სააკაშვილის და მისი მეგობარი ქალბატონის ვოიაჟი კოლუმბიაში, ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის საფლავის მოსანახულებლად, ბიუჯეტმა დააფინანსა

სააკაშვილის და მისი მეგობარი ქალბატონის ვოიაჟი კოლუმბიაში, ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის საფლავის მოსანახულებლად, ბიუჯეტმა დააფინანსა

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ გაფორმებული ორი ხელშეკრულება. მხოლოდ აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მეგობარ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კურორტებზე, მათ შორის კოლუმბიაში და რაც საინტერესოა იმყოფებოდა ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის საფლავზე. სააკაშვილის ეს ვიზიტიც, ისევე როგორც სხვა ვიზიტები, დაფინანსებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თავად მსჯავრდებული სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ სკანდალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დუმილს არჩევენ, თუმცა დუმილის მიუხედავად, ცნობილია, რომ სააკაშვილს უახლოეს მომავალში ახალ ბრალს წაუყენებენ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყებაში შესაბამისი კომისია შეიკრიბა და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო.

„ის, რომ პრეზიდენტის ჩარტერები თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული ჰქონდა გრიფით „საიდუმლო“ სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული - ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი, პარალელურად, მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო“, - განაცხადათავ დაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცხადია, რომ იკვეთება სააკაშვილის მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და თანხებს პირადი მიზნებისთვის გამოყენება, რაც გამოძიების საფუძველი ხდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან უნდოდათ „პიჯაკებად“ შეფუთვა ამ ყველაფრის, მაგრამ სინამდვილეში ხალხის ფული „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ჯიბის ფულად მიაჩნდა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, თუკი არის დანაშაულის ნიშნები, უნდა იქნას გამოძიებული.

„საქართველოს ხალხის მიერ გადახდილი ფული საკუთარი ჯიბის ფულად მიაჩნდათ და საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ. ეს ყველაფერი ქვითრებითა და სხვადასხვა დოკუმენტებით არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ასეთი საკითხები გასაჯაროვდეს და თუ არის დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ასეთი საკითხები უნდა იქნას გამოძიებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიმართავს ჟურნალისტებს, რომ სააკაშვილის ფანკლუბის წერვებისგან მიიღონ პასუხი კითხვაზე - რა უნდოდა საქართველოს ექს-პრეზიდენტს 20 ათას კილომეტრში პაბლო ესკობარის საფლავზე? მისივე თქმით, ამ წარმოუდგენელ მასკარადში, ვოიაჟებში, გაუგებარ ვიზიტებში, რომელიც თურმე ქვეყნის აღმშენებლობას ემსახურებოდა, იხარჯებოდა საქართველოს გადამხდელების მილიონობით ლარი.

„ბუნებრივია, გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ ვინ, სად დადიოდა და ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს. დანაშაული ჩადენილია, უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და პასუხისგებაში მიეცნენ. როცა საუბრობთ ღარიბაშვილების ოჯახის მიერ გაწეულ კერძო ხარჯზე, აქ, რა თქმა უნდა, ოპონენტი ლოგიკურად აუცილებლად დასვამს ამ კითხვას, აგერ, ადამიანი, რომელიც მართალია, სხვა დანაშაულზე სასჯელს იხდის, ბრალი აქვს წარდგენილი 8 მილიონის მასაჟისტების, მანიაკ მკერდმოშიშვლებული მხატვრებისა და მკბენარა მასაჟისტების აქ ჩამოთრევაში. არ მახსოვს, ვინმეს კითხვა დაესვას, რა უნდოდა ავღანეთში რომ ჩავიდა, შემდეგ დუბაიში, ან უგულავას მასთან ერთად სპა კურორტზე იტალიასა და შვეიცარიაში? რატომ? მისი წონის კლება საქართველოს პრობლემა იყო? რატომ არასდროს დაგისვამთ ეს კითხვა?“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კი ითხოვს, რომ „პუტინის ტყვე კაცი“ პატიმრობაში მაინც დაასვენონ.

„დაასვენეთ, უხერხულია. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, ვინაიდან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ, რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა? 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა. ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ გეთქვათ მადლობა იმ პრეზიდენტისთვის, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია - ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

სკანდალური ბრალდების მიუხედავად, დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სააკაშვილი თურმე თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა და აქამდე მალავდნენ, სიყალბეა.

„აღშფოთებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა და „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ საზოგადოებას 2023 წლამდე დაუმალა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული სკანდალი იყოს გამართლებული. თურმე, იცოდნენ, რომ სააკაშვილის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე არამიზნობრივი ხარჯები იყო და აქამდე მალავდნენ. ეს მხოლოდ მაშინ გაასაჯაროვეს, როცა ირაკლი ღარიბაშვილს დასჭირდა. ეს არის სიყალბე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

„მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე სააკაშვილის მხრიდან უკანონო ხარჯები ყოფილა, რაც მისი თქმით, სერიოზული აღარ არის. ელისაშვილი თვლის, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს როგორც ამ საქმეზე, ისე ღარიბაშვილის კერძო ვოიაჟზე.

„აქამდე ეძინათ და არ იცოდნენ, რომ 14 მილიონი იყო გაფლანგული?! ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო რესურსს „საგულაოდ“ იყენებდა და ქალებს და არა მხოლოდ ქალებს საკუთარი სიამოვნებისთვის დაატარებდა, ყველამ ვიცით. სააკაშვილი ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებდი და ამიტომაც გულს მირევდა სახელმწიფოს რესურსების მიმართ მისი დამოკიდებულება.

არანაკლებად გულისამრევია ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაატარა - თან ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, რომ პენსიონერებს მუთაქაში 34 ათასი ევრო აქვთ გადაკეცილი ისე, ვითომც არაფერი - რა თქმა უნდა, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. ვართ ხალხი, რომელსაც არც სააკაშვილის ფადი შაჰობა მოგვწონდა და არც ირაკლი ღარიბაშვილის დაუფარავი მექრთამეობა მოგვწონს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გამოძიების დაწყებას ითხოვენ ანალიტიკოსები. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკამოდ დააგვიანა, რადგან ამ გრიფის ახსნის საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც პირველი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„დაგვიანებულია, თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რაც შეეხება გრიფის ახსნას, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, მათ შორის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მონაწილეობით, რომლებიც ამ ყველაფერს არ გამოიყენებენ სხვა მიზნებისათვის. კომისია შეისწავლის ამ ვიზიტების ნაირსახეობას და აღმოჩნდება, რომ ვიზიტი არ ემსახურებოდა და არ იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი.

აუცილებლად არა თუ გასაჯაროვდეს, არამედ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ჩვენ არ მივეჩვიეთ იმას, რომ სახელმწიფოს თანხების არამიზნობრიბ ხარჯვაზე ადამიანებმა პასუხი არ აგეს, ასეთ შემთხვევაში, ყველა იერარქიაზე მივიღებთ ვითარებას, რომელსაც კორუფციის ინსპირირება შეუძლია და რაღაცას ისეთის კეთება, რომელიც საბოლოო ჯამში, დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ქვეყანა გახდება ძალიან მაღალი დონის მოწყვლადი კორუფციისათვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ გამოძიების ხელთ გაცილებით მეტი საქმეა, ვიდრე წარმოდგენილია საჯაროდ. მისი თქმით, სააკაშვილს ბევრად მეტი აქვს მოპარული, ვიდრე წარდგენილი აქვს ბრალი - 9 მილიონზე.

„ახლა გამოაშკარავდა, რომ 40 მილიონამდე გაფლანგვა აქვს თავდაცვის სამინისტროს ხარჯებიდან. კიდევ მეტი საქმეები აღმოჩნდება და მე ვფიქრობ, რომ არა მარტო მილიონებზე იქნება გამოძიება, მალე გადავა მილიარდებში, რომელიც მას მოპარული აქვს საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მითხარით, საიდან გახდა დედამისი მილიონერი, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, დაუსაბუთებელი ქონება აქვს 135 მილიონი დოლარი. საიდან? როგორ ჩაიგდო დედამისმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები?

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ ლარად როგორ ჩაიგდო ხელში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი სტადიონი? უზარმაზარი ტერიტორიები? ეს ხალხი კიდევ ბედავს და პოლიტიკაში უნდა დაბრუნება და კიდევ რაღაცებზე აქვთ პრეტენზიები. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში გარე სახელმწიფოები უშნოდ აფათურებენ ხელს, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს, თორემ კარგს არაფერს არ მოიტანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

 

ცუგო- კიდევ ერთი სანახაობა გველოდება
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მეგობარ ქალბატონთან ერთად ესკობარის საფლავის მოსანახულებლად არ დადიან! ალბათ საყვარეთან (любовница) ერთად იყო?! მოვითხოვთ გასაჯაროვდეს ამ "მეგობრის" ვინაობა!
1 წლის უკან