ევროკავშირი 4 დღეში, საშუალოდ, უფრო მეტს ვაჭრობდა რუსეთთან, ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციეების მიუხედავად, ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. თუმცა, ოპოზიციამ და მასთან დაახლოებულმა ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ იმიტომ გააკრიტიკეს და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დასდეს ბარლი, გაბედა და თქვა, რომ სინამდვილეში ევროპული სანქციები არ მუშაობსო.
ის ნარატივი, რაც საქართველოში ვრცელდება, თითქოს რუსეთი სანქციების ფონზე ცხოვრობს, რეალობისგან აცდენილია. 300 მილიარდი დოლარი (რაც ოფიციალურად არის ცნობილი), რუსეთის აქტივებისა დაპატიმრებულია, რაც არ არის პატარა თანხა, ამის მიუხედავად სავაჭრო ურთიერთობა გრძელდება.მეტიც, რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, რუსეთის დედაქალაქი ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის. მუზეუმები, თეატრები, პარკები და წითელი მოედანი კრემლთან, ეს ის ადგილებია, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები შეგხვდებათ. ქალაქს, რომელიც უკრაინასთან 564 დღეა ომს აწარმოებს, არ ეტყობა, რომ სანქციების პირობებში ცხოვრობს. ყველა ევროპული ბრენდი წარმოდგენილია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, არც გასულან რუსული ბაზრიდან და თავისუფლად აგრძელებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები პატარა საქართველოს სთხოვენ სანქციების დაწესებას, სადაც გაცილებით მწვავედ იგრძნობა რუსეთ-უკრაინის ომი, ვიდრე რუსეთში.
ის, რომ სანქციები არ მოქმედებს, ამას ადვილად ნახავთ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღაზია GUM-ში, სადაც საყოფაცხოვრებო საქონელს და საკვებს ვერ ნახავთ, რადგან GUM წარმოადგენს მსოფლიო ბრენდების, მოდის ბუტიკებისა და საავტორო შოურუმების კონცენტრაციას.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც თავისი ინტერესებით მოქმედებს მოლდოვა. მაგალითად, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ათი პაკეტის მიუხედავად, მარტში ესტონეთმა რუსეთთან ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,17 მილიონი ევროთი გაზარდა. რუსეთში ექსპორტი 57 მილიონი ევროდან 74 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ექსპორტირებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოსული საქონელია და მიმდინარე წლის მარტში ესტონურმა პროდუქტებმა რუსეთში ექსპორტის მხოლოდ მეოთხედი შეადგინა.
გარდა ამისა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მეუღლე რუსეთთან არსებულ სარფიან ბიზნეს კავშირებში ახლახან ამხილეს. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ ქვეყნის 500-დან 600-მდე კომპანია კვლავ აწარმოებს ბიზნესს რუსეთთან. 2022 წელს, მათ რუსეთს დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის მომსახურება მიჰყიდეს. მათი თითქმის 90% სატრანსპორტო და ტურისტული მომსახურებაა.
საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც როგორც შიდა ოპოზიცია, ასევე მასთან დაახოლებული უცხოური ძალები ბრალს უყენებენ იმაში, რომ საქართველო სანქციერებულ ტვირთს ატარებს რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა, საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩ ჯიმ ობრაიენსმა აღნიშნა, რომ საქართველოდან სანქცირებული ტვირთების რუსეთის ტერიტორიაზე გატანა არ დასტურდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღემდე აღიარებულია, რომ საქართველო არავის აძლევს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს უკვე აღიარებული ფაქტია, ეს აღიარეს საერთაშორისო პარტნიორებმა. რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს ხარჯზე ახერხებს რუსეთი საკუთარი ვაჭრობისა და ეკონომიკის გადარჩენას, კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის ვაჭრობაში საქართველოდან ექსპორტის წილი თავისი რეექსპორტებით და ყველაფრით 0.3 პროცენტია.
„რუსეთი ვაჭრობს ჩინეთთან, ინდოეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. ყოველდღიურად ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა უწევს ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისთვის. აშშ ვაჭრობს რუსეთთან, ომში მყოფი ქვეყანა უკრაინა დე ფაქტოდ ვაჭრობს რუსეთთან. ყველა ვაჭრობს რუსეთთან და, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის შემთხვევაში არის რისკები ხომ?! მაგალითად, ძალიან დიდი ვაჭრობა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
სწორედ სანქციებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ სტუმარს უთხრა, რომ კონკრეტული პირების მიერ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს. ასევე, პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ფრენების აღდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ დაფრინავს. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობს.
