"ივანიშვილი vs ექსპერტები", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet მოლი კორსოს სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ექსპერტებთან შეხვედრის შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრმა ოთხი საათი დაუთმო ტელევიზიით პოლიტიკური ანალიტიკოსების გაკიცხვას, რადგან ისინი "სათანადოდ ვერ აფასებდნენ" მისი მთავრობის წარმატებას.
მოლი კორსო ასევე წერს, რომ თერთმეტმა ქართველმა პოლიტანალიტიკოსმა აშკარად გააღიზიანა პრემიერ-მინისტრი "არასწორი" მოსაზრებებით, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული ივანიშვილის ახალბედა კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო მუშაობის განხილვით.
"იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ყურადღებით ადევნებს ის თვალს ანალიტიკოსებს, ივანიშვილმა გაზეთები მოიშველია და გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ციტირებდა ექსპერტთა გამონათქვამებს. საბჭოთა ეპოქის "კრიტიკისა და თვითკრიტიკის" სესიის მონაწილის მსგავსად, ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტებმა უფრო მეტად უნდა გაფილტრონ თავიანთი კომენტარები", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი წერს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა ექსპერტების მიერ იმის განხილვა აღმოჩნდა, თუ რა გეგმები აქვს ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. განცხადებებს კი იმის შესახებ, რომ მისმა წასვლამ შესაძლოა, პრობლემები გამოიწვის, შეხვედრაზე სისულელედ მიიჩნიეს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, შეხვედრისას ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი პრემიერის როლზე სამ კანდიდატს განიხილავს, თუმცა საბოლოო კანდიდატის ვინაობას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იტყვის.
"ივანიშვილს ალბათ უნდა აღელვებდეს ის ფაქტი, რომ როგორც NDI-ის გამოკვლევებმა აჩვენა, ივანიშვილის გადადგომა სავარაუდოდ, აიძულებს ამომრჩეველს ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მისცეს. მართალია, კვლევების მიხედვით, კოალიციის ამ კანდიდატს ათპროცენტიანი უპირატესობა აქვს მთავარ კონკურენტ დავით ბაქრაძესთან, მაგრამ იგივე კვლევები უჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდაჭერა უფრო მატულობს", - წერს მოლი კორსო.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპერტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაბრაზება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების დროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგი კაპანაძემ და თავისავე მხარდამჭერმა მამუკა არეშიძემ გამოიწვიეს, რომელიც "ქართული ოცნების" საპარლამენტო კანდიდატი იყო.
მოლო კორსო ასევე წერს, რომ შეხვედრას, რომელიც შუშის მინიმალისტურ ოთახში გაიმართა, რომლის კუთხესაც როი ლიხტენშტეინის ტილო ამშვენებს, სერგი კაპანაძემ "საინტერესო და უცნაური უწოდა".
"სპეციალისტები აფრთხილებენ პრემიერ-მინისტრს, რომ ანალიტიკოსებზე თავდასხმა საზოგადოებრივი სენტიმენტების მოპოვების მიზნით, იგივეა, რაც საკუთარ დესპანს ესროლო. თუმცა, პრემიერ-მინისტრის საკუთარი მოსაზრება აქვს. მისი თქმით, პრობლემა არა პიარის სისუსტეშია, როგორც ეს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, არამედ პრობლემა ის არის, რომ ანალიტიკოსებს ინფორმაცია არ გააჩნიათ", - წერს მოლი კორსო.