„შესაძლოა, ბორელის გზავნილებში სააკაშვილის შეწყალების თხოვნაც იყოს, ბოლოს და ბოლოს, მის გასათავისუფლებლად მილიონები დაიხარჯა“

„შესაძლოა, ბორელის გზავნილებში სააკაშვილის შეწყალების თხოვნაც იყოს, ბოლოს და ბოლოს, მის გასათავისუფლებლად მილიონები დაიხარჯა“

საქართველოს პროგრესის შესაფასებლად, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი თბილისშია. ქართული მხარე ბორელს იმ რეფორმებს გააცნობს, რომელიც ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში განახორციელა. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს კომისართან ყურადღება გამახვილდება იმ მოლოდინებზეც, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით გააჩნია.

 ანალიტიკოსები for.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ საუბარი უკრაინის თემას და რუსეთისთვის სანქციებს დაწესების საკითხსაც შეეხოს. ასევე ბორელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემა დელიკატურად მოითხოვოს.

ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი 7 სექტემბერს დაიწყო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის დეპუტატებთან გამართავს. მათ შორის, ოპოზიციასთან, რომელიც აუდიენციაზე ყურადღების გამახვილებას 12 რეკომენდაციის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე აპირებს.

ხელისუფლების ოპონენტები, ევროინტეგრაციის გზაზე, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ, თუმცა, ამის პარალელურად, იმასაც ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირიდან ეს, შუალედურ ანგარიშამდე, ბოლო გაფრთხილება იქნება.

ოპოზიციის მსგავსს პოზიციონირებას სახელისუფლებო გუნდი ევროინტეგრაციის პროცესის საზიანოს უწოდებს. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ შეხვედრებზე ჯოზეფ ბორელთან ისინი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის პოლიტიკურ ასპექტზეც ისაუბრებენ.

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი 2 დღეს გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენციაც. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ევროპელ კოლეგებთან 12 რეკომენდაციის თაობაზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ახლაც, ბორელს, კიდევ ერთხელ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდიან.

რაც შეეხება ბორელს, ის ამბობს, რომ საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას.

„ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ მომენტში ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, განვიხილოთ პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მოვახდინოთ აზრების გაცვლა უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე. საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩემი მთავარი გზავნილია: ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე, ვდგავართ საქართველოს გვერდით და ქვეყანა დგას ისტორიული შესაძლებლობის წინაშე განსაკუთრებით ამ დროს. ყველა აქტორის, განსაკუთრებით კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს შესაძლებლობა იყოს გამოყენებული და ხელიდან არ გაუშვას“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა თბილისში ჩამოსვლამდე.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ჟოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან ქვეყანაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საქართველოზე არსებული შეხედულებები ჩამოიტანა. გოგოლაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ბორელს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალიან გულახდილი საუბარი ექნება და ამ ვიზიტიდან ბევრი რამ გახდება ცნობილი.

„ბორელი ხელისუფლებასთან არ ისაუბრებს მხოლოდ თავის მოსაზრებებს, ის ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული მესიჯებით არის ჩამოსული, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩვენს ქვეყანას გამოუგზავნეს. ბორელი ახლა არის შუამავალი ჩვენს და იმ 27 ქვეყანას შორის, რომელმაც საბოლოო სიტყვა დეკემბერში უნდა გვითხრას. მას საქართველოს მთავრობასთან უკვე საერთო გზავნილი აქვს ჩამოტანილი და შეხვედრაზე, დახურულ კარს მიღმა კონკრეტულად ეტყვის რა პრეტენზიები აქვს ევროკავშირის 27 ქვეყანას ჩვენთან, რა შევასრულეთ და რა არა; რას გვითვლიან 12 რეკომენდაციიდან შესრულებულად. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ბევრი რამ ჩვენი ხელისუფლების პასუხებზეც იქნება დამოკიდებული.

