სულ რაღაც ერთი თვე დარჩა საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელსაც მთელი საქართველო ინტერესით ელოდება. "ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის, მაგრამ მისი გამარჯვების შანსი უმნიშვნელოა - გვითხრა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ და ამ ვარაუდის განსამტკიცებლად რამდენიმე ფაქტი დაგვისახელა:
- ჩემი აზრით, მოახლოებულ არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შანსი მინიმალურია. შეიძლება მათი კანდიდატი ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ ცალკეული პიროვნების სიმპათია ან ანტიპათია აქ არაფერ შუაშია. მოგეხსენებათ, ადამიანის მეხსიერება არც ისე ხანმოკლეა და ალბათ, ოქტომბერში კიდევ ერთხელ გამოჩნდება ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალისადმი, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით მართავდა საქართველოს და ძალიან ბევრი რამ ჩაიდინა, რაც სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, უფრო მეტიც - დიდი დანაშაულია.
- ბატონო ვაჟა, თქვენ გამოთქვამთ ეჭვს, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, რატომ მიიჩნევთ, რომ ეს არ ყოფილა ბუნებრივი სიკვდილი?
- მე ამაში მარწმუნებს ბადრი პატარკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ვიცი, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო. მოულოდნელი გულის შეტევა და ტრაგიკული გარდაცვალება მაშინ დგება, როდესაც ადამიანს დაავადებული გული აქვს. შეიძლება ის ვერც კი გრძნობდეს, რომ დაავადებული გული აქვს, მაგრამ ეს ვერსია გამოირიცხება, თუ ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც იტარებს სათანადო კარდიოლოგიურ შემოწმებას. ბადრი პატარკაციშვილი ასეთ კარდიოლოგიურ შემოწმებას სათანადო ტესტებით წელიწადში ორჯერ გადიოდა. გარდაცვალებამდე თვე-ნახევრით ადრე მან საფუძვლიანი შემოწმება გაიარა ისრაელში. ბადრის აბსოლუტურად ჯანმრთელი ჰქონდა გულიც, სისხლძარღვებიც და სხვა ორგანოებიც. ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა თავის ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამიტომ, ძალიან ბუნებრივია რწმენა იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა.
- თუმცა, ექსპერტების თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება მის წინააღმდეგ ისეთ ფსიქოლოგიურ მეთოდებს იყენებდა, რომ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, ალბათ, გულმა უმტყუნაო.
- როდესაც მაღალი დონის ექიმები ასკვნიან, რომ ადამიანი სავსებით ჯანმრთელია, ერთ თვეში და თვე-ნახევარში რაც უნდა დიდი სტრესი განიცადოს, ასეთი უეცარი შედეგი მაინც არ დგება. მე მქონდა მასთან კონტაქტი და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ბადრი არ ყოფილა სასოწარკვეთილი, არც სტრესულ და დეპრესიულ მდგომარეობაში, პირიქით, საბრძოლო ფორმაში იყო. აქვე უნდა ვახსენო ზურაბ ჟვანია, რომელზეც ასეთივე ეჭვი არსებობს. მართალია, ჟვანიას სიკვდილი სულ სხვა მოვლენა იყო, მაგრამ ამ ორი ადამიანის ტრაგიკულმა ბედმა მკვეთრად გააძლიერა ჩვენი საზოგადოების უარყოფითი განწყობა სააკაშვილის ხელისუფლებისადმი. ამას თან ახლდა წლების განმავლობაში დატრიალებული უამრავი ტრაგედია, ხალხის დარბევა, დაწიოკება და ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში. შეიძლება ცივილიზებული ქვეყნის პრეზიდენტმა, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონემ, თანაც სამართალმცოდნემ თქვას ვინმეზე - ადგილზე გაანადგურეთო? ამას შუა საუკუნეების მონარქებიც არ ამბობდნენ! სწორედ ამიტომ ასობით ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს. სხვა ფაქტების დასახელებაც შემიძლია, რომელიც არ გახმაურებულა.
- რომელი ფაქტების, ბატონო ვაჟა?
- არ შემიძლია არ ვახსენო მსოფლიოში სახელგანთქმული მათემატიკოსი ლევან ჟიჟიაშვილი! ეს იყო უპატიოსნესი კაცი, მაღალი ზნეობისა და კეთილშობილების სიმბოლო, რომელიც წლების განმავლობაში სტუდქალაქში ცხოვრობდა და ბინაზე უარს ამბობდა იცით, რატომ? - აქ ჩემზე გაჭირვებულებიც ცხოვრობენო. მერე კიბერნეტიკის ინსტიტუტმა გამოუყო ერთი პატარა
ოთახი, მაგრამ იქაც არ გადადიოდა, ვიდრე მისმა მეგობრებმა ჩუმად არ გადაზიდეს მისი წიგნები. მას საკუთარი ოჯახიც არ ჰყოლია, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში გაატარა, უნივერსიტეტით ცხოვრობდა და ასეთი დიდი მეცნიერი, დიდი პიროვნება გაუშვეს სამსახურიდან. ლევან ჟიჟიაშვილი სწორედ ამას შეეწირა - თვითონ აქვს ჩემთვის ნათქვამი.ინერვიულა, დეპრესიაში ჩავარდა და რამდენიმე თვეში, 2006 წელს გარდაიცვალა. ასე გარდაცვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შორის ძალიან ბევრია. ლევან ჟიჟიაშვილის ბედი გაიზიარა, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულმა ასევე დიდმა მეცნიერმა ლაზარე ზამბახიძემ.
- ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებით შეაშფოთა იმ შეტყობინებებმა, რომელიც 12-13 წლის მოზარდებს ეკუთვნოდათ. ძალიან ბევრი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ცრუ განგაშის უკან "ნაციონალები" იდგნენ.
- არ ვეთანხმები "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამას ბოროტ ხუმრობას ეძახიან. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის ბოროტმოქმედება, რომელიც ზოგიერთებს საშუალებას აძლევს თქვან: ხომ ხედავთ, რა ხდება? - "ოცნება" ქვეყანას ვერ მართავსო. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.