საქართველო: რუსულენოვანი ახალი ამბების სატელიტური სადგური ხელახლა დაიბადა

საქართველო: რუსულენოვანი ახალი ამბების სატელიტური სადგური ხელახლა დაიბადა

ახალი ამბების სატელიტურ არხს, რომლის დებიუტიც 25 იანვარს საქართველოში შედგა, მთავრობა აფინანსებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელად იმუშავებს. არხის წამყვანებად კრემლის ორი ცნობილი ოპონენტი გვევლინება, მაგრამ ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ მათი მისია რუსეთის მთავრობის კრიტიკა არ არის.  

სადგურმა Kanal Pik–მა მაუწყებლობა გადაცემაში „დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით დაიწყო. ეს არ არის თბილისის პირველი აქცია რუსეთ–საქართველოს ხანგრძლივ საინფორმაციო ომში; ტელეკომპანია „ალანიამ“ რუსულენოვანი „ახალი ამბების“ მაუწყებლობა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სამხრეთ–ოსეთში 2005 წელს დაიწყო. 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ არხი წამყვანი პოზიციებიდან გაქრა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, სხვა რუსულენოვანი სატელიტური ტელეარხი გაჩნდა.

2009 წელს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ (სსმ) Pervyi Kavkazskyi–ი (პირველი კავკასიური) შექმნა, რომლის ამოცანაც პირველ რიგში კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაში საქართველოს ნეგატიური გაშუქებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო. შარშან სადგურმა დაკარგა მისი ფრანგული თანამგზავრული სიხშირე, რომელიც მოგვიანებით Gazprom Media Group–ს მიჰყიდეს.

შარშან ივლისში, სსმ–მ პირველი კავკასიური წარმოებისთვის ახალ კომპანია K1–ს გადასცა, რომლის თანამფლობელია ბრიტანელი ტელეჟურნალისტი რობერტ პარსონსია. ოპონენტებმა ეს ნაბიჯი მთავრობის მხრიდან სსმ–ს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობად შეაფასეს. არხის გარდაქმნა მთავრობის სპეციალური სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა და კონტრაქტი საჯარო ტენდერის გარეშე გაფორმდა.

მაგრამ საქართველოს მთავრობის და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები პარსონსთან ერთად, რომელიც 2003–2005 წლებში მუშაობდა ასევე „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ბიუროსთვის, ამტკიცებენ, რომ Kanal Pik–ი სააკაშვილის ადმინისტრაციის არ ექვემდებარება. პარსონსი ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებისთვის არხის ხელმძღვანელად მისი კანდიდატურა მისაღები აღმოჩნდა, თუმცა ამტკიცებს, რომ Kanal Pik–ის სარედაქციო პოლიტიკა აბსოლუტურად დამოუკიდებელია.

ის აცხადებს, რომ უმალ დატოვებს თანამდებობას, თუკი თბილისის რომელიმე ჩინოვნიკი მოვლენების გაშუქებაზე გავლენის მოხდენას შეეცდება. „ფონდები სახელმწიფო გრანტიდან მოდის, რომელიც დირექტორთა დამოუკიდებელმა საბჭომ დაამტკიცა. მაგრამ აკონტროლებს თუ არა მთავრობა შინაარსს? არა!“, – ამბობს პარსონსი.

მთავრობის გრანტი, რომლის მოცულობაც 14 მილიონი ლარია ($7.7 მილიონზე მეტი) პარსონსის კომპანია K1–ს ერთი წლით არხის მართვის შესაძლებლობას აძლევს. შედარებისთვის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 25 მილიონი ლარით (დაახლოებით $13.8 მილიონი) ფინანსდება და ორ სატელევიზიო და სამ რადიო სადგურს მართავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ გაამართლა Kanal Pik–ის შედარებით დიდი ბიუჯეტი და აღნიშნა, რომ არხს, რომელიც სტუდიას სხვა ტელესადგურთან ინაწილებს, მხოლოდ აღჭურვილობისთვის რამდენიმე მილიონი ლარი სჭირდებოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრი და ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალის „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამდენი ფულის დახარჯვის აუცილებლობას იმ ტელეარხზე, რომლის მაუწყებლობაც ქვეყნის გარეთ განხორციელდება. ის ამტკიცებს, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა ფონდების დახარჯვა შიდა საინფორმაციო მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. „როდესაც ქვეყნის შიგნით საინფორმაციო ვაკუუმია, რა საჭიროა უცხოეთში მაუწყებლობა, თუ ეს პოლიტიკური მისია არ არის?“, – კითხულობს შავერდაშვილი.

