ნანა დევდარიანი:

ნანა დევდარიანი: "პრემიერმა ის ტოტი მოჭრა, რაზეც იჯდა"

"ეს არის კატასტროფა, ვუსმინე ივანიშვილის შეხვედრას და შოკირებული ვარ და არამარტო მე, ალბათ, საქართველო! ის ტოტი მოჭრა პრემიერმა, რაზეც იჯდა". - აცხადებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი "ალიასთან" საუბარში.

- პრემიერისა და ექსპერტების შეხვედრა ახალი დამთავრებულია და სანამ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებდეთ, ნაწყვეტს წაგიკითხავთ ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუდან, რომელიც დღეს (25 სექტემბერი) დაიბეჭდა და რომელიც ერთგვარად თანხვედრაშია დღევანდელ შეხვედრასთან: "კოჰაბიტაცია ("ნაციონალებთან" თანაცხოვრება. - თ.ო.) ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ძალაა, რასაც ვხედავთ, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში ეს დასრულდება. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენასა და წინა ხელისუფლების ჩინოვნიკების პასუხისგებას, ეგ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. არავითარი მასობრივი და პარტიული პასუხისგება არ იქნება, მხოლოდ ბურჯანაძე გვპირდება, რომ ყველას დაიჭერს, გარდა მამამისისა და ქმრისა, აბა, საკუთარ "კუდს" ხომ არ მოიჭრის. ჩვენ რეპრესიებს არ ვაპირებთ, ეს რომ დავიწყოთ, უნდა გამოვეთხოვოთ ევროპასაც და ნატოსაც. წინა ხელისუფლებიდან თუ ვინმეა დამნაშავე, მათი საქმეების გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. ასე რომ, არავითარი ზომების მიღებას არ ვაპირებთ".

აქედან ჩანს, რომ არავინ არაფრის გაკეთებას არ აპირებს და ამათებურად, სამართლიანობის აღდგენა იმას ნიშნავს, რომ პრემიერი და პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ ერთმანეთს ქვას არ ესვრიან. ამას ველოდით ამდენი ხანი, ამას გულისხმობს მარგველაშვილი, როცა ამბობს, 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება დამთავრდებაო?

- პრაქტიკულად, საკმარისია, ერთი-ორჯერ კიდევ ასეთი ინტერვიუ დაბეჭდონ და მარგველაშვილს რა მოაგებინებს არჩევნებს, არ ვიცი, ოღონდ მართლა... წინა არჩევნებიდან 20 წელი ხომ არ გავიდა? შესანიშნავად გვახსოვს ყველა მაგათი დაპირება. რაც შეეხება, იგივე ბურჯანაძის თემას, ჩანს, რომ ბერძენიშვილს უკვე ჩვევაში გადაუვიდა, მისი ხსენება. ეს ფრაზა, უპირველეს ყოვლისა, უკიდურესად არაკორექტულია. მე არ მომისმენია ბურჯანაძისგან ლევან ბერძენიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ რაიმე გამონათქვამი, რაც ღირსების შემბღალავი იქნებოდა და, მთავარი, ბურჯანაძეს ერთხელაც არ უთქვამს, რომ ყველას დავიჭერო.

- მე თვალყურს ვადევნებ გამოსვლებს და ბურჯანაძე ამ ფორმას საერთოდ არ ხმარობს, კონკრეტულად, სიტყვას "დავიჭერ"...
- დიახ, ეგ ამბობს, რომ სამართლიანობა აღდგება და ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი საშუალება. საბოლოოდ კი, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე. ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ სასამართლო რეფორმა არის აუცილებელი, რაც შეეხება ბერძენიშვილის ფრაზას, რომ კოჰაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება, დასრულდება 27 ოქტომბერს სააკაშვილის გადარჩევითო, სააკაშვილი რომ უნდა წასულიყო ეს ჩვენ 2010 წელს უკვე ვიცოდით, როცა ეს ჩაიწერა კონსტიტუციაში. სააკაშვილის წასვლა კოჰაბიტაციის დასრულებას ნამდვილად არ ნიშნავს და ეს "რესპუბლიკელმა" ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცის, ამიტომ თავს ნუ მოიკატუნებს, რა!.. პარლამენტში მაინც რჩება 40 პროცენტი "ნაციონალებისა" და თვითმმართველობის რგოლები სავსეა "ნაციონალებით", ეს უკვე ჩვენც ვიცით კარგად.

