"ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პოლიტიკის ექსპერტებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრა ესწრებოდნენ მამუკა არეშიძე, თორნიკე შარაშენიძე, კახი კახიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, სერგი კაპანაძე, ალექსანდრე რონდელი, რამაზ საყვარელიძე, ვახტანგ ფხალაძე და სხვა პოლიტოლოგები. ექსპერტებსა და პრემიერს შორის შეხმატკბილებული საუბარი ნამდვილად არ გამართულა. ექსპერტთა ნაწილმა პრემიერს მწვავე კითხვებიც დაუსვა. შეკამათება იყო არეშიძესა და პრემიერს შორის. პოლიტოლოგები გაცემული დანაპირების შესრულებაზე ითხოვდნენ პასუხებს. მთავარი კითხვა კი სამართლიანობის აღდგენას ეხებოდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რატომ აქებს ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ადეიშვილს.
"სამართლიანობის აღდგენა იყო ჩვენი ძირითადი დანაპირები და ამას დღესაც პასუხისმგებლობით ვეკიდები. შესრულების პროცესი გრძელდება, დიდი ნაწილი შესრულებულია. ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ პოლიცია და პროკურატურა ვეღარ მძლავრობს მოქალაქეებზე და ვეღარ ახერხებს ძალადობას. გახსოვთ, შეეძლოთ ნებისმიერ მოქალაქეს მისდგომოდნენ და ციხეში გაეშვათ. ეს შიში საზოგადოებაში გაქრა. ადამიანის უფლებები იყო ტოტალურად დარღვეული. ნებისმიერი ადამიანის დასჯა შეეძლოთ უკანონოდ და ვერავინ აღუდგებოდა წინ - პოლიციაც, პროკურატურაც ამის მექანიზმად იყო გამოყენებული. ჩვენი მოსვლის შემდეგ ეს პროცესი დასრულებულია. რაც შეეხება იმას, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ, ვინც არღვევდა კანონს, ძირითადი აქ არის წართმეულ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. 9700 არის მხოლოდ ქონების "ჩუქება", ათასობით და ათი ათასობით არის სხვა ტიპის შემთხვევები, როდესაც წაართვეს საკუთრება, გამოყარეს ყოველგვარი ჩუქების გარეშე, რაც ჯამში 40 000-ზე მეტია, - განაცხადა შეხვედრაზე ივანიშვილმა, რომლის აზრით "ეს არის სამართლიანობის აღდგენის ყველაზე რთული პრობლემა", - აღნიშნავს გამოცემა.
"საერთო თანხა 6-7 მილიარდი ლარია და უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოა გამტარი - წინა ხელისუფლება ართმევდა ქონებას და ამას ნაწილობრივ სახელმწიფოს ახმარდა, ნაწილი სხვა პროცესებში მიდიოდა. როგორ ახმარდა სახელმწიფოს, ეს საკითხავია. ჩვენ ვართ დილემის წინაშე, გასაგებია, რომ სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, აღადგინოს სამართლიანობა, მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის არა მხოლოდ დაზარალებულ ხალხს, არამედ მთლიანად მოქალაქეებს. შეიძლება ამით მთლიანად საზოგადოების განვითარებას დავუკარგოთ პერსპექტივა, თუ ამ ვალს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ნებისმიერი ფორმით. ათასი ვარიანტი განვიხილეთ და დღემდე გამოსავალი ვერ ვნახეთ", - განმარტა პრემიერმა. მან პოლიციაზეც ისაუბრა - მისი თქმით, მინისტრმა ღარიბაშვილმა "საოცრებები მოახდინა", ასევე აღნიშნა, პროკურატურაშიც "საოცრებები მოხდაო", - დასძენს გამოცემა.
"დღეს თითქმის კარგი პოლიცია გვყავს, თუ ძალიან კარგი არა. თუ შევადარებთ, ვთქვათ გერმანიას, რა თქმა უნდა, იქნება სხვაობა. რეალობიდან გამოდით. საოცრება მოხდა პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და სასამართლოშიც თუ გნებავთ. რეალობიდან ამოდით - თქვენ გინდათ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები გახდეთ უეცრად და პოლიცია იყოს იმაზე საუკეთესო, რაც თეორიულადაც კი გაგიგონიათ. იდეალური პოლიცია ევროპაშიც კი არ არის. კითხვები ბევრია. ის პოლიცია, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, დღეს კულტურულად ახორციელებს თავის კანონიერ უფლებებს და ხალხის სამსახურში ჩადგა. შემცირდა კრიმინალი. მიუხედავად იმისა, რომ ამას გვამადლიდნენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ერთი პერიოდი მოგვიწყეს - მანქანების მინები ჩაამსხვრიეს ერთ ღამეში - გასაგებია ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს - რათა ეჩვენებინათ, რომ აი, მოგენატრათ ის პოლიციაო?", - განაცხადა პრემიერმა. ივანიშვილმა ყოფილ ხელისუფლებაზეც ისაუბრა - ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი კაცი ადეიშვილი იყოო", - წერს სტატიის ავტორი.
