კრიტიკა თუ თავდასხმა?

კრიტიკა თუ თავდასხმა?

საქართველოს სამოქალაქო სექტორის ერთი გავლენიანი ნაწილი აქტიურად ცდილობს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათზე მორგებული სტანდარტების დამკვიდრებას და პარალელურად, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას. ამის გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ თუნდაც სოროსის ფონდის ადგილობრივი ფილიალის - ღია საზოგადოების ფონდის ვებ-გვერდზე 15 სექტემბერს გამოქვეყნებული არასამთავარობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება პრეტენზიული სათაურით „თავდასხმა თანამშრომლობის ნაცვლად“.

განცხადების ავტორების შეშფოთებას გამოთქვამენ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ენჯეოების შევიწროებისა და მათზე „თავდასხმების“ გამო. ენჯეობს განსაკუთრებით არ მოეწონათ კრიტიკული შენიშვნები მათ შემოსავლებთან და ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. განცხადებაში ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი იწვევს ენჯეოების დისკრედიტაციას, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას, მათთვის „სივრცის შეზღუდვას“, და ა.შ. განსაკუთრებით არ მოსწონთ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ენჯეოების პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდრო კავშირზე საუბრობენ.

სამოქალაქო სექტორთან დამოკიდებულების კუთხით საქართველოს ერთ დაფაზე აყენებენ რუსეთთან და აზერბაიჯანთან. განცხადებაში ხშირად არის გამოყენებული ფრაზა „სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა“, რაც ამ ორგანიზაციებისთვის მომგებიან ინსტრუმენტად იქცა კოლექტიური დასავლეთის დასარწმუნებლად, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული აზრი იდევნება.

ის, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ ენჯეოებს აკრიტიკებენ, რომ იტყვიან „ყვავილებია“ იმ ბრალდებების ფონზე, რასაც თავად ისინი უყენებენ ამჟამინდელ ხელისუფლებას უკვე არაერთი წელია და ამ ბრალდებების სიმწვავე, სიხშირე, რომ იტყვიან, თოვლის გუნდასავით იზრდება.

თუ ვითარებას გავაანალიზებთ, რეალურად საქმე გვაქვს ენჯეობის ერთი გავლენიანი ჯგუფის მცდელობასთან, სამოქალაქო სექტორის ტაძარში შევიდეს მათი საკუთარი წესებით. ეს წესები კი, თუ ამ ენჯეოების ქმედებებით ვიმსჯელებთ, გულისხმობს მათთვის განსაკუთრებული, პრივილეგირებული მდგომარეობის დაწესებას. ეს პრივილეგირებული მდგომარეობა კი სრულად უნდა გამორიცხავდეს აღნიშნული ენჯეოების რაიმე სახის კრიტიკას, ისინი უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი!

რით არის გამოწვეული ამგვარი განსაკუთრებულობის განცდა?! აღნიშნულ ენჯეობში დასაქმებული ადამიანები ფართო საზოგადოებაში რაიმე სერიოზული გავლენით ან ავტორიტეტით არ სარგებლობენ. თუკი საზოგადოება მათ იცნობს, ისევ ოპოზიციური ტელეარხების წყალობით. თუმცა, ამ ენჯეოების განკარგულებაშია ის რესურსი, რის გამოც მათ „მდიდარი ენჯეოები“ შეარქვეს. ეს „სიმდიდრე“კი მთლიანად გარედან მიღებული უხვი და უწყვეტი დაფინანსებით არის გარანტირებული და შესაბამისად, გარანტირებულია მათი დაცვაც გავლენიანი დამფინანსებლების მხრიდან. ამის მოწმე ჩვენი საზოგადოება არაერთხელ გახდა. ამასაც აქვს თავის ახსნა, აღნიშნული ენჯეოები მიიჩნევა დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად და გავლენის ინსტრუმენტად საქართველოში. გავლენის ინსტრუმენტს კი, ბუნებრივია, დაცვაც სჭირდება.

რამდენად რეალურია, ელიტარული ენჯეოების პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, თითქოს ის ენჯეოებს საარსებო გარემოს უსპობს, თავს ესხმის და ა.შ?

დავიწყოთ იმით, რომ აღნიშნულ ენჯეოებს სივრცეს არავინ უზღუდავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდებოდნენ იმ მდგომარეობაში, რაშიც მათი კოლეგები არიან რუსეთსა და აზერბაიჯანში, სადაც თუნდაც ფულადი გადმორიცხვა უცხოეთიდან, ენჯეოებისთვის სერიოზული პრობლემების წყაროა.

