„კი ბატონო, ვამბობთ, რომ ეს სამხედრო ბაზა დაგვიცავს, მაგრამ სანამ ბაზას განათავსებენ, მანამდე რომ რუსებს 2 საათში ჩვენი ქვეყნის სრულად გადაკეტვა შეუძლია, ვინ გვიცავს?“

„კი ბატონო, ვამბობთ, რომ ეს სამხედრო ბაზა დაგვიცავს, მაგრამ სანამ ბაზას განათავსებენ, მანამდე რომ რუსებს 2 საათში ჩვენი ქვეყნის სრულად გადაკეტვა შეუძლია, ვინ გვიცავს?“

არსებობდა თუ არა რეალურად ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის შეთავაზება, რომ უკრაინის ომამდე, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება მომხდარიყო?! ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი 12 სექტემბერს მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ჰყვებოდა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი საქართველოში „უპრეცედენტო შეთავაზებით“ ჩამოვიდა - „შეერთებული შტატები მზაობას გამოთქვამდა, გაეხსნა სრულფასოვანი სამხედრო ბაზა საქართველოში. 1800-კაციანი კონტინგენტი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებლობას იღებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ოცნებამ“ ისტორიულ შესაძლებლობაზე უარი თქვა და ბედის ანაბარა დაგვტოვა“.

აღნიშნულ ინფორმაციას ხელსიუფლება სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი შეთავაზება ამერიკის თავდაცვის მინისტრისგან არ ყოფილა და ეს მოგონილი ამბავია. თუმცა მმართველი გუნდი აქვე დასძენს, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა ვერ იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და ასეთი პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ნატოს შეუძლია. სხვაგვარად მსგავს თემებზე საუბარი მხოლოდ მიზანმიმართული პროვოკაციაა.

ლოიდ ოსტინი 2021 წლის ოქტომბერში საქართველოსა და უკრაინაში ჩავიდა. უკრაინამ აშშ-ისგან სამედიცინო ტვირთი და შეიარაღების მეორე პარტია მიიღო. საერთო ჯამში, 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აგვისტოში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიზიტისას შეთანხმდა.

მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ არ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დახმარება მოითხოვა და რას მიიღებს მომავალში აშშ-ისგან საქართველო. მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ ხელისუფლების დუმილის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის - „არგაღიზიანების პოლიტიკა“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი არასერიოზულს უწოდებს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტებთან კომენტარში კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობაა.

„წყარო ლიკა (ბასილაია-შავგულიძე) ვიღაც გვარი ეწერა, არის ამის წყარო. ეს ხომ არასერიოზულია - ეს ერთი. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, არის ნატოს წევრობა. თქვენ იცით, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატოს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია.

რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ჯერ წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს... ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ?! ნატოს ქოლგაა ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი არასერიოზული“, - თქვა კობახიძემ.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ნაკლებად სანდოა. ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება არგანთავსების თემა ძალიან სენსიტიურია და ეს საკითხი უკვე ათწლეულებია რაც დავის საგანია. მისი აზრით, ამერიკამ თავად, ამ ხნის განმმავლობაში, ჯერ კიდევ ვერ გაბედა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.

„ამ თემაზე დავა და აზრთა სხვადასხვაობა მუდმივად არის და ეს საკითხი პერიოდულად აქტიურდება. ნამდვილად არ მჯერა, რომ 2021 წელს ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ეს შემოგვთავაზა. ამერიკელებს 2008 წელს რომ გაებედათ და აქ სამხედრო ბაზა დაეყენებინათ, რუსები ომს ვერ წამოიწყებდნენ და ამ სისხლისღვრას თავიდან ავიცილებდით. პირიქით, ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ, რუსებთან ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა გადაწყვიტა.

 ეს კი ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის უდიდესი შეცდომა იყო. დღეს, როდესაც უკრაინაში ამხელა ომია და რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი, ამერიკის ბაზების საქართველოში განთავსებას, როგორც პლუსი, ასევე მინუსი აქვს. დადებითი ისაა, რომ თუკი ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდება, ქვეყანა უფრო გაძლიერდება. ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით, როგორც საჰაერო, ასევე სახმელთო თავდაცვის გაძლიერება. ასევე ამერიკა იღებს საქართველოზე თავდაცვის კუთხით გარკვეულ პასუხისმგებლობას. ამასთანავე, ეს უზარმაზარ რისკს შეიცავს. რუსეთს ამ მიზეზით შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ ძალა გამოიყენოს. გვახსოვს ყველას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქრათველოს როგორ შეპირდნენ ნატოში გაწევრიანებას, რომელიც საბოლოოდ უდიდესი ავანტურა აღმოჩნდა. რუსეთს კი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების საბაბი მიეცა. ამიტომ შესაძლოა ამ ყველაფერს იგივე პროვოკაციის სახე მიეცეს“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, მართალია, რუსეთი ახლა უკრაინასთან ომში იმყოფება და დიდი პრობლემებიც აქვს, მაგრამ მას ეყოფა იმის ძალა, რომ საქართველოს წინააღმდეგ კვლავ ომი წამოიწყოს. ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნატოს მხრიდან 2008 წლის მსგავსად მხოლოდ სიტყვებით დაპირება არ უნდა. თუ არ იქნება ეს რეალური ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ მსგავს პროვოკაციებზე კიდევ ერთხელ წავიდეს.

