მოვა თუ არა ქართულ პოლიტიკაში, ამის შესახებ მკაფიო პასუხი ნინო ლომჯარიას არ აქვს და ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა მოცემულობაც იქნება საქართველოში და სად იქნება მისნაირი ადამიანების საჭიროება. თუმცა, საქართველოში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ლომჯარია პოლიტიკაში შემოვა, რადგან ჯერ კიდევ სახალხო დამცველად მისი ყოფნის დროს ეჭვები ჩნდებოდა, რომ ის პოლიტიკას უმიზნებდა და მისი შეფასებებიც ოპოზიციისთვის სასარგებლო პრიზმაში განიხილებოდა.
ქართულ პოლიტიკაში შემოსასვლელად შემამზადებელ საფეხურს ნინო ლომჯარია სოროსის ფონდის დახმარებით გაივლის, იმ სოროსის, რომლის ცნობილი ფრაზაცაა, რომ „რევოლუციები ხშირად ენთუზიაზმით იწყება და ცრემლებით მთავრდება“ და, რომლის სახელიც გარედან მოწყობილი რევოლუციების კრახით დასრულებას დაუკავშირდა.
სხვათა შორის, თავად სოროსი კატეგორიულად უარყოფდა ე.წ. ფერადი რევოლუციების დაფინანსებას საქართველოში, უკრაინაში, სერბეთში, ყირგიზეთში. ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ პროდასავლურ ორგანიზაციებს აფინანსებდა ამ ქვეყნებში და მისი ბრალი არ იყო, თუკი ამ ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს რევოლუციებს.
დღეს რევოლუციური განწყობა საქართველოში არაა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას ახალ საზოგადოებრივ პლატფორმას სწორედ ის სოროსის ფონდი აფინანსებს, რომლის მიზანიც საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა და, რომლის ხელმძღვანელმაც სულ ახლახანს მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე დაუფარავად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
რას მოუტანს ნინო ლომჯარიას სოროსის ფონდთან დაკავშირება და უმიზნებს თუ არა ქართულ პოლიტიკას?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სოროსის ფონდის დაფინანსება შემთხვევითი დაფინანსება არ არის და ამ ფულს კონკრეტული მოტივი გააჩნია.
„ფული, მით უმეტეს, საკმაოდ დიდი თანხა თუკი მიდის გარკვეული მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ ამას მოტივი აქვს. სოროსი იყო ვარდების რევოლუციის ერთ- ერთი ავტორი, ვარდების რევოლუცია რომ ჩათავდა, სოროსმა გამოაცხადა, ექსპერიმენტი გამოგვივიდაო, რითაც, ფაქტობრივად, ვარდების რევოლუციის ავტორობა აღიარა. ძიებაც აღარ უნდა იმას, სოროსის ფონდის ქართულ ფილიალში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვინც იყვნენ, მათ რა პოლიტიკური პოზიცია ჰქონდათ. გავიხსენოთ, რომ ასეთები იყვნენ ის ხალხი, ვინც მერე აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუკი დღეს გრძელდება ეს ინერცია და ტრადიცია, გასაკვირი არ არის. ამ ტრადიციის ფონზე ისიც ვიცით, რომ სოროსის ფონდი „ნაციონალების“ ხელშემწყობია და რადგან ლომჯარია დათანხმდა სოროსის მხრიდან დაფინანსებას, ე.ი. მან ხელი მოაწერა იმას, რომ ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის დაიკავოს ერთ-ერთი მათგანის მხარე, ანუ „ნაციონალების“ მხარე“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალების“ მხარეს მყოფი ლომჯარია მესამე ცენტრის როლს იმ მოცემულობის გამოც ვერ შეასრულებს, რომ სოროსთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც ლომჯარიას არ შეხედავს, როგორც მესამე ალტერნატივას და საზოგადოების თვალში ლომჯარია იქნება „ნაციონალების“ ერთ-ერთი ვარიანტი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, ფაქტობრივად, ნინო ლომჯარიამ განაცხადი გააკეთა, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში მოვიდეს.
„ყოფილმა სახალხო დამცველმა პირდაპირ თქვა, თუ ისეთი მოცემულობა შეიქმნება, რაც მოითხოვს ჩემს მოსვლას პოლიტიკაში, მაშინ მოვალ პოლიტიკაშიო. აქედან გამომდინარე, მას ყოველთვის შეუძლია განაცხადოს, რომ აი, უკვე შეიქმნა ასეთი მოცემულობა, რამაც პოლიტიკაში მოსასვლელად სტიმული მისცა. ამდენად, ის, რომ ჯერჯერობით თითქოს თავს იკავებს პოლიტიკაში მოსვლისგან, მაინც შეფარული პოლიტიკური განაცხადია“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ სოროსის ფონდი სამოქალაქო აქტივობას აფინანსებს, ან შემთხვევაში, ლომჯარიას ორგანიზაცია განიხილება, როგორც ერთ-ერთი ნჯო, რომელიც ეწევა იმ აქტიობას, რასაც ეწევა.
„სოროსის ფონდს მსგავსი საქმიანობა აქამდეც დაუფინანსებია, ბოლოს და ბოლოს, ორგანიზაცია „სირცხვილია“ ჰყავს დაფინანსებული, თუ არა ვცდები, ოთხჯერ და ახლა ლომჯარიას პლატფორმის დაფინანსება მისთვის პრობლემა არ იქნება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.