ყარაბაღი ისევ აფეთქდა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა. როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, ამ კონფლიქტში რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა ჩართული და თითოეულ მათგანს საკუთარი მიზნები ამოძრავებს. მათი თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ ამ კონფლიქტის ფონზე ფაშინიანი, რომელიც დიდი ხანია ყელში ჰყავთ გაჩხერილი, თავიდან მოიშორონ, ხოლო თურქეთის და დასავლეთის ინტერესია, რომ რუსეთი კავკასიიდან საერთოდ გააძევონ. ამიტომ სომხეთში ერთდრულად ისმის ანტირუსული განცხადებები და მეორე მხრივ, ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
ყარაბაღის დედაქალაქში, სტეფანაკერტში ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე, განგაშის სიგნალს აფეთქებების ხმა მოჰყვა. სომხური მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი და დაჭრილია 26 ადამიანი.
აზერბაიჯანში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადეს, ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნით ტერიტორიის დატოვების საშუალებას აძლევენ. პარალელურად, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ოპერაციის მიზანი, სომხური შეიარაღებული ძალების განიარაღებაა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ყარაბაღში შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ აქვთ. ერევანში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. იქამდე კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და თქვა, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მოქმედებებში ჩართვაა.
ნიკოლ ფაშინიანის მიმართვის შემდეგ ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ეროვნულ ასაბლეასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიწყო. მოსახლეობა პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვს, პასუხი გასცეს აზერბაიჯანის ქმედებებს.
სანამ სომეხი ხალხი ქუჩაში ფაშინიანის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს, მათი პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშიანიანი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც ესაუბრა. სატელეფონო საუბარი შედგა აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორისაც. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მეგობარი ქვეყნისგან მხარდაჭერის დასტური კიდევ ერთხელ მიიღო. მოსკოვმა მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა.
ყარაბაღში არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის დეესკალაციისკენ და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ.
საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაკავშირებულია იმასთან, რომ როგორც კი აზერბაიჯანელბემა დანახეს, რომ რუსეთი კავკასიაში სუსტდება, ისინი მოქმედებაზე გადადიან. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რუსებს ყარაბაღში 2000-მდე სამხედრო ჰყავს, თუმცა როდესაც მათ უკან რუსეთის არმია იდგა და ეს იცოდა აზერბაიჯანმა, ამდენს ვერ ბედავდა. ახლა კი მათ დაინახეს, რომ უკრაინის ომში ჩაფლული რუსეთი სომხეთს ადვილად გაყიდის და საკუთარი გეგმების განხორციელება დაიწყეს.
„აზერბაჯანმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გადაწაყვიტა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. შესაძლოა, აზერბაიჯანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველი იყოს, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. ახლა რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე მხარის დაცვა, არამედ საკუთარი ინტერესები აქვს. მას სურს, რომ სომხეთში ეს სიტუაცა გამოიყენოს და უკვე დიდი ხნის განმავლობაში ყელში ძვალივით გაჩრილი პაშინიანი თავიდან მოიშოროს, ხოლო ამ უკმაყოფილების ფონზე, პრორუსული ძალები მოიყვანოს. ერევნის ცენტრში სწორედ პრორუსული ძალები არიან, რომლებიც ფაშინიანის ჩამოშორებას ხელისუფლებიდან შეეცდებიან. ფაშინიანი ღიად აცხადებს, რომ ყარაბაღი არის აზერბაჯანის ნაწილი და რომ არა აპირებს ამ ოში ჩაერთოს. ეს არ არის დანებება, რადგან ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის და იქ სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა. მათ შორის საქართველოც აღიარებს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სათავეში, იცავს ნეიტრალიტეტს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს“, - ამბობს ბატიაშვილი.
მისივე თქმით ფაშინიანი ყოველთვის იყო რუსეთისთვის მიუღებელი ფიგურა და მუდმივად ასე იქნება. ამის მიზეზად კი ანალიტიკოსი მის ხელისუფლებაში მოსვლის ფორმას მიიჩნევს. სომხეთის პრეზიდენტი ხელისუფლებაში ხალხის მხარდაჭერით მოვიდა და ის რუსეთის მიერ შერჩეული ფიგურა არ ყოფილა.
„ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობამ აირჩია, თანაც არაერთხელ. ასევე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგაც, როდესაც ხალხმა არჩევნები მოითხოვა, ისევ მან და მისმა პარტიამ გაიმარჯვა. ეს კი იმას მიუთითებს, რომ სომხეთი რუსეთისგან დისტანცირების გზას რეალურად დაადგა და ამას ვერ ინელებენ. ახლა ის ცდილობს, რომ რაიმე სახით ფაშინიანი თავიდან მოიშოროს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ სომხეთში სამხედრო გადატრიალების ინსცენირებაც კი მოაწყონ. იმედს ვიტოვებ, რომ ასე არ მოხდება და ფაშინიანი სომხეთის გადარჩენას შეძლებს“, - ამბობს ბატიაშვილი.
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია საკმაოდ გამწვავებულია, სადაც რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ინტერესები აშკარად იკვეთება. არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ აზერბაიჯანი კორიდორებს ქმნის იმისათვის, რომ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გავიდეს. ეს კი პრინციპში პირდაპირ იმის თქმაა, რომ იქაურობა სომეხი მოსახლეობისგან უნდა დაიცალოს.
„ამ კონფლიქტში სხვადასხვა მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართულები, რომლებსაც სამხრეთ კავკასიაში ეს აფეთქება ძალიან აწყობთ. აზერბაიჯანი რომ მხოლოდ იმ ნაწილით არ დაკმაყოფილდებოდა, რომელიც დაიკავა, ცხადი იყო. ეს არის საერთაშორისო სივრცის მიერ აღიარებული ერთი მესამედი. ამიტომ მას ახლა ამის მშვენიერი შანსი მიეცა და იყენებს. მოსკოვში სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმით, რომ სამშვიდობოები არ რეაგირებენ, ეს კი იმაში მდგომარეობს, რომ კრემლისთვის ფაშინიანის ხელისუფლება იმდენად მიუღებელია, თითის განძრევაც კი არ უნდათ.
თუმცა, მოსკოვში კარგად ვერ ათვიცნობიერებენ, რომ შესაძლოა, ამით უარესი შედეგი მიიღონ და ისინი სამხრეთ კავკასიიდან საერთოდ გაძევებულები იყვნენ. თურქეთი მთავარი მხარდამჭერია და აზერბაიჯანული სამხედრო ოპერაციის მთავარი იდეოლოგიური ბაზაა. ერდოღანი ერთი მხრივ განუწყვეტლივ სამშვიდობო განცხადებებს აკეთებს, თუმცა, მეორეა კულუარული მოქმედებები, რომელსაც სახეზე ვხედავთ. აქ თავისი ინტერესები აქვთ ფრანგებს, ამერიკელებს და ბრიტანელებს. ყველას ამოცანაა, რომ რეგიონიდან რუსეთი გააძევონ“,-ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, დასავლეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სამხრეთ კავკასია დაძაბულობის კერა იყოს, იმისათვის, რომ პროცესები თვითონ მართონ, რუსეთისთვისაც და თურქეთისთვისაც იგივე ამოცანაა, ოღონდ სხვადასხვა მიდგომები აქვთ.
შესაძლოა თუ არა, რომ ამ ომმა და სომხეთში არეულობამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც გავლენა მოახდინოს, ამაზე არეშიძე ამბობს, რომ სუს-ის განცხადების ის ნაწილი, რომელიც გაჟღერდა, ამ საერთო გეგმის ნაწილია. მისი აზრით, უკვე ყველაფერი ძალიან ზედაპირზე დევს და კარგად ჩანს მხარეებს რა ინტერესები აქვთ.
„ამ თამაშში დიდი მოთამაშეები არიან ჩართულები და მათ ინტერესს, რა თქმა უნდა, საქართველოც წარმოადგენს. თუ საომარი მოქმედებები ყარაბაღში გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ საქართველოშიც პროცესები დაიწყოს ოღონდ სხვა შინაარსით. მაგალითად, ვითომ სახალხო გამოსვლებით, მაგრამ პროცესები დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ვითარება შეიცვალოს. ვნახოთ, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა რეგონში და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.