„მე ვამჯობინებდი, რომ ეს ფული ქვეყნის შიგნით დახარჯულიყო“, – დასძენს იგი, გულისხმობს რა Kanal Pik–ის 14 მილიონიან გრანტს. („ლიბერალი“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველო“–სგან ფინანსდება, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოების” ნაწილია – რედ.)

„ახალი ამბები“ Kanal Pik–ის ყოველდღიურ ექვსსაათიან მაუწყებლობაში მხოლოდ ორ საათს დაიკავებს (ხელმისაწვდომია Hotbird–ზე, მოსკოვის დროით საღამოს 6 საათიდან შუაღამამდე); დანარჩენი ოთხი საათი ორ „თოქ–შოუს“ მოიცავს, აქედან ერთის წამყვანი რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვია, მედვედევი–პუტინის მთავრობის კრიტიკოსი, რომელიც 2009 წელს საქართველოში გადმოსახლდა, და „კავკასიური პორტრეტები“ – „პირველი კავკასიურის“ გადმონაშთი, რომელშიც ჩეჩენი სეპარატისტი ლიდერის ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა პორტრეტებს ხატავს და პარალელურად გადაცემის სტუმრებს ინტერვიუებს ართმევს.

Kanal Pik–ის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ასეთი პროგრამირების მიზანი რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ალტერნატიული თვალსაზრისის შეთავაზებაა. „ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ისეთი შესაძლებლობის შეთავაზება, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ მოვლენების ალტერნატიულ თვალსაზრისზე, მნიშვნელოვანია, რადგან დიდწილად რუსეთში მოქმედი სამთავრობო ან მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია ამ რეგიონის მოვლენებს ძალიან ტენდენციურად აშუქებს“, – აცხადებს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატი სახელისუფლებო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კანდელაკი.

თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი თბილისში, ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორს ზვიად ქორიძეს აინტერესებს, როგორ გადმოსცემენ ჟურნალისტები ობიექტურ რეპორტაჟებს ჩრდილოეთ კავკასიიდან, რეგიონიდან სადაც ჟურნალისტებისთვის სერიოზული შეზღუდვები არსებობს, შეზღუდვები, რაც მხოლოდ გაძლიერდება 24 იანვარს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ.

Sky News–ის და Al Jazeera–ის ყოფილი რეპორტიორი დევიდ ჩათერი, რომელიც პარსონსმა Kanal Pik–ის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელად დაიქირავა, აღიარებს, რომ მუშაობა ჩრდილოთ კავკასიაში ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ადგილობრივ თავისუფალ ჟურნალისტებს ამ სამუშაოს გაკეთება შეუძლიათ.

Kanal Pik–ის თანამფლობელი კატია კოტრიკაძე, რომელიც „პირველი კავკასიურის“ „ახალი ამბების“ ყოფილი დირექტორია და დღეს Kanal Pik–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწეა, ფიქრობს, რომ ასეთი დაბრკოლებების გადალახვა ინფორმაციის მისაღებად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების გამოყენებით და „მეორე მხარის პოზიციის მოპოვებისთვის“ ჩინოვნიკებთან დარეკვით შეიძლება.

რეპორტაჟების მომზადება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებიდან შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს; ქართული ტელევიზიის რეპორტიორებისთვის ეს ტერიტორიები დახურულია და მათთან თბილისიდან ტელეფონით დაკავშირებაც ხშირად პრობლემას წარმოადგენს.

პარსონს იმედი აქვს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი პოლიტიკას შეცვლიან მას შემდეგ რაც Kanal Pik–ის მაუწყებლობის ხარისხს ნახავენ. „ბევრი ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი ახალი არხის მიმართ – ეს საქართველოა“, – ამბობს ჭანტურია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. „მაგრამ ჯერ ნახეთ და მერე გადაწყვიტეთ“.
[foreignpress.ge]