„ზურაბიშვილს აქვს ილუზია, თითქოს 2018 წლის გამარჯვება მისი დამსახურებაა და ავიწყდება, რომ ის ხალხი, რომელმაც მას ხმა მისცა, „ოცნების“ ამომრჩეველია“

„ზურაბიშვილს აქვს ილუზია, თითქოს 2018 წლის გამარჯვება მისი დამსახურებაა და ავიწყდება, რომ ის ხალხი, რომელმაც მას ხმა მისცა, „ოცნების“ ამომრჩეველია“

პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება. პარიზიდან სამშობლოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს მისი იმპიჩმენტის პროცესი დაწყებული დახვდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე საჭიროზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს და თუკი კანდიდატის სტატუტსს ქვეყანა არ მიიღებს, პრობლემები „ოცნებას“ თავად შეექმნება.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და განმარტა, რომ გადადგომას და წასვლას არ აპირებს, რადგან ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ხალხის თანადგომას გრძნობს: „მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს.

მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული. მე ვსარგებლობ ჩემი კონტაქტებით და იმ ნდობით, რაც გაქვთ ჩემთან მიმართებაში. თქვენ გამოხვედით და აჩვენეთ ევროპას რა არის თქვენი არჩევანი და ზუსტად ამიტომ მხვდებიან დიდი პატივისცემით და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ, მე ვარ ამაყი, რომ დღეს ჩემი სახსრებით დავდივარ. გავაგრძელებ და ვიცი სადაც უნდა ჩავიდე, ვეცდები შემოვიარო ევროპის ყველა ქვეყანა, ვეცდები ჩავიტანო იქამდე თქვენი სურვილები, საქართელო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს დადგება!“

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის განცხადებას მანიპულაციას უწოდებს. მათი თქმით, ის, რომ პრეზიდენტი არ ემორჩილება კონსტიტუციას და ცდილობს საკუთარი წესები შემოიღოს, არის საკითხისადმი არა ევროპული, არამედ რუსული მიდგომა.

„მას შეუძლია, პოლიტიკური როლი შეიტანოს პოლარიზაციის პროცესში, იმ დროს, როდესაც აღვივებს პოლარიზაციას. მაგალითად, მას შეუძლია, თავის ქვეყანას მხარი დაუჭიროს თავისი განცხადებებით, ამ დროს ის ამბობს, რომ არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ სტატუსს. ანუ, სადაც მან ევროპისათვის, ევროპულობისათვის, ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისათვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს და სადაც მისი საქმე არ არის, იქ ვაკეთებო იბრალებს“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მორიგი არაადეკავტურობა გამოავლინა, რაც მას ბოლო წლებში სჩვევია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ქართული პოლიტიკისთვის ძალიან სამარცხვინო ქცევაა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ დამარწმუნა, რომ მას აქვს ილუზია შექმნილი, თითქოს 2018 წელს რომ გაიმარჯვა, მისი დამსახურებაა. ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ ის ხალხი, რომელმაც მას ხმა მისცა, „ოცნების“ ამომრჩეველია. მისი პირადი რეიტინგი ალბათ 1%-მდეა, ამიტომ ფუჭ წარმოდგენებს სჯობს შეეშვას, რადგან ამ არაადეკვატური განცახდებებით ამ ხალხის მხარადჭერასაც სრულად კარგავს. სისულელეაა, როცა საუბრობს რომ ვიღაცის ხმას წარმოადგენს. გასაგებია, რომ ზურაბიშვილი ნაცების და მისი განშტოებების ხმას წარმოადგენს, მაგრამ მის ელექტორატსაც არაფერში სჭირდება, თუ იმას არ გააკეთებს, რაც მათ უნდათ, ეს კი სააკაშვილის შეწყალებაა. ამ გადაწყვეტიელბას თუ მიიღებს, ეს მისი პოლიიტკრუი განაჩენი იქნება. ის ღირსების და ადეკვატურობის ზონიდან საერთოდ გასულია. შესაძლოა, დასავლეთში ვიღაცეებს აჯერებს, რომ ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და იმედებს მასზე ამიტომაც ამყარებენ. რეალურად კი მისი მხარდაჭერა „ოცნების“ გარეშე არ არსებობს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილი დასავლეთის თვალში ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, ხოლო იმის ჩვენებით, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით აზროვნებს, ქვეყნის ინტერესებს და ევროპულ მომავალს აზიანებს. აბაშიძე ამბობს, რომ „ოცნება“ ამ მძიმე რეგიონალური პოლიტიკის ფონზე, ცდილობს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა განახორციელოს, ზურაბიშვილი კი ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს ჩვენს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტის ამგვარი განცხადება და აქცენტების გაკეთება პროევროპულობაზე მოსალოდნელი იყო, რადგან ხელისუფლება მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტით უდიდეს პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტის პოლიტიკურ დისკრედიტაციას, მაგრამ მის ფიგურას სათანადოდ ვერ აფასებს.

„საქმე იმაშია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომელიც პროევროპულად არის განწყობილი, დადებითად არის შეფასებული. მართალია, ზურაბიშვილი პრეზიდენტად „ოცნების“ ამომრჩევლის მიერ არის მოყვანილი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია, თავისი ნაბიჯებით და პოლიტიკით, ახრეხებს, რომ დამატებით ელექტორატი მიიმხროს. „ოცნება“ კი მის მიმართ დაწყებული კამპანიით, პირიქით, მას ამაში ეხმარება და ხელს უწყობს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არის „ოცნების“ მხრიდან დიდი პოლიტიკური შეცდომა, რადგან ამით ზიანდება თავად და არა პრეზიდენტი. მით უმეტეს ვხედავთ, რომ ზურაბიშვილი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, დასავლეთში უფრო მეტი კონტაქტებით და ნდობით სარგებლობს.

ადამიანი, რომელიც პირადი სახსრებით ჩავიდა ევროპაში და ხვდება ისეთ გავლენიან ლდერს, როგორიც მაკრონია, „ოცნების“ დიდი კრახია. ვფიქრობ, ამის განსაზღვრა ხელისუფლებას უნდა მოეხერხებინა. ზურაბიშვილი არის დიდი გამოციდლების მქონე დიპლომატი, რომელმაც შექმნილ სიტუაციას ალღო ძალიან კარგად აუღო. ამიტომ ხელისუფლება იმდენს იზამს, რომ საბოლოოდ მისგან შექნის იმ პოლიტიკურ ლიდერს, რომელზეც დღეს ქვეყანაში ნამდვილად არის მოთხოვნა. კარგი, დავუშვათ, რომ გადააყენეს ან ზურაბიშვილი თავად გადადგა, მან რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და გაიმარჯვოს, მერე რას შვრებიან?“, - ამბობს ძაბირაძე.

 

 

მიშა ზურაბიშვილი ვერასოდეს გაიმარჯვებს. ვერც 2024 წელს და ვერც 2044 წელს. არაა ეგ დედაკაცი ქართული რეალობის პოლიტიკოსი. ეხლა ცოტა ისწავლა ამ სიბერეში ლაპარაკი (ან სხვა უწერს ტექსტებს), მაგრამ რა ჩერჩეტიც იყო, ისეთად დარჩა ბუნებრივია.
1 წლის უკან