ორხელისფლებიანობის საფრთხე - პრემიერს იმპიჩმენტით ოპოზიცია ემუქრება, პრეზიდენტს უმრავლესობა

ორხელისფლებიანობის საფრთხე - პრემიერს იმპიჩმენტით ოპოზიცია ემუქრება, პრეზიდენტს უმრავლესობა

მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, „ლელო“ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს. იმპიჩმენტის მიზეზად ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნჰენში ჩარტერული რეისით გაფრენას სახელდება. მთავრობის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა, მაგრამ ამის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერი ბიჯეტის თანხებს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის იყენებს“.

„ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებასა და იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას შეძლებს.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრათ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა სტრატკომმა, ფაქტი მარტივია - ღარიბაშვილმა შვილის უძვირეს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა. ევროპულ სახელმწიფოში ერთი კვირის მანძილზე ბორტის გაჩერება კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ეს არ არის კორუფცია, დანაშაული და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაშინ სახელმწიფოზე საუბარი საერთოდ უნდა შევწყვიტოთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ლელოს“ იმპიჩმენტის დაწყებისთვის 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. თუმცა, პრემიერის იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული აზრია, როგორც ჩანს, 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება. „ლელოს“ ინიციატივას მხარს არ უჭერს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომლის განცხადებით, „ლელომ“ ვერ ისწავლა, რომ არ უნდა იცანცაროს და ცოტა კოლეგიალური იყოს.

„პრემიერის იმპიჩმენტზე ვსაუბრობთ, პატარა ქარხნის საკითხზე ხომ არა, რომ საქმის კურსში არ ჩააყენო კოლეგები. გაუგებარია, რა აზრი აქვს იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას, მაშინ, როცა წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციას საკმარისი ხმა არ აქვს. გამოვლენ პრესკონფერენციაზე, რაღაცას დააბრეხვებენ და შემდეგ შენ უნდა იდგე ჭკვიანი სახით და რაღაცები ილაპარაკო. რა უდგას წინ, რომ წინასწარ საქმის კურსში ჩააყენო კოლეგები?

როდესაც იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ძლივს 50 ხმა როცა გვაქვს ოპოზიციაში, ამ პროცესის დაწყებას რა აზრი აქვს? კი ბატონო, მხარს დავუჭერ იმპიჩმენტს, მაგრამ ეს იმპიჩმენტი რომ არ გამოვა, მაშინ რა ვქნათ? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ? ამას ვერ ვხვდები და ესაა ჩემთვის არასერიოზული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პარტია „გირჩი.“ იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს „ქოცების“ პრემიერად.

„გამარჯვება თუ გინდა და საერთოდ, რამის გამკეთებელი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა დაგეხმაროს „ქართული ოცნება“. შენ კიდევ ითხოვ ხელისუფლების ყველაზე სუსტი და რეპუტაცია შერყეული პერსონა გადავაყენოთ და ამის ნაცვლად, ქოცებსვე ვთხოვოთ, უკეთესი პრემიერი მოგვიყვანონ. ამის რატომ გჯერა, რა გაძლევს ამის საფუძველს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერმა ყველაფერში წააგო - პრეზიდენტთან წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო, ბორელი რომ ჩამოვიდა, წააგო და წააგო. ამ დროს შენ გინდა, გამარჯვებით დაასრულებინო, რომ საბოლოო ჯამში, მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

სანამ „ლელო“ კოლეგებთან კონსულტაციას აწარმოებს, „ქართული ოცნების“ 80 დეპუტატის თანხმობის საფუძველზე, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა პოლიტიკურიდან სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. საპროცედურო კომიტეტმა დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისად, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.

უმრავლესობა პრეზიდენტს კონსტიტუციის 52-ე მუხლის უგულებელყოფას და შეუთანხმებელი ვიზიტების განხორციელებას ედავება და აცხადებს, რომ თუ 38 ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტი მთავრობის ნებართვას ელოდა, რატომ გახდა გამონაკლისი ბოლო შემთხვევები?! ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინებას ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი და თეიმურაზ შარმანაშვილი წარადგენენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის, იმპიჩმენტის მომხრე და მასზე ყველა ხელმომწერი, ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეა. გიორგი მსხილაძის განცხადებით, პარლამენტში დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს დაიწყო სწორედ ამ ხელმოწერებით, რაც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„ლუსტრაცია დაიწყო იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ დაუჭერს პროცესს მხარს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რაც განპირობებულია კონსტიტუციით. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.

მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ყველაფერი დღესავით ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და გაგება უნდა, გაიგებს. როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს, რომელსაც დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს, მინდა და ვაკეთებო, არ შეიძლება, სახელმწიფო იმაზე იყოს დამოკიდებული, ვის რა მოესურვება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებაში ის კონსტიტუციის ყველა მოთხოვნას არღვევს.

„გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ სამართლებრივი გზა მოძებნილიყო, რათა პრეზიდენტს მიეთითოს, რომ მან კონსტიტუცია უნდა დაიცვას. ამ სამართლებივი გზის ერთადერთი საშუალებაა იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რა არის კონსტიტუციის მოთხოვნა და შეესაბამებოდა თუ არა კონსტიტუციას პრეზიდენტის ქმედება.

ევროპის გზისკენ სიარულის არგუმენტით ყველა დარღვევა შეიძლება ინიღბებოდეს - რატომ არის კონსტიტუციის დარღვევა ევროპისაკენ მიმავალი გზა, ამას ვერავინ ახსნის. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სწორედ უმრავლესობასა და მთავრობას აქვს. კონსტიტუციით პრეზიდენტს ევალება, რომ მისი საქმიანობა მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის ნებართვით ხდებოდეს.

კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევით შეიძლება საქართველოში ორხელისფლებიანობა წარმოიშვას. პრეზიდენტს, რომელსაც მთავრობისგან დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს მევალება თუ არა, მინდა და ვაკეთებ. არ შეიძლება სახელმწიფო იმაზე იყოს დამოკიდებული, ვის რა მოესურვება და ვის რა სურვილი გააჩნია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Gami ორხელისუფლებიამნობა არა, ქლიავი!
1 წლის უკან
Gami ორხელისუფლებიამნობა არა, ქლიავი!
1 წლის უკან