ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა აღდგეს ე.წ. ერგნეთის ბაზრობა და ამასთანავე, იმავე სახით ეს გაკეთდეს ენგურის ხიდთთან. ერგნეთის ბაზრობის იმ სახით აღდგენას, როგორც ეს იყო - უკონტროლო, არ მიესალმება პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ეს უნდა იყოს ცივილიზებული, დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მთელ ამიერკავკასიიდან მოიზიდავს ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. მისი თქმით, იყო ეს პროექტები მათ შორის ზუგდიდში გახსნილიყო ანალოგიური, მაგრამ ვერ განხორციელდა. ამ პროექტის განხორციელებას ავტომატურად მოჰყვება ადამიანური ურთიერთობების დათბობა და ინტეგრაცია.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბარა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და აუცილებელია დღეს გაიხსნას ერგნეთის ბაზარი, პლუს ანალოგიური გაიხსნას ენგურზე და ამას მოჰყვეს აფხაზეთის რკინისგზის აღდგენა. თუკი ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და, მით უმეტეს, უკრაინის ომის ფონზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო უერთდება რუსეთს, რაშიც ოპოზიცია ბრალს სდებს მმართველ ძალას?
სოსო მანჯავიძე: რუსეთთან შეერთება რას ნიშნავს? როცა ვსაუბრობთ ოპოზიციის არგუმენტებზე, საწინააღმდეგოს მოდელირება გავაკეთოთ - რა ალტერნატიული გზა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი იურისდიქციიდან გასული ტერიტორიების რეინტეგრაცია მოვახდინოთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში, რათა შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ? ცხადია, გვყავს ერთი წყება აბსოლუტურად ტვინგადაბრუნებული და რეალობის აღქმადაკარგული ადამიანებისა, რომლებიც ასეთ ალტერნატივად ასახელებენ სამხედრო დაპირისპირებას. კერძოდ, აქ იგულისხმება, რომ ჩვენ NATO-ში შევალთ და პირდაპირ ნატოს ძალებით გაძლიერებულები მოვახდენთ ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებას. მეორე გზაა ხანგრძლივი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ მოვატრიალოთ ეს უკუღმა დატრიალებული ჩვენი ისტორიული ჩარხის ტრიალი.
განვიხილით ძალისმიერი მეთოდების პერსპექტულობა...
- არ მგონია ნორმალურ ადამიანს წარმოედგინოს სიტუაცია, როცა ჩვენ, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ ამას. ეს შეუძლებელია. NATO-ს შემოსვლა რეგიონში გამოიწვევს ომს რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონალურ მოკავშირეებთან - ეს არის არა მარტო რუსეთი, არამედ ეს არის ბელორუსი და ეს არის ირანი. ანუ, ამ სცენარში საქართველო გადაიქცევა სამხედრო დაპირისპირების არეალად, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გლობალური ომი. ანუ, გლობალური თერმობირთვული დაპირისპირების ერთ-ერთ ზონად შეიძლება გადავიქცეთ. ეს შეიძლება ვიღაცას უხაროდეს, მაგრამ მე მაგალითად ეს არ მიხარია. არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომ ვიჯდეთ ასე, არაფერი არ გავაკეთოთ და ველოდოთ.
ამ ფორმით დღემდე ველოდებით NATO -ში გაწევრიანებას, მაგრამ შედეგი რა გვქვს, გარდა იმისა, რომ ამ ლოდინით ვკარგავთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მაგალითად იზრდება თურქეთის ინტერესები აფხაზეთში...
-კი ბატონო. NATO-ში გაწევრიანების შედეგს ვხედავთ უკრაინაში. ეს ესკალაცია სულ უფრო და უფრო მძაფრ სახეს იღებს და რა უბედურებაში გადმოიღვრება ბოლოს, არავინ არ ვიცით. ჩვენ თუ გვინდა, რომ უკრაინა გადმოვიტანოთ აქ, ჩვენთვის გაცილებით მძიმე შედეგი დადგება.
არიან საქართველოში ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ უკრაინა გადმოიტანონ საქართველოში?
- რა თქმა უნდა, რა დალევს ავადმყოფებს, მაგრამ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე უკრაინა, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ევროპას, ევროკავშირის ქვეყნებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის და მისმა უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებმა ფაქტობრივად ეკონომიური ბლოკადა გამოუცხადეს უკრაინას.
სოლიდარულობის ძალიან ორიგინალური ფორმაა, არა? ახლა ვნახოთ ჩვენს შემთხვევაში რა ხდება - იმ შემთხვევაში, თუ რამე უბედურება დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არანაირი ლოგისტიკური მხარდაჭერა არ გვაქვს. მცირეზე მცირეა ალბათობა, რომ საქართველოს პრობლემების შემთხვევაში NATO-ს ქვეყნები აამოქმედებენ მე-5 მუხლს, რომელიც მხოლოდ წევრებზე ვრცელდება, თუმცა არც წევრობის შემთხვევაშია გარანტირებული მისი ამოქმედება.
