლო, დედის კალთას ამოფარებული არასდროს ყოფილა.
- როგორ სწავლობდა?
- სკოლა დაამთავრა და მაშინვე უმაღლესში მოეწყო. საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სწავლობდა. თან საკუთარი ბიზნესი ააწყო. 22 წლის იყო და საკუთარი რესტორანი ჰქონდა. სწავლობდა და თან რესტორანს ამუშავებდა. ეს რესტორანი, ''ჯაზუ'' , მერვე წელია დაკეტილია, ვაჩუქე ქუჩაში დახვრეტილ ბიჭებს, დავარქვი ზურა ვაზაგაშვილის დარბაზი და ვისაც დასჭირდება, ყველას შეუძლია მისვლა და ნებისმიერი შეხვედრის გამართვა. დღევანდელი უმრავლესობის წევრთა უმეტესობა მოდიოდა იმ დარბაზში და შეხვედრებს მართავდა.
'' ჩვენ მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით''
- მომდევნო ფოტოზე, როგორც მითხარით, ზურა შეყვარებულთან ერთადაა.
- მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. დაქორწინებას აპირებდნენ…, ძალიან კარგი გოგოა. ცხოვრებაში ყველაფერს კარგს ვუსურვებ. ახლა გათხოვილია და ბედნიერი ოჯახი აქვს.
- სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული და თქვენ ცოტა ხნის წინ გულისტკივილით აღნიშნავდით, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი დარჯანია, დააწინაურეს და მცხეთის პოლიციის უფროსად დანიშნეს.
- საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ. ის, რაც რვა წლის წინ კორტების წინ მოხდა, არც ვიცი, რას შევადარო. ალბათ აფრიკაში მხეცებზე ასე ნადირობენ. ოპერაციაში მონაწილე ჯგუფს ირაკლი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ უშუალოდ ამ საქმეს ირაკლი ფირცხელავა მეთაურობდა. არ ვიცი, რა დაჯგუფება იყო ისეთი, რომ ამგვარ საშინელებებს სჩადიოდნენ. მერვე წელია, უსამართლობას ვებრძვით. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სულ ვიცოდით, რომ მეორე მხარეს მკვლელები იყვნენ და ჩვენ სიმართლის მაძიებლები ვიყავით. ვიტყოდი, რომ პირველი ოქტომბერი სერიოზული მონაპოვარია. ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. მაგრამ ყველა ერთად ვხედავთ, რაც ხდება. შემოაგდეს სიტყვა კოაბიტაცია. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ჩვენი თანამებრძოლები ადრეც კოაბიტაციაში ყოფილან ხელისუფლებასთან.
- ამაში ბოლომდე ხართ დარწმუნებული?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ მეც და ბევრი სხვაც. ვხედავ, თავისუფალ დროს როგორ არიან ერთმანეთთან ჩახუტებულები და დღეს ის ზონდერები და მკვლელები ყველა თავიანთ ადგილზე მუშაობენ. თქვენ რომ აღნიშნეთ, ერთ-ერთი მკვლელი, ახალმა ხელისუფლებამ დანიშნა. ადრე გასაგებია, რატომ აწინაურებდნენ და პრემიებს რატომ აძლევდნენ. აღდგომის მერე დააწინაურეს ეს ადამიანი და მე მაქვს კითხვა ნებისმიერთან, რა ხდება? გადავხედოთ პროკურატურას, ისევ ძველი კადრები არიან. მეთანხმებით, რომ ისინი ადრეც კოაბიტაციაში იყვნენ?
- იქნებ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ორხელისუფლებიანობაა. თქვენ სამართლიანობის აღდგენის ყველანაირი იმედი დაკარგული გაქვთ?
- იმედი ნაწილობრივ დაკარგული მაქვს, მაგრამ ყველაზე საშინელი იცით, რა არის? ხედავ, რომ გღალატობენ და გღალატობს ის ხალხი, ვინც შენ გვერდით იყო და იმ დაღუპული ბიჭების სისხლით ქულებს იწერდა. ხედავ, რომ ვინც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, ზურგი შეგვაქცია. ჩვენ კარგი, მაგრამ მათ მთელ ქვეყანას შეაქციეს ზურგი. ჩვენ ისევ თავიდან დავიწყეთ ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ეს ჩვენ არ უნდა დაგვჭირვებოდა. საშინელებაა, როცა ხედავ, რომ მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, არც სამართლიანობა და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ჩვენ მარტო არჩევნებისთვის ვჭირდებით. ხელისუფლებაში რომ მოვლენ, მერე ისევ ბარიკადები იმართება ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. ქუჩაში დახოცილი შვილების მშობლებმა ვიცოდით, რომ ''ნაციონალების'' სახით მტრები გვყავდა. შვილები მოგვიკლეს. 25 ათასი საჩივარია შესული პროკურატურაში და ერთი საქმე არაა ბოლომდე მიყვანილი.
- ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ახალი კადრების არაპროფესიონალიზმისა და უსუსურობის ბრალია.
- ვერ დაგეთანხმებით. ვისაც იმის თავი აქვს, რომ შავი საქმეები ათეთროს და ისევ ადგილებზე დარჩნენ, მათ პროფესიონალიზმი და ცოდნა არ აკლიათ. ახალ ხელისუფლებაში მათ მფარველი გამოუჩნდათ. ყველაფერს ამერიკასა და ევროპას ვერ დავაბრალებთ. ვერ დავიჯერებ, რომ ევროპიდან და ამერიკიდანაა მითითება, მკვლელი არ დასაჯოთო. დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია და ბრალდებას არ უმაგრებენ. მეც რომ ვიყო ევროპელი, ვიტყოდი, საქართველოში პოლიტპატიმრები ჰყავთ-მეთქი. ვინ აკეთებს ამას, პროკურატურა და ვისი მითითებით? ეს უკვე ღმერთმა იცის. ერთი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, სოფლის მეურნეობა რატომ არ აღორძინდა ამ დროშიო. სამი-ოთხი თვეა საჭირო სამართლიანობის აღსადგენად.
- მომდევნო ფოტო იმ მემორიალური დაფის აღების დროს გაქვთ გადაღებული, რომელიც კორტებთან დადგით.
- პრეზიდენტს უნდოდა, რომ ჩვენი შვილების სისხლი ჩა მოერეცხა და იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, მომხდარის გასახსენებელი დაფის არსებობა არ აწყობდა. ამიტომაც კორტები დაანგრია და იმ ადგილას იუსტიციის სახლი ააშენა.
''ვერც წარმოვიდგენდი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თუ ისევ სამართლიანობისთვის ვიბრძოლებდი''
- პრეზიდენტმა კორტებთან მომხდარ ამბავზე რამდენჯერმე ილაპარაკა. თქვენს შვილზე თქვა, რომ ყაჩაღი იყო. თავიდან მასზე ისიც ითქვა, რომ ამ ამბიდან რამდენიმე დღით ადრე ლომბარდი ჰქონდა დაყაჩაღებული. როგორც მითხარით, მომდევნო ფოტო გადაღებულია ქორწილზე, სადაც ზურა იყო იმ დროს, როცა ლომბარდი დააყაჩაღეს.
- როდესაც ლომბარდი დააყაჩაღეს, ზურა ქორწილში იყო დილიდან საღამომდე შეყვარებულთან ერთად. ჩემი სიტყვების დამადასტურებელი უამრავი მოწმე არსებობს და არის ქორწილის ვიდეო. ეს ვიდეოები რომ წარვადგინეთ სასამართლოზე, ხმა არ ამოუღიათ.
- ზურასთან ერთად დაიღუპა ალექსანდრე ხუბულოვი, მისი ახლობლები არ აქტიურობენ. ოჯახი დაარწმუნეს, რომ მათი შვილი მართლა დამნაშავე იყო თუ ბედს შეეგუვნენ?
