საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში მოქმედი ქართველების ორგანიზებით იგეგმება. სუს-ის განცხადება ადასტურებს, რომ საფრთხე საკმაოდ სერიოზულია. დასახელებულია კონკრეტული გვარები, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავენ, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სუს-ის განცხადებაში იკითხება, რომ არის საკითხები, რისი გასაჯაროვება ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებელია.
ის, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამ სქემის ნაწილი არიან, უარყოფის მიუხედავად, ის განცხადებები მოწმობს, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ. არის პირდაპირი მუქარები, რომ ისინი ტანკებით შემოვლენ და გადაუვლიან ყველას, ვინც „პრორუსულ“ ხელისუფლებას უჭერს მხარს.
„ხალხის ძალის“ განცხადებით, უკრაინაში დაგეგმილი სისხლიანი რევოლუციური გეგმის ადგილობრივი სუბიექტები უკვე გამოკვეთილია და ეს არის რადიკალური ოპოზიციური პარტიები: „ნაცმოძრაობა-ვაშაძე“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი-დროა“, გახარიას და ლომჯარიას პარტიები; 3 პარტიული ტელევიზია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“; ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და რაც ყველაზე საგანგაშოა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება 500-მდე აქტივისტის გადამზადება, ასევე განიხილება რევოლუციურ სცენარში უკრაინაში მებრძოლი 400-მდე ქართველის ჩართვაც.
„ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის ჩავარდნის მიუხედავად, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ექსტრემისტული პარტიების, ტელევიზიების, ენჯეოებისა და სხვა დაჯგუფებების საქმიანობა თავიდან ბოლომდე ამერიკული წყაროებიდან ფინანსდება. დაფინანსების ამერიკული წყაროა კეზერაშვილიც, რომელიც „გლობალურ ომის პარტიას“ ერთდროულად ორ საქმეს უკეთებს - საქართველოში რევოლუციას აფინანსებს და ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, რითაც ისედაც დასუსტებულ ევროპას დამატებით პრობლემებს უქმნის.
გარედან მართული რევოლუციები მარტივი სქემით წარიმართება - შემოგაქვს ხელისუფლების არალეგიტიმურობის „ნარატივი“, ახდენ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და წინასწარ მომზადებული აგრესიული ჯგუფების მეშვეობით აორგანიზებ აქციებს და დაუმორჩილებლობას“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ გეგმის ნაწილია და მისი გადაწყვეტილების უკან რადიკალების ინტერესი იკვეთება, ამას სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული საკანდალური და ამავე დროს დანაშაულებრივი შეწყალების აქტი მოწმობს. სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასთან კონსულტაციის გარეშე, მაგრამ ევროპელ ლიდერებთან შეთანხმებით, შეწყალების აქტი გამოსცა და შეიწყალა ნიკა გვარამია და დასძინა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ახსნა-განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. სწორედ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა სალომე ზურაბიშვილმა ყველა მის მიერ განხორციელებული სკანდალური შეწყალება.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, შეწყალების აქტს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ, რის ეჭვსაც ბადებს მათ მიერ გამოცემული შეწყალების აქტები. თუ მარგველაშვილმა შეწყალების აქტი საკუთარი ნათესავებს მოარგო, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც არის ნარკოდანაშაული და მკვლეობაში ბრალდებულები, ზურაბიშვილმა შეწყალება ევროპელი ლიდერების და მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ინტერესებს მოარგო, თუმცა არც მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებაზე უთქვამს უარი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი დღეს უკრაინაში იმყოფება და სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორია. როგორც ცნობილია ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის და ორი უკრაინელი მესაზღვრის გათავისუფლება დააყენა. პრეზიდენტმა მისი ეს ულტიმატუმი უპირობოდ შეასრულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს ორ პრეზიდენტს შორის იმ შეთანხმების შესრულებაა, რომელიც კიევში ოფიციალური ვიზიტისას შედგა.
მიხეილ ბატურინი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, მეზღვაურებთან ერთად, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში დააკავეს. უკრაინული მხარე მათ გათავისუფლებას აქტიურად ითხოვდა. მსჯავრდებულების შეწყალება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. როგორც ბატურინი იხსენებს, 19 ივლისს, ზელენსკის ვიზიტამდე, დილას, 8 საათზე გამოიყვანეს საკნიდან იმ მოტივით, რომ ციხის დირექტორს უნდოდა გასაუბრებოდა და სწორედ აქ უთხრეს, რომ პრეზიდენტმა ორივე უკრაინელ მესაზღვრესთან ერთად შეიწყალა.