ფაქტობრივად, ეს განცხადება მიმართულია ამომრჩევლების მისამართით, რომ ნურაფერს ნუ ელოდებით და არც არაფერი არ შეიცვლება, მარტო სააკაშვილი წავაო. ყველა ისედაც ხედავს, რომ ეს ერთი წელია, კოალიციის ერთი ნაწილი მშვენივრად სიამტკბილობს "ნაციონალურ" მოძრაობასთან და შემთხვევითი სრულიადაც არ არის ლევან ბერძენიშვილის "მესიჯი", ჩვენ ვიღაცის
დასჯა რომ დავიწყოთ, თურმე დასავლეთს უნდა გამოვეთხოვოთ. ამ დროს დასავლეთს სჭირდება, მიაწოდო რეალური ინფორმაცია, რასაც უნდა აკეთებდეს ის საპარლამენტო დელეგაციები, წარამარა რომ დადიან ევროპაში. რატომ არავინ კითხულობს, ახალი ხელისუფლებიდან იქ რატომ არავის მიაქვს რეალური ფაქტები და დოკუმენტები? ძალიან კარგად მახსოვს, იგივე ადამიანები შევარდნაძის დროს როგორ დარბოდნენ ევროპაში და ყველა ფაქტი ადამიანის უფლებების დარღვევისა აღნუსხული ჰქონდათ?

- ვის გულისხმობთ?
- იგივე "რესპუბლიკელებს" და ერთ ამბებს ტეხდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს ხალხი ახლა მთლად პარლამენტშია, ყველა ბერკეტი მათ ხელშია და რით ვერ მიიტანეს დასავლეთამდე ინფორმაცია? მაგრამ გეტყვით, რა ხდება: ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვითარება, - ჩვენს კანდიდატს თუ არ აირჩევთ, დასავლეთს უნდა დაემშვიდობოთო. ამ დროს დასავლეთს არც ერთ კანდიდატზე ჯვარი ნამდვილად არ აქვს დაწერილი. გარდა ამისა, ისიც ხომ ფაქტია, რომ "ნაციონალებისა" და დღევანდელი "ოცნების" ზოგიერთი სხვა წარმომადგენლის უგუნური ქცევით, დასავლეთის იმიჯი სულ უფრო ეცემა საქართვლეოში და ესაა სიმართლე. მართლა მაინტერესებს, რა უპირატესობები აქვს მარგველაშვილს სხვებთან შედარებით და ამას ვკითხავდი "ოცნების" წარმომადგენლებს. ერთს მაინც თუ დამისახელებენ ამ უპირატესობიდან, რაც ქვეყანას ამ კრიტიკულ ვითარებაში აუცილებლად სჭიდება? მარგველაშვილი რომელ საერთაშორისო ფორუმებზეა ნამყოფი და ვის იცნობს თუნდაც დასავლეთის ქვეყნების ლიდერებიდან? მოახერხებს კი ის მათთან ადეკვატურ საუბარს? მან ის პირობითი ენაც კი არ იცის, რომელზეც მაღალი რანგის პოლიტიკოსები ლაპარაკობენ. სპორტის სასახლეში რომ ჩაატარეს კანდიდატის პრეზენტაცია, ნეტა, ვინმეს თუ უნახავს იქ ან ბეჭდური ან ვერბალური პროგრამა საპრეზიდენტო კანდიდატის? არც არვის უნახავს, რადგან ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არ არსებობს. რომ იყოს, გამოაქვეყნებდნენ. რაც შეეხება პოლიტოლოგებისა და ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრას, ეს იყო კატასტროფა. აქ ივანიშვილმა ლამის დედა იფიცა, რომ "ნაციონალები" ყოველთვის იქნებიან პოლიტიკაში.

- პირადად, შთაბეჭდილება დამრჩა, ეს ხალხი ივანიშვილმა იმისთვის მოიწვია, რომ "გადაევლო" მათთვის, თან ისე, რომ არავის ხმა არ ამოეღო...
- თამრიკო, მან "გადაუარა" იმ ექსპერტებს, რომლებიც უპირისპირდებოდნენ სააკაშვილს და ძალიანაც მოეფერა იმათ, ვინც "ნაციონალებს" იცავდა და დღესაც იცავს, იგივე, სერგი კაპანაძეს, როცა საკმაოდ უხეშად ეპასუხებოდა სულ რაღაც გუშინ მის გვერდით მდგარ ადამიანებს, თუნდაც მამუკა არეშიძეს, ასევე ვაჟა ბერაძეს, ვახტანგ ძაბირაძეს...

- რას ნიშნავდა ეს, რით ხსნით პრემიერის ამ ქმედებას?
- ეს იოლი გასაშიფრია, პრემიერის ქცევა განპირობებული იყო იმით, რომ აი, თქვენ, როცა მინდა, შენიშვნას მოგცემთ და ეს უნდა აიტანოთ ბოლომდეო. შეიძლება, პოლიტოლოგმა მიიღოს და, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ხალხი ამას არ მიიღებს.

