„პოდოლიაკს მიაჩნია, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, ენმ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება და იმედოვნებს, იქნებ, სტატუსი არ მოგვცენ, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლონ“

„პოდოლიაკს მიაჩნია, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, ენმ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება და იმედოვნებს, იქნებ, სტატუსი არ მოგვცენ, რომ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლონ“

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკი საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება. ოფიციალური თბილისიდან მის განცხადებას, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პოდოლიაკი გააკრიტიკა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციის ნაწილმა. მათი შეფასებით დაუშვებელია მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსანი მსგავს განცხადებას აკეთებდეს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხაილ პოდოლიაკი არათუ არამეგობრულ, არამედ მტრულ განწყობას ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ უკეთესია პოდოლიაკმა და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა მეტი სიფრთხილე, თავშეკავება გამოიჩინონ, რათა საქართველო-უკრაინის მეგობრობა და საერთო ბრძოლა შედეგიანი იყოს.

სრულიად სხვა პოზიცია აქვს „ნაციოანლურ მოძრაობას“ , სადაც მიაჩნიათ, რომ პოდოლიაკი სიმართლეს ამბობს და „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტატუსს არ მოგვცემენ.

პოდოლიაკს კი მტკიცედ სჯერა, რომ საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„ამ პერიოდში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება, ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო, საკუთარი ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამინდელ პრეზიდენტის დემონსტრაციულად დამცირების გამო. ზურაბიშვილი ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და არის მაქსიმალურად ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან, სახელწოდებით „ქართული ოცნება“. საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის, როგორც ასეთის, წევრი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „ომი დასრულდება“ და „პუტინის ვერტიკალის დაცემის შემდეგ ბევრი ქვეყანა სხვაგვარი იქნება, მათ შორის საქართველოც“.

„პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის. მას უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“, - ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოდოლიაკს ჰგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი თუ არ გაიხსნება, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„მეორე ფრონტს თუ არ გავხსნით, ჰგონია, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხაილ პოდოლიაკის მსგავსი შარლატანი პოლიტიკოსისგან გასაკვირი არაფერია. აბაშიძისთვის გაუგებარია ეს ადამიანი პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის რა რჩევებს აძლევს, როცა მისი წარსული დაკავშირებულია, როგორც რუსეთთან ასევე ბელარუსიასთან და ამ ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არც პოდოლიაკის და არც სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების გადასაწყვეტი არ არის საქართველოს შიდა პოლიტიკა.

„ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება ამხელა ომში ჩართული ქვეყნის მაღალჩინოსანი მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეების განსახილველად იცლიდეს, მით უმეტეს მეგობარი ქვეყნის მიმართ, ასეთი მტურული განცხადებები გააკეთოს. პოდოლიაკსაც და სხვა მისნაირ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც საქართველოსთვის მავნებლობის გაკეთების მეტი არაფერი ადარდებს, მოვუწოდებ, რომ საკუთარი ქვეყნის საქმეებს მიხედონ. მიხედონ ამხელა კორუფციას, რომლის გამოც თავდაცვის მინისტრი გადააყენეს. არაერთი დასავლური მედია წერს უკვე ჯარში რამხელა კორუფციაა. იპარავენ ომში მყოფი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ იარაღს, საჭმელს და ჩასაცმელს. პოდოლიაკის მსგავსი უნამუსო მაღალჩინოსნისგან ასეთი ბოროტი განცხადებები გასაკვირი არ არის. არა უშავს, ეს ომიც დასრულდება და თავად უკრაინელი ხალხი მიხვდება ვინ რას წარმოადგენს. ხოლო ოფიცილური თბილისი შესაბამის პასუხს გასცემს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება იმას მოქმედებს თუ არა პოდოლიაკი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე, აბაშიძე ფიქრობს, რომ ასეა, რადგან უკრაინაში არსებობს პრეზიდენტთან დაახლოვებული ჯგუფი, რომლებიც ენმ-ის დიდი გულშემატკივრები არიან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ პოდოლიაკი და მისი მოაზრეები ევროპაში საქართველოს გაშავებითაც იყვნენ დაკავებულები.

