“ის, რომ საქართველოში რუსული აგენტურა მუშაობს, ახალი ამბავი არ არის. ჩვენი ქვეყნით არაერთი სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურიც არის დაინტერესებული, იქნება გავლენის აგენტურა, ხელისუფლებაში შეღწეული პირები თუ სხვა. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ამისგან დაზღვეული ბევრი სხვა ქვეყანაც არ არის. ძნელია თქმა, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები, მაგრამ ის, რომ ფარცხალაძე კარგა ხანია მაღალ თანამდებობებს ჩამოაშორეს და საერთოდაც, ამჟამად საქართველოში არ არის, მაფიქრებინებს, რომ მის თაობაზე ქართულ სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ. ისე, თავის დროზე ფარცხალაძეს იცავდნენ დღეს ოპოზიციაში მყოფი პირები, რომლებისთვისაც ის დღეს აგენტი და ქვეყნის ამომგდებია”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”.
“როგორც ვიცი, რამდენიმე ხნის წინ ფარცხალაძის თაობაზე კითხვები გაჩნდა და მან თავი გაარიდა ამ ვითარებას, ქვეყნიდან წავიდა. ხელისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაქცია უნდა ჰქონდეს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ ამ ბრალდებების რეალობა. როგორც ითქვა, სუს-ი შეისწავლის ამ საკითხს. ეს არ უნდა გაჭიანურდეს და ამით უპირველესად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. ჩემი შეფასებით, ეს სანქცია უფრო დემონსტრაციულია, ჩვენი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების, იმავე ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილება - ჩემი აზრით, დასავლეთის ისტებლიშმენტის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით არ ასრულებს დასავლური ცენტრების მითითებებს. რაც შეეხება კურსის ცვლილებას, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. შეიძლება შეარბილოს, ზიგზაგებით იაროს და ა.შ., მაგრამ ვერ შეცვლის, რადგან ფინანსურად თუ პოლიტიკურად საქართველო მიბმულია დასავლეთზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ამ სისტემის გადაწყობა წარმოუდგენელია. ჰიპოთეზურად დავუშვათ, რომ მართლაც სურს შეცვლა და უნდა რუსეთს ჩამოეკიდოს ისევ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ჩამოსაკიდიც აღარაფერი დარჩა - რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა უაღრესად მყიფე და არაპროგნოზირებადია. ამასთანავე, ყველამ მშვენივრად იცის, რომ თუ დასავლეთთან ურთიერთობა გაწყდა, ეს ნიშნავს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ დაკარგვას, რადგან დღეს არაღიარების პოლიტიკის სტაბილურობას სწორედ დასავლეთი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხოება და დაცვის სისტემა სწორედ დასავლეთის დამსახურებაა. მოკლედ, საქართველოსთვის დასავლურ კურსს ალტერნატივა არა აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ითამაშოს, პოზაში დადგეს, რაღაც მანევრები გააკეთოს, ვითომ დისტანცირებისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირება მოახდინოს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესების ზედაპირია. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ ვექტორზე ჩამოკიდება თავიდან ბოლომდე და ჩვენი მომავლის მისთვის გადაბარება ვერ იქნება სწორი. დღეს ჩვენ გვჭირდება ძალიან მოქნილი, ღრმა და მრავალშრიანი პოლიტიკა. ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში ძალიან რთულია სწორი საგზაო რუკის შექმნა. რაც შეეხება ჩინეთს, მესმის, დასავლეთისთვის მიუღებელია მისი პარტნიორი საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ცოტა უხერხული მგონია, როდესაც ევროკავშირსაც და აშშ-საც თვითონ აქვთ მრავალმილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ამის მიუხედავად, პირადად მეც მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ეს ქვეყანა ეკონომიკური ექსპანსიის პრინციპით მოქმედებს და ეს კარგად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუ მიეცა საშუალება, იმავეს გააკეთებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთია მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად, აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გარკვეული სისტემის შექმნა, რათა ჩვენს რეგიონში შემოაღწიოს. ამიტომ დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებაც სადავო და სახიფათო თემაა. დარწმუნებული ვარ, ეს ჩინეთის მხარის მოთხოვნით გაკეთდა. კარგად მესმის საზოგადოების შეშფოთებისაც. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში კარგად ვნახეთ საქართველოს ხელისუფლებების გაუაზრებელი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც მძიმე შედეგები მოგვიტანა. ამის გათვალისწინებით გვეშინია ახალ-ახალი შეცდომების”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