გვქონდა პრობლემები 2008 წელს, მაგრამ არ ამოქმედებულა NATO-ს წესდების მე-5 მუხლი, თუმცა იყო მოლოდინი...
- ეს ხომ სისულელეა. ამიტომ, პოლიტიკა უნდა იყოს ასეთი - საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს და არ უნდა თქვას უარი თავის სუვერენიტეტზე, მაგრამ ამავე დროს ყველანაირად ხელი შეუწყოს ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც, პირველ რიგში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დემოგრაფიული ბალანსის აღდგენას გამოიწვევს. ქართველებმა თავისი საკუთრება უნდა დაიბრუნონ და უნდა დაბრუნდნენ თავიანთ კარ-მიდამოში. ასევე, უნდა შეწყდეს სეგრეგაციისა და აპარტეიდის პოლიტიკა, კულტურული დისკრიმინაციის პოლიტიკა ქართველების, ქართული ენისა და კულტურის მიმართ, რაც სამწუხაროდ ხდება აფხაზეთში.
ასევე, უნდა გადაიხედოს ის, რაც მოხდა და მიეცეს ამას პოლიტიკური შეფასება და ჩვენ აქ არ უნდა მოვედრიდოთ ჩევნი მოქმედებების კრიტიკას აფხაზეთის კონფლიქტში და იგივე უნდა მოვთხოვოთ აფხაზებსაც. არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი მონანიებები. კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ცხინვალში და როგორ მოქმედებდნენ გარკვეული ძალებისგან ინსპირირებული სუბიექტები და აქიდანაც გვახსოვს ამ სუბიექტების მოქმედებები. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ამ ეთნიკურ კარჩაკეტილობაზე, ეთნიკურ ეგოიზმზე და პირიქით, ეს უნდა გადავიტანოთ ზოგად ადამიანურ დონეზე. ადამიანები ვართ და შეცდომები მოგვდის, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს მაზოხიზმში. კარგად ვიცი ჩვენი პასუხისმგებლობა და ესეც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ არც მათ პასუხისმგებლობაზე ვხუჭავ თვალს. ასეთ შემთხვევაში ამ კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეებიც კარგად გაგვიგებენ. ანუ, ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია. ამიტომ, უარის თქმა, სავაჭრო და სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკადა და ა.შ. ეს ძალიან გავს იმ ანეგდოტს - ტრამვაიში ავალ, ბილეთს ავიღებ და კონდუქტორის ჯინაზე ფეხით წავალო. ეს პოლიტიკა გვაქვს - საკუთარ ფეხებში სროლის პოლიტიკა.
საკუთარ ფეხებში სროლის პოლიტიკით რა შედეგი მივიღეთ?
- მივიღეთ ის, რომ ფაქტობრივად, ხდება რეპარაციების გადახდა. მაგალითად, ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის სრულად უსამართლო განაწილება, როცა ჩვენ თვითონ ვარემონტებთ, ჩვენ თვითონ ვწევთ ყველა ხარჯს და არაპროპორციულად ნაწილი მიაქვს აფხაზებს, მაშინ, როდესაც ელელქტროენერგია ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. გადავიანგარიშოთ და ვნახავთ რა თანხებზე გავდივართ. ამის გარდა, ქართველების გადასვლა აფხაზეთში თურმე არის პრობლემური და აფხაზები დაუბრკოლებლად გადმოდიან აქ, მკურნალობენ და ამას აფინანსებს ჩვენი ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ამას მივესალმები, მაგრამ ანალოგიური მოქმედებები უნდა ტარდებოდეს იქიდანაც.
იგივე ცხინვალის რეგიონში ჩვენ მტკიცედ უნდა მოვითხოვოთ ეთნიკური ბალანსის აღდგენა. სოფლები რომ გაანადგურეს და გადაწვეს, გასაგებია, რომ სააკაშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობა დიდია იმ კონფლიქტის გაჩაღებაში, მაგრამ არც რუსეთის მხარეს გამოუჩენია დიდი მცდელობები, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარდა, სრულიად გაუგებარია ის მოქმედებები, რომელიც შემდეგ განხორციელდა. რუსები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა სხვა გზა არ დაუტოვა, მაგრამ სოფლების გადახვნაც აუცილებლობა იყო? ძნელი იყო დაბლოკილიყო იმ ძალების მოქმედება ვინც იქ ეთნიკური წმენდა განახორციელა?
საქმე ისაა, რომ პრობლემა მოიშორეს ქართული მოსახლეობის სახით და პირიქით მიესალმებოდნენ ამ ეთნიკურ წმენდებს. არაფერი არ გააკეთეს იმისათვის, რომ ეს უსამართლობა აღმოფხვრილიყო, აღდგენილიყო სოფლები და დაბრუნებულიყო ჩვენი მოსახლეობა. ქსნის ხეობა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა რა აუცილებლობის გამოა დაცლილი? ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი პრინციპული პოლიტიკა, მაგრამ არა ლოზუნგების დონეზე, არამედ კონკრეტული მოლაპარაკების დროს უნდა იყოს მიღწეული შედეგები.