„ცხადია „ნაციაონლური მოძრაობა“ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ებრძოლოს. ერთ-ერთი განშტოება არის კიევში მოკალათებული ცალკეული უკრაინელი ჩინოვნიკები. იქნებიან ესენი პოდოლიაკი, არახამია თუ სხვები. არ დაგვავიწყდეს, როდესაც თანამდებობაზე არესტოვიჩი იყო, მას წამოსცდა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში მეორე ფრონტი ნამდვილად გაიხსნებოდა. ეს მხოლოდ წამოცდენა არ ყოფილა. არც დაუმალავთ და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმაც გაიმეორეს. ნახეს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდებოდა და ამიტომ დაიწყეს მსგავსი მავნებლური განცახდებების გაკეთება. თუ წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით სტატუსის მინიჭებამ ისევ გადაიწია, ეს არაფერ კატასტროფას საქართველოში არ გამოიწვევს. ხალხი უკვე კარგად ხვდება ამ თემით სპეკულაცია, ხელის მოთბობა ვის  უნდა, როგორ სურთ ქვეყნის აყირავება. ამის უფლებას კი ხალხი არ მისცემს“, - ამბობს აბაშიძე.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ფიქრობს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ სურს, რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ბოჟაძე for.ge-სთან მიხაილ პოდოლიაკს ერთ-ერთ მათგანად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მან ამ განცხადებით პირდაპირ გახსნა კარტები და თქვა, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი.

„ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივრობაა. მას მიაჩნია, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, ენმ-ი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება და ეს პროცესი კიდევ უფორ გაჭირდება. ახლა ყველა იმედს სწორედ ამაზე ამყარებს, იქნება და როგორმე სტატუსი არ მოგვცენ, რომ ხალხის ქუჩაში ამ მიზეზით გამოყვანა შეძლონ. პოდოლაკი არის სწორედ ამ ხალხის დიდი და გულმხურვალე გულშემატკივარი, ამიტომ ღიად საუბრობს რა უნდა ამ ხალხს. გვახსოვს არ გამოუვიდათ ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა და ა.შ. ახლა ერთი სული აქვთ, იქნებ დეკემბერში ამ ფონზე სისხლიანი რევოლუცია მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს და ქვეყანა მათი პირადი მიზნების გამო სრულ ქაოსში გაეხვიოს. აი, ამას ახმოვანებს პოდოლიაკი, რაც უკვე ყველამ კარგად იცის და ახალი არავისთვის აღარ არის. თუკი ევროპას სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს, დასრულდეს პოლარიზაცია და კიდევ უფრო არ გამწვავდეს, მაშინ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ“, - ამბობს ბოჟაძე.

 

არაგველი641 შე ხეპრე, შენს ქვეყანას მიხედე რომ თავზე გექცევა, ჩვენ ჩვენს თავს როგორმე მივხედავთ!
1 წლის უკან
Gami თავის ჩასვრილ საქმეს მიხედონ ამ მათხოვრებმა. ესენი ისე გააკეთებენ, რომ საქართველო აღარც გაიხედავს უკრაინისკენ. ძნელი გასაგებია რომელი უფრო ვერაგია რუსეთესო ხელისუფლება, თუ ზელენსკის ხელისუფლება. წადი, თქვენი უმადური..
1 წლის უკან
ლაზი ამან და ამის ყველა მსგავსმა შესანიშნავად იცის, რომ ჩვენი ომში ჩართვა ვერაფრით დაეხმარება, მაგრამ ხელის გასაშვერად სჭირდებათ ტანკებით გადახნული საქართველო. მერე რომ იძახონ, ნახეთ ჩვენ რა მაგრები ვართ, ისინი რა დღეში არიანო.
1 წლის უკან
ლაზი ბმული ეს ნახეთ. ეტყობა ამის გაგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფრქვევს ამ "სიბრძნეებს" პოდოლიაკი. ეს საერთოდ გასაძევებელი ყოფილა აქედან.
1 წლის უკან
ცუგო- უკრაინის წარმომადგენელი შულგაც პოდოლიაკივით მაგარი "პოდლეცი" ყოფილა, საერთოდაც ძალიან ყარს უკრაინის ხელისუფლება!
1 წლის უკან