ევროპიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს იმპიჩმენტის შიში გაუჩნდა

ევროპიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს იმპიჩმენტის შიში გაუჩნდა

ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს. შეხვედრის მონაწილე დეპუტატები აცხადებენ, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, ცნობილია, რომ შეხვედრის ინიციატორი პრეზიდენტია, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდება.

„ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მსჯელობის თემა იყო რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა იმისთვის, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი და მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი ქვყანამ მიიღოს. „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრეზიდენტთან მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და იმაზე, რომ ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება ხელი შეუწყონ ქვეყანის ევროინტეგრაციის პროცესს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი ალიანსის დადასტურებით, ზურაბიშვილი ერთობლივად გადააყენონ თანამდებობიდან. ამას მიუთითებს ის პრეცედენტიც, რომ რამდენიმე თვის წინ, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ანა ბუჩუკური.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, ხატია დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესს მხარს არ დაუჭერს, რადგან ის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია.

„მე ვუთხარი მას, რომ იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. მგონია, რომ იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ეს ერთი და მეორე, პრეზიდენტი აგრძელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში აქტიურ საერთაშორისო კამპანიას და მუშაობას. ძირითადად, ეს იყო, უბრალოდ, ეს იყო ინფორმაციის გაცვლა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები მოაგროვოს. როგორც ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს აშკარად ნაფიქრი აქვს, რა შეიძლება, გააკეთოს იმპიჩმენტის შემდეგ.

„შეხვედრაზე ბევრ ისეთ საკითხზე ვისაუბრეთ, რაც მე მაწუხებდა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციას ეხება. ვისაუბრეთ ჯარის, მოქალაქეობის მინიჭება-არმინიჭებისა და სხვა საკითხების შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს.

„ქართული ოცნება“ მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ პრეზიდენტი შეიძლება, გადააყენონ. იმპიჩმენტის შემდეგ რა უნდა გააკეთოს, პრეზიდენტს ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ევროპიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა საზოგადოებას უთხრა, რომ არავითარი იმპიჩმენტის არ ეშინია და ისე გააგრძელებს მუშაობას როგორც თავად ჩათვლის, თუმცა ბოლო ორი დღის მოვლენების გათვალისწინებით, ზურაბიშვილს ეშინია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში ლომის წვლილი შეიტანა, არ გაუჭირდება იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვება და თუ იმპიჩმენტი ნამდვილად მოხდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა პრეზიდენტმა იცის მისი, როგორც დამოუკიდებელი ფიგურის სალომე ზურაბიშვილის წონაც და ფასიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის უკვე ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს. მდინარაძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, აქვს შიში, რომ გადააყენებენ და რისკების დასაზღვევად ოპონენტებს ხვდება. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვინც მხარს არ დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე იქნება.

„სამწუხაროდ, გვიწევს თქმა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი არის უკვე ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს. მაგალითად, პირდაპირ, უდავოდ კონსტიტუციის დარღვევით. გარდა ამისა, როგორც ჩანს, და ბატონ ალეკო ელისაშვილს გაუხმოვანებია ეს ინფორმაცია, მას აქვს შიში, რომ გადააყენებენ. რისკების დასაზღვევად, რომ პარლამენტში საკმარისი ხმები არ მოგროვდეს, სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ვარაუდია. კარგად დავაკვირდებით, ვინ იქნება კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს შესთავაზა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში პარტია არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იფიქრებენ ამ საკითხზე. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტს სურს მთლიანად გამოითხაროს პოლიტიკური ძირი, შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი, რომელსაც შეწყალების შემთხვევაში, ხელახლა დააკავებენ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, როგორც მისი საქართველოში უკანონოდ შემოსვლაზე, აგრეთვე სხვადასხვა საქმეებზე.

„მე რასაც ვფიქრობ, უმთავრესი ის არის, რომ პრეზიდენტს და ოპოზიციას ეშინიათ ერთი რამის, რომ მართლა არ შეგროვდეს ის 100 ხმა, რომელიც საჭირო არის მისი იმპიჩმენტისათვის და ჩემი გადასახედიდან, ეს აბსოლუტურად რეალურად მიმაჩნია. რატომო მეტყვით? - იმისთანა ხალხი არის იქ, რომლებსაც შეუძლიათ უცბადვე შეიცვალონ თავიანთი პოლიტიკური დამოკიდებულება მიზეზთა და მიზეზთა გამო.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ამას რაიმე მესამე ძალის ჩამოყალიბება, მეოთხე და მეხუთე, ან რაიმე ძლიერი ძალის ჩამოყალიბება მოჰყვება - მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა უფრო მეტად არის შესაძლებელი, ვიდრე დღევანდელ დღეს პრეზიდენტისა და ამ ოპოზიციის მეთაურობით მესამე ძალის შექმნა. მე უფრო მეტად შიშის ფაქტორი მიმაჩნია, ვინაიდან თუ პრეზიდენტი მართლა იმპიჩმენტის წესით იქნა გადაყენებული, დასრულებულია ყველაფერი თავად პრეზიდენტიან, „ნაცმოძრაობიანად“ და მისი მხარდამჭერებიანად, როგორც ოკეანის გაღმა, ისე გამოღმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს და გარკვეული შუამდგომლობით გამოდის, რომ შეიქმნას მესამე, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ცენტრი.

„რამდენად აქვს გააზრებული პრეზიდენტს ამ ჯგუფის კონფიგურაცია, ეს არ ვიცით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ევროინტეგრაციის თემებზე მიდის საუბარი, მაგრამ ევროინტეგრაციის თემებს აუცილებლად უკავშირდება 2024 წლის არჩევნები და უკავშირდება ისიც, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დასრულდება თუ არა. მგონია, რომ ამ თემებზე მიდის საუბარი და ოპტიმალური კონფიგურაციის ძებნა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

Gami ეს კინტო ელისაშვილი - გაღმა- გამოღმა ჭრას დაკერავს; ამ ნალიის მაჩვს ძაბირაძეს სულ მესამე რატომ ელანდება..
ორი სალომე - კეკელა და მარო,
თავლაფისდასხმაა!
1 წლის უკან
trampi მგონი ეს გამოქალიშვილდა ......
1 წლის უკან