განცხადებაში გავლებული პარალელები რუსეთთან და აზერბაიჯანთან სიცრუე და მანიპულაციაა. ამაში იოლად დარწმუნდება ნებისმიერი, ვინც ოდნავ მაინც იცის, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება აღნიშნულ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორი და რა შეუდარებლად თავისუფალ გარემოში ოპერირებენ საქართველოში ის ენჯეოები, რომლებიც ბოლო წლებში სრულიად აშკარად ჩამოყალიბდნენ რადიკალური ოპოზიციის პირდაპირ ან სიტუაციურ მოკავშირეებად.

განცხადებაში არ არის არც ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სამოქალაქო სექტორს და კონკრეტულად, განცხადების ხელმომწერ ენჯეოებს მოქმედების დიაპაზონი შეეზღუდათ.

სასაცილოა და პროვოკაციული აღნიშნული ენჯეოებისთვის სივრცის შეზღუდვაზე საუბარი, როდესაც მათ სრული თავისუფლება აქვთ თბილისსა თუ რეგიონებში განახორციელონ უცხოური გრანტებით დაფინანსებული ღონისძიებები, მათ შორის ისეთებიც, სადაც დაუფარავად განიხილება ხელისუფლების დამხობის სცენარები.

სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ ახდენს „კრიტიკის“ და „თავდასხმის“ არსის გამიჯვნას. ეს კი საშუალებას აძლევს აღნიშნული ენჯეოებს და მათ დონორებს ტერმინი „თავდასხმა“ იქით ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. სხვათა შორის, ენჯეოების ეს განცხადება ვრცელდება სწორედ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების წინ, რომ მავანს ხელჩასაჭიდი მისცენ, თითქოს საქართველოში ენჯეოები იდევნება.

თავად ტერმინი „თავდასხმა“ ძალიან ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და მისი გამიჯვნა კრიტიკისგან, ხშირად რთულია, თუმცა შესაძლებელი. ჩვენს პირობებში სწორედ აღნიშნული ენჯეოების მეცადინეობით, ნებისმიერი თუნდაც საგნობრივი კრიტიკა, წარმოჩინებულია სექტორზე თავდასხმად და ამაზე მუდმივად ხდება პედალირება. ისმის კითხვა, ვინ ვის დისკრედიტაციას ეწევა?

ახლა კი ვნახოთ, თუ რამდენად თანხვედრაშია ჩვენს კონსტიტუციასთან და ზოგადად დემოკრატიის პრინციპებთან პრივილეგირებული ენჯეოების მიერ კრიტიკის თავდასხმად მონათვლა.

ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია, აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. ხოლო ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე. „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე.

აქვე ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებიდან, რომელმაც გაიზიარა რა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი, დაადგინა, რომ თავისუფალი სიტყვის ფასეულობა მოიცავს არა მხოლოდ ყველასათვის მისაღებ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომელიც უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არამედ ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, და რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათაღელვა, და რომელიც მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. სწორედ ასეთ ჭრილში აკრიტიკებენ ხელისუფლების წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის ერთ სეგმენტს, ხოლო ეს უკანასკნელი ამას თავდასხმად ნათლავს.

დღეს ელიტარულ ენჯეოთა ცნობილი დაჯგუფება აქტიურად იღწვის საკუთარი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის, რომ ამით საზოგადოებაში პოზიციები განიმტკიცოს. კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლებასაც საკუთარ ტანზე ირგებენ, იმ პრინციპით, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება, დანარჩენებს კი ნურას უკაცრავად.

გარედან მიღებულმა სერიოზულმა ფინანსურმა, პოლიტიკურმა და მორალურმა მხარდაჭერამ, ენჯეოთა ეს კონგლომერატი უკვე გადააქცია პოლიტიკურ ველზე მოქმედ უნიკალურ მოთამაშედ. ეს უნიკალურობა კი გამოიხატება სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობის ისეთ კომბინირებაში, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, პოლიტიკურ ველზე ფორმალურად შესვლის გარეშე, სერიოზული გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე.

amo გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი? დაფინანსების ლეგალიზაცია, ანუ ე. წ. რუსული კანონი.
1 წლის უკან