ფრანგმა მოქალაქემ სასტუმროს ნომერში მკვლელი თავად შეუშვა

ფრანგმა მოქალაქემ სასტუმროს ნომერში მკვლელი თავად შეუშვა

[presage.tv]

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 40 წლის ფრანგი მამაკაცი სავარაუდოდ, ქართველმა ახალგაზრდამ შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. ინციდენტი სასტუმროს მესამე სართულის ნომერში გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულს სხეულზე და კისრის არეში ბასრი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. მიცვალებული საკუთარ ნომერში სასტუმროს მომსახურე პერსონალმა იპოვა.

ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი მკვლელს იცნობდა, რადგან მისი ნებართვის გარეშე, სასტუმროს ნომერში შეღწევას ვერავინ მოახერხებდა.

"ქორთიარდ მერიოტის" მენეჯმენტი სასტუმროს კლიენტსა და მის პირად სტუმარს შორის წუხელ მომხდარ ინციდენტს ადასტურებს.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს "ქორთიარდ მარიოტის" დაცვის უფროსმა ზაზა კვარაცხელიამ განუცხადა, "შიდა განაწესის მიხედვით, არავის აქვს უფლება, სტუმრის სართულზე და მით უფრო მის ოთახში თავად სტუმრის სურვილის გარეშე მოხვდეს".

ამასთან, მან სავარაუდო მკვლელის ვინაობის დასახელება არ ისურვა. ეჭვმიტანლის ვინაობას ჯერჯერობით არც შსს ახმაურებს.

"ამ ეტაპზე მისი ვინაობა უცნობია. სავარაუდო მკვლელის იდენტიფიკაციის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს" - განუცხადა "პირWელს" სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ზურა გვენეტაძემ.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ სასტუმროში, ერთ-ერთ ოთახში მართლაც მოხდა სამწუხარო ინციდენტი ჩვენს ერთ-ერთ სტუმარსა და მის პირად სტუმარს შორის. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი შინაგანაწესის მიხედვით, სასტუმროს ოთახში უცხო პირი თავად სტუმრის ნებართვის, მისი კეთილი ნების გარეშე ვერ მოხვდებოდა და ვერ მოხვდება", - განაცხადა დაცვის სამსახური უფროსმა ზაზა კვარაცხელიამ.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი მესამე სართულის აივნიდან ნაჭრის თოკის დახმარებით ჩაძვრა, ხოლო თოკი ადგილზე დატოვა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებისთვის საინტერესო გარკვეული მასალა სასტუმროს ვიდეოკამერებაც დააფიქსირეს.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე, მკვლელობის მუხლით დაიწყო . როგორც შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საფრანგეთის საელჩოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქათამაძემ განუცხადა, დიპლომატიურ წარმომადგენლობისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.

"თუ საელჩო ოფიციალური კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს, აუცილებლად გაცნობებთ", - აღნიშნა ქათამაძემ.