„აი, ამ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ეს ტელევიზია (ფორმულა) წარმოადგენს, მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი: როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ღიად თქვა, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. აი, ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, ეს მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ დავაახლოოთ ევროკავშირს“, - აღნიშნა ირაკლი ღარბიაშვილმა.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ უკრაინა დღემდე ომშია რუსეთთან, უკრაინელი ოლიგარქები აგრძელებენ რუსეთში ბიზნესს. ასევე, მისი თქმით, მთელი რიგი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები დღესაც აგრძელებენ ბიზნეს უკრაინაში.
„ამიტომ იმ ქვეყნებს, სადაც კოლექტიური დასავლეთისთვის არახელსაყრელი ხელისუფლება მართავს ქვეყანას და შესაცველია, ანუ, საქართველოს გამადიდებელი შუშით უყურებენ. ყველაფერ იმას ითხოვენ მისგან, რასაც არ ითხოვენ საკუთარი თავისგან. ამ წელიწადნახევრიანი ომის პერიოდში ორი ყველაზე გამდიდრებული სახელმწიფო არის აშშ და რუსეთი, იმის მიუხედავად, რომ ერთი ქვეყანა მეორეს სანქციებს უწესებს და ამავდროულად მთელ რიგ სტრატეგიულ ტვირთების არნახული ზრდა აქვთ. მაგრამ, ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს მათთვის, ხოლო იმის ერთი პროცენტის დაშვებაც კი საქართველოსთვის გამადიდებელი შუშით იხილება, ვინაიდან საქართველო უნდათ, რომ ჩააგდონ ყველასთან მიმართ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ამით ცდილობენ გამოიწვიონ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, მოახდინონ ჩვენი ურთიერთობის ინსპირირება რუსეთთან მიმართებით; რამენაირად მოახდინონ საქართველოში სოციალური უკმაყოფილება, ყველანაირი ხერხით გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში და შეძლონ ე.წ. მაიდანის ინსპირირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ბევრი ქვეყნის მიმართ შეიძლება იგივე პრეტენზიები ჰქონდეთ, მაგრამ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სულ სხვა არის. სამი ქვეყნიდან გამოგვარჩიეს და არ მოგვცეს კანდიდატობა.
„ჩამოვიდა ეს ჭაღარა კაცი ბორელი და გამოაცხადა, რომ კანდიდატობის არმოცემის მიზეზი თქვენში ეძებეთო. ცოტა თავხედური იყო განცხადება იმიტომ, რომ იგივე პრეტენზიები ჰქონდათ უკრაინის და მოლდოვის მიმართ, მაგრამ იმათ უთხრეს, რომ კანდიდატები რომ გახდებით მერე გამოასწორეთო და ჩვენ გვითახრეს, სანამ არ გამოასწორებთ კანდიდატი არ გახდებითო. აშკარად განსხვევულია მიდგომები. აი, ასეთ სხვაობებზე და იმაზე, რომ ობიექტურობით არავინ არ გამოირჩევა და არც ევროპა, ამაზე აქცენტს თქვენის ნებართვით აღარ გავაკეთებ.
უკვე მეორედ დგება საკითხი, მოგვცემენ თუ არა სტატუსს. გვსაყვედურობენ, რომ უშვებთ რაღაცა ტვირთებსო და ამ დროს თავიანთი გაშვებული ტვირთი შედის რუსეთში და იმას, რომ თავისი ვაჭრობით მილიარდები შესდის რუსეთს და ფეხზე დგება, ამ დროს შენ გდებენ ბრალს. რაში აწყობს ეს ბრალდება არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ევროპა ცდილობს, რუსეთი ძალიან არ გააბრაზოს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არ მოგვცეს კანდიდატობა და შეიძლება არც ახლა არ მოგვცენ, არის ის, რომ ევროპა ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ამავე რუსეთის ინტერესების გათვალისწინება არის ისიც, რასაც არაერთხელ წავაწყდით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.