„ბაზის ჩამოყალიბებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საკმაო დრო სჭირდება. ეს თვეებში და კვირეებში არ ხდება. მაშინ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომლებიც ცხინვალში და აფხაზეთში არიან განლაგებულები, იმის პოტენციალი აქვთ, რომ თბილისი-გორის ცენტრალური გზა რამდენიმე საათში გადაგვიკეტონ, ქვეყანა ორად გაყონ, ჩვენი დამხმარე ასეთ დროს ვინ იქნება? მსგავსი მცდელობა რუსეთს 2008 წელს უკვე ჰქონდა. ვინ გამოვა იმის გარანტორი, რომ ჩვენ ეს საფრთხე არ დაგვემუქრება? კი ბატონო, ვამბობთ, რომ ეს სამხედრო ბაზა დაგვიცავს, მაგრამ სანამ ბაზას განათავსებენ, მანამდე რომ რუსებს 2 საათში ჩვენი ქვეყნის სრულად გადაკეტვა შეუძლია, ვინ გვიცავს? ხომ არ ჰგავს ეს ისევ იმ ამბავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ბუქარესტის სამიტზე მოხდა. შეგვპირდნენ, რომ საქართველო ნატოს წვერი გახდებოდა, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და არ გავხდით. ამიტომ ამ რისკებს გაანალიზება უნდა“,-ამბობს ალადაშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ფიქრობს, რომ მსგავსი შეთავაზება ამერიკის თავდაცვის მინისტრისგან ნამდვილად იქნებოდა და გამორიცხული არაფერია. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ 2021 წლის ოქტომბერი ის პერიოდია, როცა ამერიკამ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად ამერიკელებს სჭირდებოდათ წარუმატებელი გეოსტრატეგიული მდგომარეობა ცენტრალურ აზიაში რაღაცით გამოესწორებინათ. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ მათ სამხედრო ბაზების განთავსება კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში მოესურვებინათ.

„დიდი ალბათობით, ამერკის თავდაცვის მინისტრის მხრიდან ეს შეთავაზება ჩვენი ხელისუფლებისთვის დახურულ კარს მიღმა მოხდა. ვფიქრობ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ამერიკელებს ცენრალურ აზიაში განცდილი მარცხის შემდეგ, სურდათ კომპესაციის სახით ბაზები კავკასიაში განეთავსებინათ. ამით კი შემდეგ ცენტრალურ აზიაში უფრო მარტივად დაბრუნდებოდნენ. საქართველო კი, როგორც სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყანა, ლოგიკურია მათ მიერ შერჩეული იქნებოდა.

ფაქტობრივად, ამერიკელები გვთავაზობდნენ, რომ ნატოში სრულ მასშტაბიანი გაწევრიანებამდე ჩვენ გვქონოდა სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებისგან მათ ამაზე უარი მიიღეს და ეჭვი მაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა და პირველი ბზარი გაჩნდა. რა თქმა უნდა, უკრაინის ომმა კი სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. მე ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ ეს ინფორმაცია მედიაში თავად ამერიკელებმა გამოიტანეს. როგორც ჩანს, ეს ამბავი მათ სურთ, რომ განხილვის არეალი გახდეს“, - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით „ოცნებამ“ ამაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ ამერიკა ცენტრალურ აზიაში სუსტდებოდა და მისი გავლენები იკლებდა. მაისაიას აქვს ეჭვი, რომ „ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება თავისი პირადი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკიდან“ გამომდინარე, ჩათვალეს, რომ აუტკივარი თავი არ უნდა აეტკიებინათ.

 

რომანი მაისაიას - ამერიკული მხარის პასუხი არ არის ხომ შენთვის მნიშვნელოვანი? თუ ისინიც ცრუობენ, როგორ შენ?
1 წლის უკან