- ისეთი კითხვა დასვით, გულწრფელად უნდა გიპასუხოთ, რომ თქვენი ჟურნალის მკითხველმა სიმართლე იცოდეს. შეიძლება, სხვის ოჯახში შეჭრა გამომივიდეს, მაგრამ უნდა ვთქვა. ხუბულოვი ნაშვილები იყო. მამა დაღუპული ჰყავდა და დედა ჭიათურაში ცხოვრობს. ხუბულოვი მართლა ნასამართლევია. რომ თქვეს, სამი დღის გამოსული იყო ციხიდან, ეს ამბავი რომ მოხდაო, ტყუილია. სამი დღის კი არა, სამი თვის გამოსული იყო ციხიდან. მაპატიონ, მაგრამ ხუბულოვის სიდედრსა და მეუღლეს არ აქვთ იმის საშუალება, რომ იბრძოლონ. მე მათ სამი ადვოკატი გავუგზავნე, მაგრამ დაბნეულები იყვნენ და დაუცველად გრძნობდნენ თავს. არ ვიცი, შეიძლება შეეშინდათ. ხელისუფლება რომ შეიცვალა, თითქოს გამოფხიზლდნენ. ხუბულოვის სიდედრი მოვიდა ჩემთან. მას უფრო სხვა რაღაცები აინტერესებს, რაც მე საერთოდ არ მაინტერესებს. სტრასბურგში ჩივილი და ეკონომიკური მხარე. ვერ გავამტყუნებ, ოჯახს მატერიალურად უჭირს. ამ შემთხვევაში ხუბულოვი ცოდოა, არ გამოჩნდა მისი ოჯახიდან ისეთი ადამიანი, რომელიც დაიცავდა მას. ამბობენ, იმ პერიოდში ხუბულოვს კოდუა დასდევდაო, მიმტკიცებენ, რომ ამას შეეწირა ზურა, მაგრამ მე ამ ვერსიის არ მჯერა. მაშინ ზურაზე საკონტროლო გასროლას არ განახორციელებდნენ. ტყუილად არის დაგდებული ჭორი, რომ ხუბულოვს ერჩოდნენ და ზურა შეეწირა. ერჩოდნენ ხუბულოვს და ერჩოდნენ ზურას.
- რატომ ერჩოდნენ ზურას?
- არ ვიცი. ეს მეც ძალიან მაინტერესებს. პრეზიდენტს მარტო ის არ აქვს ნათქვამი, რომ ისინი ყაჩაღები იყვნენ. პრეზიდენტმა ისიც თქვა, ავტომატები ჰქონდათ და ვიღაცის მოსაკლავად მიდიოდნენო. პროკურატურას რამდენჯერმე მივმართე, თუ მართლა ჰქონდა ავტომატი, მაშინ საქმეში რატომ არ ჩანს.
- როგორც ვხვდები, იმედი საბოლოოდ დაკარგეთ და ალბათ საპრეზიდენტო არჩევნებზე არ წახვალთ.
- მე მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ''გადაარჩინე სიცოცხლე'' . 6 000-მდე წევრი გვყავს. ცხრა წლის განმავლობაში ვისაც შვილები დაგვიხოცეს, იმ მშობლებმა ჩამოვაყალიბეთ ეს ორგანიზაცია. თავმჯდომარე მე გახლავართ. ჩვენ არასდროს ვიქნებით მხარე. ჩვენ ვართ საზოგადოება. ყველა ხელისუფლებას პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ვფიქრობ, რომ დავაგვიანეთ კიდეც. საპარლამენტო სიები რომ ვნახეთ და არ მოგვეწონა, მაშინვე უნდა დაგვეწყო ლაპარაკი, მაგრამ სულ ვამბობთ, ვაცალოთო. ამ კოალიციას ისეთი კაცი ედგა სათავეში, ყველას გვჯეროდა, სამართლიანობა აღდგებოდა. ქვეყანა რომ აღორძინდება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეჭვი იმაში მეპარება, რომ სამართლიანობა აღდგება. ჩვენ როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, ემსახუროს ქვეყანას და ხალხს და არა თავის პირად ინტერესებს. რა სკამია ასეთი, რომ სხდებიან და მთლიანად იცვლებიან. გეფიცებით ზურას, ახლანდელი უმრავლესობის უმეტესობა ჩვენთან ერთად იყო არჩევნებამდე და ვერ წარმოვიდგენდი, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კიდევ თუ დაგვჭირდებოდა ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. უმრავლესობაში ბევრი ჩემი მეგობარია, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა. ყველამ ერთ კაცს მივეცით ხმა. მას კი უფლება არ აქვს, დატოვოს ხელისუფლება და წავიდეს. როგორც კი ბიძინა წავა, ხალხი გამოვა და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს.
- შემდეგ ფოტოზე თქვენი ერთადერთი შვილიშვილია - მარიამი.
- ზურას დაკარგვის შემდეგ ოჯახში ყველამ ყველაფრის ხალისი დავკარგეთ. მარიამის ხათრით ვცდილობთ, ბოლომდე ყველაფერზე ხელი არ ჩავიქნიოთ. მარიამს ფილმში იღებენ. ამირან ამირანაშვილი ქართველ მეფეებზე იღებს ფილმს. მარიამი ვახტანგ გორგასლის დის როლს ასრულებს.