შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული სვიატოსლავ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1989 წელს დაბადებული გიორგი ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სვიატოსლავ ა-მ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, სიტყვიერი შეკამათების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1993 წელს დაბადებულ ოლეგ გუცანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. სვიატოსლავ ა-მ და მისმა თანმხლებმა გიორგი ტ-მ ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარე ალაზანში გადააგდეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ლაგოდეხის რაიონში დააკავეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

სვიატოსლავ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი – არარეგისტრირებული ერთლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად ოლეგ გუცანის ცხედარი მდინარე ალაზანში 26 სექტემბერს იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება სვიატოსლავ ა-ს მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108-ე მუხლით), ხოლო გიორგი ტ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.