სალომე ზურაბიშვილი კი ტრადიციულად ამ შემთხვევაშიც დუმს. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ „პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი“ თხემით ტერფამდე ანტიქართულ-ანტისახელმწიფოებრივ პიროვნებად ჩამოყალიბდა, რომელმაც „საქართველოს სახელმწიფოს გამოკვეთილ მტერ ზელენსკისთან“ შეთანხმებით შეიწყალა პირი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.
„უკრაინიდან საქართველოში, ფაქტობრივად, ტერორისტული საქმიანობისათვის შემოგზავნილი და შემდეგ ქართველი სამართალდამცავების მიერ სხვებთან ერთად დაპატიმრებული ბატურინი ისევ ემუქრება ჩვენს სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ლოგიკური დასკვნა - სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის დღევანდელ სახელისუფლებო ხროვასთან ერთად, რომელიც საქართველოს დაუძინებელი მტერია, დანაშაულებრივ კავშირში იმყოფება და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.
ეს დადასტურდა 7-8 მარტს მის მიერ გაკეთებული განცხადებებით, მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მიზანმიმართული, უხეში დარღვევით და ასევე, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებით. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უდავოდ იმსახურებს უპირობო იმპიჩმენტს. უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მომზადებაში მონაწილეობის ბრალდებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც თვითონ გადაწყვეტილებას იშვიათად იღებს. ის არის პირდაპირ აშშ-ის და ევროკავშირის ზეგავლენის ქვეშ და შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აკეთებს იმას, რასაც იქიდან უბრძანებენ.
„არ არსებობს მან ეს მითითება და რეკომნდაცია არ შეასრულოს. მენტალობა აქვს ისე მომართული, როგორც ერთმა განაცხადა - თუ ევროპამ გვიბრძნა ერთი კვირა ცალ ფეხზე ვიდგეთ, უნდა ვიდგეთო. ზუსტად ამ კატეგორიას მიეკუთვნება სალომე ზურაბიშვილი. თუ ევროპიდან და ამიერიკიდან რაღაცას უბრძანებენ, ის ამას გააკეთებს. ყველა ეს შეწყალებები სწორედ გარედან მიღებული რეკომენდაციების თუ ბრძანებების თანახმად ხორციელდებოდა - უგულავა, ოქრუაშვილი, გვარამია, იგივე ეს ბატურინი და კიდევ ორი უკრაინელი მესაზღვერე.
რატომ იყო საჭირო, რომ ზელენსისკთან ურთიერთობები დაეთბო, თუ დაელაგებინა? კაცი სპეცალურად ჩამოვიდა საქართველოში, რომ ეს სამი კაცი აქედან წაეყვანა. წარმოიდგინეთ, რომ ზელენსკი ცარიელი ხელებით წასულიყო აქედან. სალომე ამას არ დაუშვებდა და ამიტომაც ადგა და შეიწყალა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ე.წ. დამოუკიდებელ შეწყალებებში იკინძება რამდენიმე ვარიანტი, მით უფრო დღეს, როდესაც გავიგეთ, რომ კავკასიაში ისევ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მისი თქმით, ჩნდება ის ვერსია, რომელიც მეტ-ნაკლებად, მივიწყებული გვქონდა, რომ კავკასიაში რუსეთის ინტერესი შეიძლება ისევ ძალაშია და როცა რუსეთს ასეთი ინტერესი აქვს, იგი ყველა საშუალებას იყენებს.
„კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, შეიძლება ასე დაისვას, რუსეთის ინტერესთან გვაქვს საქმე, თუ დასავლეთის? - თავისი რიტორიკით და ბიოგრაფიითაც ზურაბიშვილი იმდენად მკვეთრად დასავლურია, რომ მისი მხრიდან რუსეთის მხარდაჭერაზე ენა არ მოგიბრუნდება ადამიანს, მაგრამ დაუფიქრებლობით შეიძლება ადამიანმა მტრის საქმეც კი გააკეთოს. ზურაბიშვილის საქციელს არ ეტყობა, რომ დიდად ფიქრდებოდეს თავის ნაბიჯებზე. ამიტომ, მე ვერ ვიტყოდი, რომ მას შეიძლება ბრალი დავდოთ ისეთ ბოროტ განზრახავში, რომ მან შეგნებულად რაღაცა ნაბიჯები გადადგა, მაგრამ შეუგნებელი ნაბიჯების ისეთი ცვენა აქვს მის მოღვაწეობას და ბოლო მოვლენებიც მაგის დასტურია, რომ არც კი დაფიქრდება, ისე გააკეთებს რაღაცას, რომელიც მერე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის სანანებელი. რა უნდა ვქნათ? - სამწუხაროდ, ასეთ ნაბიჯებს თითქმის ყველა პრეზიდენტი დგამდა საქართველოს ამ მცირე ისტორიაშიც კი. ამიტომ, ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრი, მაგრამ ის, რომ შეიძლება პრეზიდენტის გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს ავნოს, ეს ფაქტია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.