ჰყავს თუ არა „ქართულ ოცნებას“ სათადარიგო ახალი პრეზიდენტი?!

ჰყავს თუ არა „ქართულ ოცნებას“ სათადარიგო ახალი პრეზიდენტი?!

საინტერესოა, თუკი ოპოზიციასთან თანამშრომლობით „ქართულმა ოცნებამ“ ასი ხმა მოაგროვა და პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა, როგორ განვითარდება მოვლენები, მოგვიწევს თუ არა ახალი პრეზიდენტის არჩევა ახალი წესით, ანუ ჰყავს თუ არა „ოცნებას“ სათადარიგო საპრეზიდენტო კანდიდატი?!

წესით, მმართველ გუნდს არ უნდა აწყობდეს ასეთი სცენარი, რადგან გამორიცხული არ არის, კრიჭაში ჩამდგარმა სალომე ზურაბიშვილმა ისევ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა. მართალია, ამ შემთხვევაში, მას წარმატების შანსი არ აქვს, რადგან დასრულდა ის დრო, როცა ზურაბიშვილის სახით მეხუთე და ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი გვყავდა, ამიერიდან პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით, ე.წ. ხმოსნები აირჩევენ, რომელთა დაკომპლექტებაც მმართველ გუნდს არ გაუჭირდება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი რეაქცია იმპიჩმენტთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ღიმილია. ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა იმპიჩმენტს, ზურაბიშვილმა უპასუხა, „თქვენ რას ელოდებით?!“

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამოსული ბორელი მარჯვენა ყურს აუწევს ხელისუფლებას და ისინიც იმპიჩმენტზე საუბარს შეწყვეტენ.

მანამდე კი ნაციონალები აჟიტირებულნი აკვირდებიან ზურაბიშვილის სოლო პარტიას. ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო და ვიდრე კობახიძე-მდინარაძე იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ, ქვეყნის მთავარსარდალი მაკრონთან ერთად ელისეის სასახლიდან მიესალმა მმართველ გუნდს. უფრო ადრე კი შეხვდა შტაინმაიერს, მიშელს.

„პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ პატრიარქსა და მთავრობაზე მეტი იცის“, - ერთხელ უკვე მისცა ასეთი გაფრთხილება ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილს, მაგრამ მას მერეც პრეზიდენტი თავისივე დადგენილი წესებით მოქმედებდა.

ვისზე დებს ფსონს „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის შემდეგ?

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, თუკი იმპიჩმენტის წესით გადააყენეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ახალი პრეზიდენტის არჩევა მოგვიწევს უკვე საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით, რასაც ახალი წესი ითვალისწინებს და პრეზიდენტის კანდიდატურასაც ბიძინა ივანიშვილი წამოაყენებს.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ფსონს დადებს ირაკლი კობახიძეზე, რომლის დარჩენილი რესურსიც, ამოწურული ლიმიტიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება საპრეზიდენტოდ გამოიყენოს. ეს იქნება მმართველი გუნდისთვის იდეალური ვარიანტი. როგორც ცნობილია, ხმოსნებს აკომპლექტებს პარლამენტი, ჩვენი პარლამენტი მონოპოლიზირებულია ხელისუფლების მიერ. ამდენად, „ქართული ოცნება“ პარლამენტს მისცემს იმის საშუალებას, ისეთი ხმოსნები დააკომპლექტოს, რომ მათ მხარი დაუჭირონ „ოცნებისთვის“ სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას და ფიქრობს, რომ „კობახიძეს, ალბათ, გაუშვებენ საპატიო პენსიაზე პრეზიდენტის რანგში. კობახიძე მაინც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და მას მექანიკური ფორთოხლის როლს შეასრულებინებენ“.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ, გარდამავალი დებულებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდება 300 ხმოსნის მეშვეობით, მაგრამ, თუ საპარლამენტო ოპოზიცია დათანხმდა „ქართულ ოცნებას“ და, საბოლოო ჯამში, შეგროვდა ასი ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, უფრო დიდი რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი გუნდი.

„ნაცმოძრაობა“ თავისი ავაზაკობიდან და ვერაგობიდან გამომდინარე, შეეცდება, მომდევნო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ვითომც არალეგიტიმურად და გაყალბებულად გამოაცხადოს, რათა კიდევ ერთხელ შეარყიოს პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ეს მათი მახასიათებელია, მათ სხვა პროგრამა არ გააჩნიათ, გარდა დესტრუქციის, რევანშიზმის და სიტუაციის აღრევის მცდელობისა, მაგრამ ვხედავთ, რომ 2012 წლის შემდეგ მრავალი ასეთი მცდელობა წყალში ჩაუვარდათ“, -აღნიშნა გია აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, განურჩევლად იმისა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, ზურაბიშვილს მაინც არანაირი შანსი არ აქვს, თუნდაც წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა ხელმოწერებით, ან საინიციატივო ჯგუფების მეშვეობით.