„მარგველაშვილისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირება, არა მგონია, ზურაბიშვილის ამოცანა იყოს“

„მარგველაშვილისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირება, არა მგონია, ზურაბიშვილის ამოცანა იყოს“

რას მიანიშნებს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან და მათ შორის დაწყებული გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები? რისთვის დასჭირდა სალომე ზურაბიშვილს ყოფილი „ნაცების“ მიწვევა, ნუთუ მხოლოდ ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით სასაუბროდ? პრეზიდენტ მარგველაშვილის მსგავსად, შეიძლება თუ არა გადადგომის შემდეგ ახლანდელი პრეზიდენტიც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად ვიხილოთ, თუ მას საქართველო არც აინტერესებს, მით უმეტეს, არ აინტერესებს ეს არარსებული ოპოზიცია, და საკუთარ მომავალს უცხოეთის მაღალ თანამდებობებს უკავშირებს?

თავის დროზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ანტაგონისტური დამოკიდებულება ჰქონდა „ნაციონალებთან“, ახლა კი უარს არ ამბობს ყოფილ ნაცებთან შეხვედრაზე-სამადაშვილი, დეკანოიძე. განსაკუთრებით, სამადაშვილის მხრიდან იგრძნობა სიმპათიები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი ოპოზიციას ხვდება, მაგრამ თუკი ადრე ეს შეხვედრები მისი, როგორც ზეპარტიული თანამდებობის მქონე პირის, სურვილით აიხსნებოდა, შეხვედროდა ყველას, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ახლა დაეჭვების მეტი საფუძველი არსებობს, მით უმეტეს, როცა დღის წესრიგში დგას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.

აპირებს თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციასთან აფილირებას?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციასთან იმ დოზით თანამშრომლობს, რა დოზითაც ეს აწყობს. ვხედავთ, რომ ის მართავს შეხვედრებს ოპოზიციასთან, მაგრამ მაინც დისტანციას იჭერს მათ მიმართ, ანუ ოპოზიციას ხვდება, ისმენს მათ პოზიციებს, მაგრამ მათ დაკრულზე ჯერჯერობით ბოლომდე არ ცეკვავს. მაგალითად, არ ასრულებს ოპოზიციის მოთხოვნას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპოზიციის მიერ მისთვის წაყენებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. მარტივად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი თამაშობს, პოლიტიკურ თამაშებს ეწევა, ნიადაგს სინჯავს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, თავისი იმიჯი გააუმჯობესოს, პოლიტიკური ქულები აკრიფოს, რათა პრეზიდენტის ვადის ჩამთავრების შემდეგ კარგი შანსები ჰქონდეს დასავლეთში პრესტიჟული, გავლენიანი სამსახურის საპოვნელად, ან, ზოგადად, კარგი რეპუტაციით წავიდეს ამ თანამდებობიდან.

„რაში უნდა აინტერესებდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ოპოზიცია?! ოპოზიციის ერთიანი ლიდერი ის ვერ გახდება მთელი რიგი გარემოებების გამო. ლიდერი რომ გახდეს, საზოგადოების ფართო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, ასევე, ლიდერობას სჭირდება ის, რომ სხვებმა უნდა ჩაიწიონ გვერდზე, თუნდაც იმავე მიშა სააკაშვილმა. ბევრი ფაქტორი უშლის ხელს ახლანდელ პრეზიდენტს ოპოზიციის ერთიან ლიდერად გახდომაში. თუმცა არაფერია გამორიცხული, შეიძლება, მას დასავლეთიდან ეუბნებოდნენ კიდეც, რომ ოპოზიციაში ლიდერების დეფიციტია და მოდი, შენ ითავე ოპოზიციის ლიდერობა, მაგრამ რამდენად დათანხმდება პრეზიდენტი ამას, ეს მეორე საკითხია“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

ის, რომ, მარგველაშვილის მსგავსად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიძლება ოპოზიციის ნავში აღმოჩნდეს, ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს წარმოუდგენლად არ მიაჩნია, მით უმეტეს, ამ მეტამორფოზების ეპოქაში, მაგრამ თვლის, რომ სხვა საკითხის გამო ხვდება პრეზიდენტი ოპოზიციონრებს. მისი აზრით, მთლად დამაჯერებელი არ არის კიდევ ერთი ვერსია, თითქოს პრეზიდენტი ოპოზიციას იმიტომ ხვდება, რომ იმპიჩმენტის მოგერიებისთვის ემზადება. ოპოზიცია მხარს რომ არ დაუჭერდა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს იმთავითვე ცხადი იყო, რადგან იმპიჩმენტის ინიციატორი იყო ხელისუფლება. არც პირველად ვხედავთ და არც უკანასკნელად, რომ ხელისუფლების ინიციატივები ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერილი არ არის.

ანალიტიკოსის აზრით, პრეზიდენტს ოპოზიციასთან გარკვეული საერთო აქვს თუნდაც რუსეთთან მიმართებით - რუსეთისკენ მიდის ეს ხელისუფლება, თუ არ მიდის? პრეზიდენტის ინტონაცია, რამაც დაძაბულობის ტალღა გამოიწვია ხელისუფლებასთან, სწორედ რუსეთის თემას უკავშირდება.

რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, პრეზიდენტმა იმიტომ შეკრიბა ოპოზიციონრები თავის სასახლეში, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაადგმევინოს ნაბიჯი და დეპოლარიზაციის ინიციატორი იყოს, პარტიებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრაზე იზრუნოს. მით უმეტეს, ბორელთან საუბრისას ამ თემამ გაიჟღერა. თანაც, პრეზიდენტი ევროპელების რეკომენდაციებს ანგარიშს უწევს, რომლებიც დეპოლარიზაციას მოითხოვენ. პოლარიზაციას აღვივებს ისიც, რომ ოპოზიცია იმუქრება, თუკი კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ქუჩაში გამოვალთო. ეს ძალიან მწვავე პოლარიზაციის ფორმულაა, რადგან ქუჩამდე მივა თუ არა საქმე, ერთმანეთს სასიკვდილოდ უპირისპირდებიან.

„გაჰყვება თუ არა ზურაბიშვილი მარგველაშვილის გზას? არა მგონია. მარგველაშვილს სხვანაირი მომავალი ჰქონდა, ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, სხვანაირი ექნება. კერძოდ, მარგველაშვილი დარჩა საქართველოში, არ წასულა არსად, ამიტომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს მარგველაშვილი ოპოზიციის სასარგებლოდ გამოეხმაურა. საქართველოში დარჩენილი პოლიტიკოსისთვის, რომელიც მოკვეთილია „ოცნებისგან“ და რომელთანაც კავშირი აღარ აქვს „ოცნებას“, ოპოზიცია რჩება პოლიტიკასთან დამაკავშირებელ რგოლად. მარგველაშვილისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირება, არა მგონია, ზურაბიშვილის ამოცანა იყოს. პრეზიდენტობას რომ დაამთავრებს, მას საშუალება აქვს, სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაერთოს და იქ მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.