საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. ის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფ-ეს-ბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. რა ტიპის საფრთხის შექმნა შეეძლო მას ჩვენი ქვეყნისთვის პროკურორის პოსტზე მუშაობისას და ზოგადად, რას მიანიშნებს ასეთი სუბიექტების სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა?! ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე გვესაუბრება.
- თუ საკითხს ფხიზლად შევხედავთ და თავს არ დავიმშვიდებთ უსარგებლო რიტორიკით, რომ დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა სურს, უსაფრთხოების ჭრილში, სოსო გოგაშვილის (სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც დღეს ციხეში ზის) სკანდალის შემდეგ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის მეორე კატასტროფაა. ფარცხალაძე გენერალური პროკურორი იყო, რაც თავისთავად, საგამოძიებო სისტემაზე კონტროლს გულისხმობს, თუმცა, ჩრდილოვანი მმართველობის იერარქიაში მას კიდევ დამატებითი ფუნქციები ჰქონდა და სახელმწიფო უწყებებსა თუ ბიზნესებზე განუზომელ გავლენას ფლობდა. როცა ამ მასშტაბის ფიგურას მტრულ ქვეყანასთან აგენტურული კავშირი დაუდგინდება, ეს უსაფრთხოების სისტემის სრული კრახია. პოლიტიკურ ჭრილში, მმართველი პარტიისთვის ეს კიდევ ერთი საკადრო ჩავარდნაა: მათივე თქმით მოღალატე პრეზიდენტებისა და „კოკაინშიკი“ თუ კორუმპირებული პრემიერების რიცხვს შეემატა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დადგენილი და სახდეპის სანქცირებული „ეფ-ეს-ბეს“ აგენტი გენერალური პროკურორი, რომელსაც ყალბი დიპლომისა და კრიმინალური წარსულის საქმეზე მთელი მმართველი პარტია გადაეფარა . ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, ამ შეცდომების ფონზე პარტია ნდობის ვოტუმს ამოწურავდა.
- სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ. როგორია დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და რა გამოწვევის წინაშე გვაყენებს ინსტიტუციური დაპირისპირება?(პრეზიდენტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მთავრობა და პარლამენტი)
- რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება და შესაბამისად, საქართველოსაც გაზრდილი რისკების გარემოში უწევს ცხოვრება. ცხადია, რუსეთის გამარჯვება საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა, თუმცა, არანაკლებ საფრთხისშემცველია სცენარი, თუკი რუსეთი შეინარჩუნებს სტატუს-ქვოს და მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი გახდება. ბუნებრივია, რუსეთის დამარცხება საქართველოსთვის ერთადერთი მისაღები შედეგია, თუმცა ამ შემთხვევაშიც უცნობია, რა სტატუსით გაფორმდება რუსეთის დამარცხება და რას მოიმოქმედებს კრემლის რეჟიმი ამ დამარცხების გადასაფარად. ცალკე საფრთხეების შემცველია რუსეთში მარცხის შემთხვევაში ამ ქვეყანაში მოსალოდნელი არეულობა და დეზინტეგრაციული პროცესები. ერთადერთი პოზიტიური შედეგი ამ ომისა ის გახლავთ, რომ დასავლეთი ერთსულოვანია რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში და გარდა საქართველოში არსებული კრემლიდან მართული ძალებისა, შეკითხვაც კი არავის უჩნდება, რომ 2008 წლის აგრესიაც ზუსტად ისევე იყო არაპროვოცირებული, როგორც უკრაინაში შეჭრა. ასევე, ევროპამ დაიჯერა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ინტეგრაციის ტემპების დაჩქარებაზე თანახმაა. ამ ტურბულენტურ გარემოში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ბენეფიტების მიღებას და უსაფრთხოების ქოლგის პოვნას. ერთადერთი გზა ინტეგრაციისკენ რეფორმების დაჩქარება, თავსებადობის მაღალი ხარისხის მიღწევა და საგარეო პოლიტიკის თანხვედრაა. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება მისდევს, თითქოსდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეალურად მეტად სარისკოა, რადგან რუსეთი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს და არა პირადი განწყობებით და ემოციებით...
რაც შეეხება პრეზიდენტისა და მთავრობა-პარლამენტის დაპირისპირებას. ზოგადად პოლარიზაცია, რომელსაც ხშირად რუსეთის სპეცსამსახურები აღვივებენ, ქვეყბნისთვის მეტად საზიანოა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ერთი პარტიის მიმერ მართული ორი ინსტიტუტი ვერ ახერხებს ვიზიტების დაგეგმვასაც კი იმგვარად, რომ ამან კონფრონტაციული რიტორიკა არ გამოიწვიოს, ეს პირდაპირ ბადებს არშემდგარი სახელმწიფოს ასოციაციას. ამაზე პასუხისმგებელი კი მმართველი ძალაა. დასავლეთისთვის ყოველთვის გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს პრეზიდენტის მისწრაფება, სტატუსის მისაღებად გამართოს ვიზიტები პარტნიორ ქვეყნებში? თუ რაიმე კაზუსი იყო, და მთავრობისა და პრეზიდენტის დეკლარირებული მიზანი, კონსტიტუციური ვალდებულება ევროინტეგრაციის ხელშეწყობაა, რატომ ვერ მოხერხდა ტექნიკურ საკითხებზე პოზიციების დაახლოვება და შეჯერება? უთუოდ სისტემის პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას საელჩოს წარმომადგენელიც კი არ ახლავს და განცხადების ჩაწერა ტელეფონით ხდება. ბუნებრივია, დასავლეთის დედაქალაქებში ეს საკითხისადმი უკიდურესად არასერიოზულ დამოკიდებულებად აღიქმება
- ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მაგალითის გათვალისწინებით, რისი თქმა შეიძლება, რა პროცესია ახლა ქვეყანაში დაწყებული და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
- სამწუხაროდ, საარჩევნო თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლარიზაცია ალბათ უფრო გაღრმავდება. მმართველი ძალა ცდილობს, დასავლეთი დაარწმუნოს, რომ ის არის ერთადერთი დასაყრდენი საქართველოში და ამისთვის პარტნიორებმა მას შიდაპოლიტიკური კარტბლანში უნდა მისცენ. ამ კონტექსტში რუსეთთან და ჩინეთთან დაახლოება გარკვეულ შანტაჟადაც აღიქმება, რაც პარტნიორების იმედგაცრუებას კიდევ უფრო აღრმავებს, რადგან ისინი დღემდე თვლიდნენ, რომ საქართველო ერთგული იყო დასავლური არჩევანის და მუშაობა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე - თავსებადობის ამაღლებაზე მიმდინარეობდა. მგონია, რომ სტატუსს ამ წლის ბოლოს მოგვცემენ, გარკვეული დათქმებით, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი. მმართველობის იმ სისტემით, რომელიც ახლა საქართველოშია დამკვიდრებული, ჩვენ ახლა დასავლეთს არ ვუახლოვდებით.