"წინა ხელისუფლებაში ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი კაცი იყო ადეიშვილი. მახსოვს, როცა მერაბიშვილსაც ვხვდებოდი და სააკაშვილსაც, ჩემდა გასაოცრად, მე ადრეც ვთქვი, რომ მერაბიშვილი ისეთ ტერმინებს ხმარობდა, ისეთ ეკონომიკურ ანალიზს აკეთებდა, გაოცებას ვერ ვმალავდი. საიდან-მეთქი, ვკითხე და ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. სულ მაინტერესებდა ამ კაცის გაცნობა. ეს სისტემები - სასამართლო, პროკურატურა მაგის დალაგებულია და მე მგონი, მერაბიშვილს პოლიციაც ისე დაულაგა, როგორც სააკაშვილს უნდოდა. აშკარად ჩანს, რომ ძალიან ნიჭიერი კაცია და სისტემურს ერთადერთ კაცს ვხედავ მე მაგ ხელისუფლებაში. საუბედუროდ, კარგად მახსოვს, მერაბიშვილი მეუბნებოდა - შედი ერთი მაგის სახლშიო, როგორც პარკეტზე ცხოვრობს და ძველ ტელეფონს ხმარობსო, მიუხედავად იმისა, რამდენი თვეა უკვე მინისტრად მუშაობს, მაგრამ არაფრის გაგონება და გაკარება არ უნდა, ისეთი პრინციპული კაციაო... ამას რატომ ვიხსენებ: ამ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა, ძალიან ბევრი აიძულა და ბევრს წამოსვლისა და ალტერნატიული სამსახურის შოვნის საშუალება არ ჰქონდა. ოდესღაც ვიღაცები მივიდნენ გულწრფელად, რომ სახელმწიფოს მომსახურებოდნენ და ნაწილ-ნაწილ ისინი გადაიქცნენ იმად, რაც მივიღეთ ჩვენ საბოლოოდ. ბევრს პროცესებიდან გამოსვლა დააგვიანდა. ეს დროში გაიწელა და როცა ნახეს რა ხდებოდა, გვიანი იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა, რომლის ინფორმაციით, `ძალიან ბევრს უნდოდა გადმოსვლა, მაგრამ ეშინოდათ, რომ დაისჯებოდნენ", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"დღეს ჩვენ მოსამართლეებს ისევ შეშინება და ძალადობა რომ დავუწყოთ, ჩვენ ისევ ახალ უბედურებას მივიღებთ. ჩვენ უნდა დავრწმუნოთ სასამრთლო, რომ ძველი გუნდის გავლენას არ დაექვემდებაროს და ახალი გუნდი არავითარ შემთხვევაში არ ჩავერიოთ და არ დავიწყოთ ანგარიშსწორება. სასამართლო მაქსიმალურად უნდა გათავისუფლდეს, იქ უნდა მოხდეს როტაცია და შემოვიდნენ ახალგაზრდები", - თქვა ივანიშვილმა. პრემიერმა ექსპერტებს დანაპირების შესრულებაზე უპასუხა, რომ ახალი ხელისუფლება დანაპირებს წინმსწრებად და გადაჭარბებით ასრულებს, რომ იგი ექსპერტების განცხადებებს დიდი ყურადღებით ეცნობა, თუმცა მათ მოსაზრებებს ხშირად არ ეთანხმება: "არ მინახავს ექსპერტი, რომელიც ამბობს, რომ ახალი მთავრობა თავის დანაპირებს განუხრელად და წარმატებით ასრულებს, მე მაქვს პოზიცია, რომ დანაპირებს წინმსწრებად და გადაჭარბებით ვასრულებთ"... კახი კახიშვილმა პრემიერს განუცხადა, რომ მთავარი შეუსრულებელი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ იმაზე, რაც წაართვეს 9 წლის განმავლობაში ადამიანებს და უსაფუძვლოდ ამყოფეს საპატიმრო დაწესებულებებში, პასუხი არავის აქვს. კახიშვილმა ასევე პოლიტპატიმრების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება - მისი თქმით, პარლამენტის მიერ აღიარებული 200 პილოტპატიმრიდან არც ერთ რეაბილიტირებული არ არის, ამ ადამიანებს საშუალება არ ეძლევათ რომ სამსახურები დაიწყონ და კომპენსაციებზე საუბარიც ზედმეტია", - დასძენს სტატიის ავტორი.