“რაც შეეხება ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს, ბევრი ითქვა ამაზე და მეც მგონია, რომ შეუძლებელია ამ ნაბიჯის გამართლება, თუმცა ამას ახერხებენ ისევ ის პირები, ვინც საკუთარი ლიდერის მსგავს გადაწყვეტილებებს, მეტიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფრენებს დღესაც იწონებენ. რასაკვირველია, ერთი შეცდომა თუ დანაშაული მეორეს ვერაფრით გადაფარავს, მაგრამ ოპოზიციაში ზოგიერთი რომ გაჩუმდებოდეს, საქმეს გაცილებით უფრო წაადგებოდა და პოლიტიკური შედეგიც იქნებოდა. თავის მხრივ, გაუმართლებელია თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელმაც ახლაღა გაიხსენა ამ უწყების ბიუჯეტიდან დაფინანსებული სააკაშვილის ფრენები და ამისთვის ფარდის ახდა გადაწყვიტა. უკაცრავად და, ამდენი წლის განმავლობაში სად იყვნენ? პიჯაკების გამო რომ გადაწყვიტეს სააკაშვილის გასამართლება, ამის გამო რატომ არ მოსთხოვეს პასუხი, ეს არგუმენტები სად იყო აქამდე? სწორედ ამას ვამბობდით თავიდანვე, როცა კოაბიტაცია გამოცხადდა, რომ ყველა დანაშაული უნდა გამომზეურებულიყო. საბოლოოდ ამ პროცესმა საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“კეზერაშვილს ახსენებენ ხოლმე ხშირად და, ბარემ ისიც გავიხსენოთ, როცა ის საფრანგეთში დააკავეს, რა ფარატინა ფურცელი გაგზავნეს შესაბამისი უწყებებიდან ვითომდა მისი ბრალის დასამტკიცებლად, შედეგად კი დაკავებული კეზერაშვილი გაათავისუფლეს... რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ბევრი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ მომწონს, “ქართული ოცნების” წამოწყებული ეს პროცესი არასწორი მგონია. ამით მხოლოდ ქვეყნის იმიჯს ვაზარალებთ. ვფიქრობ, ეს პროცესი, როგორც პრემიერმა თქვა, ფორმალური იქნება და ვერ შეძლებს “ქართული ოცნება” საჭირო ხმების მოგროვებას”- თვლის ექსპერტი.
“ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა მთელი ჩვენი რეგიონი. არ ვიცით, როგორ დასრულდება ის ვაჭრობა, რაც მიმდინარეობს სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების კონტექსტში. შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიწყოს სომხეთ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ახალი რაუნდი, თანაც უცნობია, ვინ ვის მხარეს დადგება, როგორ მოიქცევიან დასავლეთი და რუსეთი? დღეს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი სომხეთის ტერიტორიაზე ატარებს წვრთნას, რომელიც 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. არავინ იცის, რა მოხდება ამის შემდეგ, რა იქნება 27 სექტემბერს, ყარაბაღის ბოლო ომის დაწყების წლისთავზე. არ ვიცით, რას მოინდომებს ალიევი. ის მიიჩნევს, რომ საბოლოო გამარჯვებას ვერ მიაღწია. ეს რეგიონისთვის უდიდესი საფრთხეა და ყველაფერი განზე დაგვრჩება, თუ ამ გამოწვევისთვის არ მოვემზადებით. სომხეთის საგარეო ვექტორი ბოლო დროს შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ქვეყანა რუსეთს ისეა მიბმული, მისგან გათავისუფლება ძალიან გაუჭირდება. ჩემი აზრით, ფაშინიანი ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს”, - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “სკანდალური გამოდგა “პოლიტიკო”-სთვის~ მიცემული ფაშინიანის ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა: `რუსეთის კატასტროფული შეჭრა უკრაინაში ნიშნავს, რომ სომხეთს მეტად აღარ შეუძლია, მოსკოვს, როგორც უსაფრთხოების გარანტს დაეყრდნოს”... - პასუხობს:
“ვშიშობ, ამას შეიძლება რუსეთისგან ქმედებები მოჰყვეს. არც სახელმწიფო გადატრიალებას გამოვრიცხავ სომხეთში, არც ახალი ომის დაწყებას და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს სომხეთს დიდი გეოპოლიტიკური დარტყმის საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად გადარჩება”.