რატომ ითხოვს

რატომ ითხოვს "კორკოტა" ივანიშვილთან შეხვედრას?

როგორც "ალიამ" შეიტყო, საკმაო ხანია გია კორკოტაშვილი, იგივე "კორკოტა", პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, მის შეხვედრას განგებ ბლოკავენ.
კომენტარისთვის "ალია" გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო გია, გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გდომებიათ. რა საკითხზე გინდათ საუბარი?
- ძალიან მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, როგორც საზოგადოების წევრს. ვისაც კი საერთოდ უხსენებია ჩემთან მისი სახელი, ყველას პირით მაქვს შეთვლილი, შემხვდით-თქო და მაინც არ მოხერხდა. ალბათ, დრო არ აქვს ჩემთვის. მე მას შეხვედრილი ვარ ორჯერ: სამების საკუთრხეველთან შევხვდი პირველად, პატრიარქთან ბრძანდებოდა და მეორედ ვაჟაობაზე ჩარგალში.

- იქ რატომ არ სცადეთ დალაპარაკება?
- საკურთხეველში არ შეიძლება ამ თემებზე საუბარი, ჩემი აზრით. ვიღაცა, ალბათ, დაელაპარაკებოდა ჩემს ადგილზე. მე ვერ გავკანდიერდებოდი და პრობლემებზე ვერ დაველაპარაკებოდი, თუმცა ვუთხარი, იქნებ მოახერხოთ და შემხვდეთ-მეთქი. მეუხერხულება პრემიერ-მინისტრის შეწუხება და ვიცი, რომ ბევრი საქმე აქვს, მაგრამ სურვილი და სათქმელი მაქვს ბევრი.

- ეგ მაინტერესებს სწორედ, რაზე გსურთ საუბარი?
- ბატონ ბიძინამდე ხომ მიაქვს ვიღაცას სიტყვა, რომ აი, ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში. მე მინდა, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის, რა ხდება ქუჩაში, სოციალურად დაუცველ ხალხში რა ხდება, იმაზე ვესაუბრო. ამ ქალაქის ავანჩავანი მეტ-ნაკლებად კარგად ვიცი და სხვაზე უკეთესად ვფლობ სიტუაციას, იქნებ იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე იმ ამბის მიმტანი ფლობს. იქნებ მე უფრო დამიჯეროს, სიმართლეს რომ ვეტყვი. მე ვიცი, როგორ სუნთქავს ჩემი ქალაქი. მის მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს და არც ჩამქრობია ეს გრძნობა, ამიტომ მინდა, მისმა გუნდმა ისე გააკეთოს საქმე, რომ არავისი სალაპარაკო არ გახდეს. ისინი ხომ ჩვენი მანდატებით მოვდნენ, მინდა, მოგებულები დარჩნენ, როგორც მმართველები. ხომ არ უნდა ვინანოთ მანდატების მინიჭება მათთვის? მინდა, იმ ნიუანსებში გავარკვიო ბიძინა, რაშიც სხვა ვერ გაარკვევს.


- კი, მაგრამ თქვენ გარდა მისი ახლო გარემოცვიდან არავინ არაფერი იცის? ვისაც ამბები მიაქვს, იმას რატომ არ ენდობით?
- არნდობის ფაქტორი თუნდაც ისაა, რომ ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც უნდა ხდებოდეს, თუკი ბიძინა ივანიშვილი სწორად ინფორმირებულია. ბატონო ბიძინა, თქვენ რომ ინფორმაცია გაქვთ, სათანადო ანალიზის შემდეგ რჩება ფაქტი, რომლის დაფიქსირება მე შემიძლია და არგუმენტირებულად აგიხსნით, რომ ან არასწორად ფლობთ ინფორმაციას და სხვანაირად გაწვდიან, ან თქვენი გარემოცვა ვერ უზრუნველყოფს სიმართლის თქვენამდე მოტანას. თქვენი პირველი საზრუნავი არის ქართველი ხალხი, ამიტომ მინდა, აგიხსნათ, რომ რაღაც თემებში ბოლომდე ვერ ხართ გარკვეული. იქნება გვერდით დადგომა შემიძლია. არ ვიცი, ვინ, მაგრამ ვიღაცები მბლოკავენ და ვერ ვაგებინებ, რომ არის საკითხები, რომელსაც ხელის შევლება სჭირდება. მე მინდა, მას დავეხმარო.

მე იმას არ ვამტკიცებ, რომ მას ატყუებენ, მაგრამ თუ ვხედავ, რომ კარგად ინფორმირების შემთხვევაში ყველაფერი ასე არ იქნებოდა, მიჩნდება სურვილი, თავად ავიღო საკუთარ თავზე პრემიერის ინფორმირება. მინდა, ვუთხრა, რომ აქ რაღაც სისუსტეა, დავუდგები გვერდით და ვიმეგობროთ. მარტო თქვენი გუნდი არ არის თქვენი მეგობარი, საზოგადოებას აქვს სურვილი, გვერდით დაგიდგეთ აღმშენებლობაში.