პრეზიდენტის იმპიჩმენტის ალბათობა იზრდება - ენმ-ში დაპირისპირებაა, გაცვალონ თუ არა იმპიჩმენტი სააკაშვილის შეწყალებაში

პრეზიდენტის იმპიჩმენტის ალბათობა იზრდება - ენმ-ში დაპირისპირებაა, გაცვალონ თუ არა იმპიჩმენტი სააკაშვილის შეწყალებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა ნაწილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების და იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, ვაჭრობა დაიწყოს. როგორც ჩანს, ამ თემაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და სულაც არ არის ის სიტუაცია, როგორ ერთიანობაზეც თავად პარტიის ლიდერები საუბრობენ. სააკაშვილსი დროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი არევლაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა სტატუსი, სადაც წერს „ან სააკაშვილის თავისუფლება, ან იმპიჩმენტი“, - წერს ის.

გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, არველაძის მსგავსად პარტიაში მიშისტებიც ასე ფიქრობენ და ის სწორედ სააკაშვილის პოზიციას ახმოვანებს.

არის თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი რელური, ეს ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი. როგორც ჩანს, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ამის შიში აქვს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ეს განზრახვა სისრულეში სწორედ ენმ-ის დახმარებით მოიყვანოს. თუმცა, პარტიაში იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ თავის დაზღვევის მიზნით, პარტია კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში არ შევა. ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით და რისკებისგან თავის დასაზღვევად, ენმ-ის ფრაქცია შეთანხმდა, რომ პროცედურას ბოიკოტი გამოუცხადოს. თუმცა პარტიის ლიდერები ვერ დებენ ასეთივე პირობას „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ დეპუტატებზე და ამიტომ მათზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

დღევანდელი მოცემულობა ასეთია, ყველა პოლიტიკური ჯგუფი პრეზიდენტის გადაყენების წინააღმდეგია. თუ ეს მოცემულობა მომავალი ერთი თვე არ შეიცვალა, გამოდის, რომ „ოცნება“ მიზანს სისრულეში ვერ მოიყვანს და სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს მომდევნო ერთი წელი არ დატოვებს. თუმცა, იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანის რისკები არსებობს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, დიდი დაბნეულობაა, რომელიც მალე დაპირისპირებაში გადაიზრდება. აბაშიძე აცხადებს, რომ ენმ-ის კულუარული წყაროებიდან გამოსული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ერთ ნაწილს მიხეილ სააკაშვილის გარეთ გამოსვლა ნამდვილად არ აწყობს, ამიტომ მისი შეწყალების მოთხოვნით ზურაბიშვილთან თავს არ იკლავენ.

„როგორც უკვე ღიად ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმპიჩმენტტან დაკავშირებით, პარტიაში აზრი ორად არის გაყოფილი. ნათლად ჩანს, რომ მერაბიშვილს და კეზერაშვილს სააკაშვილის შეწყალება არ სურთ და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მის შეწყალებაში არ ცვლიან. თუმცა, არსებობენ ვეტერანი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ და, რომელთაც სწორედ უნდათ, რომ შეწყალების თემა პრეზიდენტთან სავაჭრო გახდეს. თავად სააკაშვილი გამომდინარე ინტენსიური პოლიტიკური აქტიურობიდან, თუ ის შეწყალებული ან გირაოთი იქნება გათავისუფლებული, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში მოექცევა.

ამიტომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს ახლა მისი თავისუფლება ამ წინასაარჩვენოდ არაფერში აწყობთ და თავს დიდად არ იკლავენ. ენმ-ის გადაწყვეტილებას, რომ იმპიჩმენტის საკითხს საერთოდ არ დაესწრებიან, ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. ფარული კენჭისყრა იქნება და ნამდვილად ვერავინ ვერ გაიგებს, ვინ დააჭირა მწვანეს და ვინ წითელს. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ პარტია საერთოდ ჩამოშლილია და ყველა საკუთარი მიზნებისთვის მოქმედებს. ამიტომ არაფერია გამორიცხული და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ასევე ძალიან საინტერესო იქნება ნიკა გვარამიას პოზიცია, რომელიც იგივე კულუარული ინფორმაციით იბრძვის, რომ ან პარტიის თავჯდომარის პოსტი მოიპოვოს, ან შექმნას ახალი ენმ-ზე უფრო ძლიერი პარტია, რომელიც ისევ მიხეილ სააკაშვილთან იქნება დაკავშირებული. აბაშიძე ამბობს, რომ გვარამია სააკაშვილის ოჯახთან, დიდი ალბათობით, მოლაპარაკებებს მართავს და სააკაშვილის შეწყალების თემით პრეზიდენტთან ვაჭრობა შესაძლოა კიდევ ერთი ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„ვფიქრობ, თავად სააკაშვილს უნდა, რომ ამ თემით ზურაბიშვილთან ივაჭროს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, კეზერაშვილს და მერაბიშვილს ეს არ აწყობთ. აქ, ალბათ, მეორე თემა ისაა, რომ ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მის წინააღმდეგ სხვა საქმეებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჯერ დამდგარი არ არის. ამიტომ სასამართლოს მისი ისევ წინასწარ პატიმრობაში დატოვება შეუძლია. შესაბამისად, ზურაბიშვილმა, რომც შეიწყალოს, ერთი დღით თუ დატოვებს ციხეს. ამიტომ, ალბათ, ამასაც ფიქრობენ, რომ მოდი, დასავლეთის თვალში აუტკივარი თავი არ ავიტკიოთ და რაღაცა ერთი დღის გულისთვის ამხელა ამბავი არ ავტეხოთ. აი, ეს მიზეზიც შეიძლება იყოს. ამიტომ სააკაშვილზე დიდად ეს ხალხი არ ნაღვლობს, პირიქით, აწყობთ სადაც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, შესაძლოა, სიტუაცია ისე დაიძაბოს, რომ საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღონ“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ ენმ-ის მხრიდან იმის გაცახდება, რომ თავის დაზღვევის მიზნით, კენჭისყრას საერთოდ არ დაესწრებიან, უკვე საეჭვოა. ძაბირაძე for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ენმ-ის სიით გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს საბჭოს წევრების არჩევას მხარი ერთხელ უკვე დაუჭირეს, ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც დაუჭირონ მხარი.

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილსაც ამის ეჭვი აქვს, ან რაღაცა კულუარული ინფორმაციები მიუვიდა, რომ ენმ-იდან შესაძლოა, მის იმპიჩმენტს ვინმემ მხარი დაუჭიროს. „ნაციონალურ მოძრაობაში“, სიტუაცია იმდენად არის არეული, არაფერია გასაკვირი. შესაძლოა, ხელისუფლებამ ამით გადაბირება მოახერხოს, ან რამის სანაცვლოდ დაითანხმოს. არის დეპუტატების ნაწილი, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და იმას გააკეთებს, როგორც მისთვის უკეთესი იქნება. ვფიქრობ, ოპოზიცია ძალიან ცუდად იქცევა, როცა ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე არ არის და ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. ეგ კი არა, საკუთარ პარტიაში არ ენდობიან ერთმანეთს და ამათ გადაბირებას რა უნდა. ალბათ, „ოცნებამ“ ცოტა მეტი რომ მოინდომოს, იპოვის ამ 10 კაცსაც, არ გაუჭირდება. ამიტომ გადაწყვიტა, ალბათ პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრა, რომ ეს რისკი არსეობს და მას აქვს რაღაცა უფრო მეტი ინფორმაცია. შესაძლოა, ელჩებთანაც ამაზე ისაუბრა. ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი“, - ამბობს ძაბირაძე.