ახლა ევროკავშირი ყველა ფუნქციას თავის ხელში იღებს და მე მგონია, რომ ძალიან მკაცრი საუბარი იქნება. საბოლოო ჯამში ევროკავშირიც ჩათვლის, რომ საქართველოსთან შესახვეწი არაფერი აქვს. სწორედ ამაზე ექნება ბორელს ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობასთან საუბარი. ევროკავშირისთვსი იმდენად არ არის საქართველოს წევრობა მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენთვის. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენს ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ყველაზე მდიდარ გაერთიანებას და პოლიტიკურად გავლენიან აქტორს, ევროკავშირს საქართველოსთან ექნება რაღაცა შესათავაზებელი. იმ სატრანსპორტო დერეფანსაც ისე გამოიყენებენ, როგორც მაგალითად, რუსეთი იყენებს და ამისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ არის საჭირო“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ჟოზეფ ბორელს საქართველოს ხელისუფლებასთან საბოლოო დასკვნითი საუბარი ექნება. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ აქ საუბარი იქნება, არა მარტო 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, არამედ უფრო სხვა ფართო გეოპოლიტიკურ საკითხებზეც.

„არ გამოვირცხავ, რომ ბორელს 12 რეკომენდაციის გარდა საქართველოს ხელისუფლებასთან უკრაინასთან დაკავშირებით ჰქონდეს საუბარი. დიდი ალბათობით, აქ აქცენტები გაკეთდება იმაზე, საქართველოს ხელისუფლება რამდენად დგას უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირთან ერთად. რატომ არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს და ა.შ. მაგალითად, რატომ იფარგლება საქართველო უკრაინის მხარდაჭერის კუთხით მარტო რეზოლუციების ნაწილში და რატომ არ უჭერს მხარს უფრო სხვა საშუალებებით. ბორელი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გაივლის იმ საკითხებს, რომელშიც ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ოქტომბერში უკვე ევროკომისიის დასკვნა უნდა იყოს სტატუსის მინიჭება-არმინიჭებაზე, ამიტომ არ მგონია, რომ ამის შემდეგ, რომელიმე ევროკავშირის მაღალჩინოსანი ჩამოვიდეს და დამატებით მოლაპარაკებები გამართოს. წინასწარი მოსმენა და ზეპირი მოხსენება შედგა და რეკომენდაციების შესრულების ვადაც ამოიწურა. ახლა უკვე შეჯამების დროა. ამ ვიზიტს ვუწოდებდი შემაჯამებელ ვიზიტს. გასაგებია, ის ოპოზიციასაც შეხვდება და ამ ინფორმაციით შეიარაღებული ევროკომისიაში ჩავა. ბორელი საქართველოდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავის მოსაზრებასაც მოახსენებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

შესაძლოა თუ არა ბორელმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სთხოვოს, ანჯაფარიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ბორელის მოთხოვნებში სააკაშვილის შეწყალებაც იყოს.

„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბორელის გზავნილებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნაც იყოს. დღევანდელ ტურბულენტურ პოლიტიკურ გარემოში ყველაფერია დასაშვები. 100%-ით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მე ეს ნაკლებად სავარაუდო, მგონია, მაგრამ დაშვების დონეზე მაინც ვუშვებ. რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციებთან არ იქნება მიბმული, მაგრამ არაა გამორიცხული პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეს ბორელის პირადი თხოვნა იყოს. ბოლოს და ბოლოს სააკაშვილის პიარში და გათავისუფლების მცდელობაში მილიონობით თანხა დახარჯეს. ეს თემა ევროპელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მენტალურ რუკაზე არსებობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, სააკაშვილის შეწყალების თემა ბორელმა დახურულ კარს მიღმა დელიკატურად შეიტანოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

Gami ეს ბორელი რაზე ჩამოვიდა გაუგებარია... აგერ ამ გოგოლაშვილს სცოდნია წინასწარ ყველაფერი! ეს გოგლაშვილი ჯერ დიდ ანალიტიკოსთან და ერუდიტთან" რონდელთან იყო მიკედლებული, ახლა ლომჯარიას შეუძვრა.
1 წლის უკან
Maverick დიახ, დიახ!
ლომჯარის უკ.ან.ალ.იდ.ან თავი აქვს გამოყოფილი და ამაყად ტრ.კა.ნე.ბს!
1 წლის უკან