- მგონი, ექსპერტები სამართლიანად საყვედურობდნენ ივანიშვილს, რომ რაზეც მათთან პრეტენზია ჰქონდა, ვიღაცამ მიაწოდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მგონია, რომ მათი გამოსვლები და ინტერვიუები ბატონ პრემიერს ბოლომდე არც კი ჰქონდა წაკითხული. ეს ვაჟა ბერიძემაც აღნიშნა. ვინც ეს მასალა დაუდო პრემიერს, მას რა მიზანი ამოძრავებდა, თქვენი აზრით?
- მესმის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციასა და გარემოცვას, იგივე პრესსამსახურს, ვინც მასალას უმზადებს, მაგრამ აქ ელემენტარული რამაა: რაც უნდა მოგაწოდონ, იმდენი უნდა გესმოდეს, რომ ექსპერტებს კი არ უნდა შეუტიო, არამედ უნდა უსმინო. ასეთ შეხვედრებს ამ შემთხვევაში აქვს აზრი. ამ დროს ყოველ წამს აწყვეტინებდა და ეუბნებოდა, ასე არ არისო. თუ ის ფიქრობს, რომ მან ისინი დაარწმუნა, არაფერი გამოვა, რადგან ადამიანი შეიძლება, მდგომარეობისა და სტატუსის გათვალისწინებით ბოლომდე არ შევიდეს პრემიერთან წინააღმდეგობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზრს შეიცვლის. პოლიტიკაში საქმიანობა ითვალისწინებს იმასაც, რა ენაზე ელაპარაკები მედიას, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ეს მერამდენე შემთხვევაა, რომ სრულიად არაადეკვატურია ამ შემთხვევაში პრემიერის რეაქცია.

- უცნაური ფრაზა გაისმა პრემიერის მხრიდან: ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა, რადგანაც ის ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო. სულ მინდოდა ადეიშვილის გაცნობა და ვერ მოვახერხე, ის მხოლოდ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებამ აიძულა, ასე მოქცეულიყოო. მე, პირადად, ყბა ჩამომივარდა ამის გამგონეს.
- მაგ სიტყვების შემდეგ, გარწმუნებთ, ყბა ბევრს ჩამოუვარდებოდა. სხვათა შორის, იგივე ილაპარაკა მერაბიშვილზეც და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი რომ შესულიყვნენ მის კოალიციაში, დღეს ისინი თავის ადგილებზე იქნებოდნენ. ხოლო ამის თქმა იმ ამომრჩევლისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ განელებია ის საშინელება, რაც ამ ხალხისგან მიიღო, არის სრული კატასტროფა. ეს სიტყვები პოლიტიკასთან ისევე ახლოსაა, როგორც მე – ჩინურ ოპერასთან. ჩემზე კი განსაკუთრებულად იმოქმედა ფრაზამ: ხშირად ლაშა ნაცვლიშვილი წყვეტს იმ საკითხებს, რასაც უნდა წყვეტდეს კბილაშვილი, მაგრამ ასეთი კაზუსი შეიძლებაო. არ შეიძლება, ბატონო ჩემო, და ეს კაზუსი არ არის, ეს სხვა რამეა, ჩანს, რომ არ არის დაცული სუბორდინაცია, ანუ, იმ გადაწყვეტილებას, რასაც პირველი პირი უნდა იღებდეს, იღებს მეორე პირი და ისევ და ისევ სრული კატასტროფაა, განსაკუთრებით იმ სტრუქტურაში, რაზეცაა ლაპარაკი.

კიდევ საინტერესო გამონათქვამი იყო: მე მინდა, ექსპერტებმა მეტი ფასი შეიძინონო და ახალი ექსპერტები უნდა მოვიყვანოო. მერე თვითონაც მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეთქვა და გაეცინა. ივანიშვილს არ ესმის, რომ ექსპერტი ყალიბდება მთელი ცხოვრების მანძილზე და ჰგონია, რომ ვიღაცას წაახალისებს სიტყვით, ან სხვა რამით და ამით გამოიჩეკებიან ახლები. გამიკვირდა, ექსპერტებიდან არავინ უთხრა, რას ამბობთო. ისედაც ძალიან კრიტიკულად ვიყავი განწყობილი კონკრეტული ამბების გამო და იმან, რაც მოვისმინე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ანდა, რაც ჩამორთმეული ქონების შესახებ თქვა მამუკა არეშიძემ, რა, პრემიერს არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება? გასაგიჟებელია წინასაარჩევნოდ იმის თქმა, რომ ჩემს კანდიდატს დაუჭირეთ მხარი, მაგრამ იცოდეთ, არაფერს შევცვლიო. არადა, ხალხი ითხოვს სამართალს და არ არის საჭირო ყველა თანამშრომლის დაჭერა, არამედ უნდა აიყვანო სამსახურში სუფთა წარსულის ხალხი და დანაშაულზე უნდა თქვა, რომ ეს იყო დანაშაული, სხვანაირად შეუძლებელია. ვიმეორებ, შეხვედრა იყო კატასტროფული შეცდომა და თანაც ეს ყველაფერი გავიდა პირდაპირ ეთერში. დასკვნა ის მაქვს, რომ, მე რომ მარგველაშვილის მომხრე ვყოფილიყავი, დღევნადელი შეხვედრის შემდეგ მას ხმას არ მივცემდი. არ ვიცი, ყველამ თავისი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. უბრალოდ, პრემიერმა დღეს ის ტოტი მოჭრა, რაზეც იჯდა.