საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს. საქართველო ნატოს კოლექტიური თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციად განიხილავს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა რესურსი, რათა უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს ნატოს სამშვიდობო ISAF-ის მისიებში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი. ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილებამ, ქართულ საზოგადოების ნაწილში იმთავითვე მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია და ყოველი ქართველი ჯარისკაცის დაჭრისა და მით უმეტეს, დაღუპვის შემთხვევაში, ისმოდა კითხვა - რატომ?
მართლაც ძნელია იმის გაგება, თუ რატომ იყო საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ISAF-ის ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი. ოფიციალური ინფორმაციით, ISAF-ის მისიაში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავდა, შემდეგ იყო დიდი ბრიტანეთი და ამის შემდეგ იყო ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები, რომელთა ჩამონათვალში არის საქართველო. ეს მაშინ, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით ნატო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და არც ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არის კონსენსუსი მიღწეული.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების არგუმენტი ყოველთვის იყო ის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და ამისთვის გარკვეული ვალდებულებების აღება არის საჭირო, რაც ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში გამოიხატა. თუმცა, ალიანსის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ჩვენთვის არ აღმოჩნდა გარანტიის მომცემი და ნატოს ხელმძღვანელობა არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მსოფლიო დემოკრატიისთვის გაღებული წვლილია და ამას საქართველოს ნატოში წევრობა-არაწევრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საქართველოსთან დაკავშირებით ნატო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და უკვე წლებია ქვეყანა ღია კარებში დგას. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს - ეს არის ნატო-ს წევრობა. როგორც კალაძე ამბობს, ღია კარის ნაცვლად, შედეგი გვჭირდება.
„წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა, კარი ღიაა, არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში და იმედი აქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის, რადგან ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორპირმა ქარმა გაციება იცის.
„მე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა - ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი. მე საერთოდ არ მინდა ამ ციფრებს ღრმად შევყვე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ კი საფეხბურთო ენაზე უპასუხა კალაძეს და აღნიშნა, რომ კარი თუ ღიაა, ერთი ადგილი შენ უნდა გქონდეს, რომ იმ კარში გოლი გაიტანო, სხვისი გატანილი გოლის იმედად ყოფნა არ შეიძლება. ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ სევდიანი სანახავია, როცა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები პარტნიორებს საზიზღარი ტონით ესაუბრებიან, პუტინის რუსეთზე კი ხმას არ იღებენ.
ცხადია, რომ საქართველო დღესვე იმსახურებს ნატო-ს წევრობას, თუმცა, ნატო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ხარკი გადახდილი იმისათვის, რომ რაღაცა სტატუსი მაინც მიენიჭოს ნატოსთან მიმართებაში.
„პრაქტიკულად, მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად იზრდება საფრთხეები საქართველოსთან მიმართებაში, რომ საქართველოს გარკვეულწილად, მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამ შემთხვევაში, მიღებული უნდა იყოს კონკრეტული გადაწყვეტილება - ან დადებითი, ან უარყოფითი. ასე, შუა მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნა, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მომგებიანი არ არის.
ან, უნდა აღიაროს აშშ-მა, რომ მას არა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იყოს საქართველოს მფარველი და გზის გამკვლევი ნატოში. ასეთივე აღიარება უნდა იყოს იმ სახელმწიფოების მხრიდანაც, რომლებიც არიან ნატოს წევრი ქვეყნები და რომლებიც ხშირად გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ ჩვენთვის ნატოს კარი არის ღია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
რაც შეეხება პერსპექტივას, იმ მდგომარეობიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს ორკესტრირებული ხასიათი და, რომელიც კეთდება უცხო სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან, კუხალაშვილის შეფასებით, პოლიტიკური დაზვერვის ნიშნებს შეიცავს და არ ემსახურება საქართველოში სტაბილური ოპერატიული ვითრების შენარჩუნებას.
„ვფიქრობ, ამ განცხადებების საფუძველზე და მუდმივად ცრუ მოლოდინების რეჟიმში ყოფნას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობისათვის აქვს დამაზიანებელი ხასიათი“, - აღნიშნა დავით კუხალაშვილმა.
ჯერ აფხაზეთი და სამაჩაბლო და მერე დანარჩენი