თუმცა მოლაპარაკება გაყინულია. კონფლიქტის მთავარი მხარე არის რუსეთი, ოპოზიცია თვლის, რომ დაუშვებელია რუსეთთან ლაპარაკი, რომელიც უკრაინასთან აწარმოებს ომს და ვხედავთ, რომ ხელისუფლებაც თავს არიდებს ამ პროცესის დაწყებას. მოლაპარაკებების გარეშე, როგორ შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტი?
- ვერანაირად. ეს არის, იცით, რა ნარატივი? - ინდიელებს როგორც ექცეოდნენ თეთრი კოლონიზატორები. ანუ, ინდიელებს არ ჰქონდათ წარმოდგენა იმ პოლიტიკური ინტრიგების მასშტაბებზე, იმ ტექნოლოგიებზე, რომელსაც ფლობდნენ ევროპელი კოლონიზატორები და მათ ექცეოდნენ ისე, როგორც უნდოდათ. იგივე ხდება ახლაც. არ გაქვს უფლება ელაპარაკო მარტო, არ გაქვს უფლება შენი ინტერესი დაიცვა, იმიტომ, რომ მე ასე მინდა, თორემ მოღალატეებს დაგიძახებენ ჩემი აგენტები, ან შეგიწყვეტ დაფინანსებას, ან ილუზორულ სადღაც შეყვანაზე უარის თქმით რევოლუციას მოგიწყობთ. ნორმალური მოლაპარაკების პირობებში გასაგებია, რომ შეიძლება გაიუმჯობესო ვითარება, რომელიც ტრაგიკულია. ამას მოლაპარაკება არ უნდა ერქვას, არამედ საკუთარი ინტერესების დაცვა და საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას უთხრას და დაისახოს მიზნები, რისთვის ვაკეთებთ ამას. კერძოდ, იმისთვის, რომ შეწყდეს აპარტეიდის პოლიტიკა, კონფლიქტის შედეგები აღმოიფხვრას ქართული მოსახლეობისთვის ცხინვალშიც და აფხაზეთშიც.
საქართველო მარტო მთები კი არ არის, ამ მთის და ბარის მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იზრუნო და არა რაღაცა სულელურ ლოზუნგებს უნდა ისროდე, რომელიც შეგიკვეთეს და შთაგაგონეს მმართველებმა. ანუ, ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე უნდა იყოს ის, რომ აღდგეს ქართული დასახლებები და ეთნიკური ბალანსი.
რისთვისაც აუცილებელია მოლაპარაკება, მაგრამ რა ფორმატით?
- მოლაპარაკების რა ფორმატი უნდა იყოს, ეს ცალკე საკითხია. მთავარია დეკლალირებული იყოს, შიგნით გვქონდეს კონსენსუსი მიღწეული, რომ ჩვენ ეს გვინდა. ვინც იძახის, რომ ეს არ გვინდა, ის არის ამ ქვეყნის მტერი და მტრის აგენტურა. როგორ შეიძლება ქართველ ადამიანს არ უნდოდეს აღდგეს ქართული სოფლები და დაბრუნდეს ჩვენი მოსახლეობა? ვისაც ეს არ უნდა, მათი მოსაზრებები შეიძლება მიუღებელი, მაგრამ გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ალტერნატივა გვექნებოდა - არავითარი მოლაპარაკება, ბლოკადა რუსეთთან ყველა მიმართულებით, მყარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიების პირობებში დასავლეთიდან. ასეთი შემთხვევაში უარს ვამბობთ მოლაპარაკებაზე, რუსეთთან ვწყვეტთ ყოველგვარი ურთიერთობებს, ანუ გადავდივართ რადიკალური კონფრონტაციის რეჟმში.
მაგრამ ასეთი გარანტიები არ არსებობს, მეტიც იგივე უკრაინასთან ომის მიუხედავად, დასავლეთი აგრძელებს ეკონიმიკურ ურთიერთობებს რუსეთთან...
- ასეთი არჩევანი არ არის, ასეთი არჩევანის დადგომის პერსპექტივაც არის აბოსლუტურად ნულოვანი, ვინაიდან ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2030 წლამდე არანაირ გაფართოებას არ აპირებს. თუმცა, მანამდე ევროკავშირს რა ბედი ეწევა, ესეც ცალკე საკითხია. საინტერესოა, რისთვის იბრძვიან ესენი? - იმ გაერთიანებაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მოიპოვონ, რომელიც 2030 წლამდე გაფართოებას არ აპირებს და არც 2030 წელს აქვს შენი მიღების განზრახვა. აბსურდის თეატრი არ არის? - ცხადია რომ არის. სამწუხაროდ, ამ ილუზიებს და აღქმებს ეწირება მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა.
აქედან გამომდინარე, რამდენად აუცილებელი და სწორია, ერგნეთში და ენგურის ხიდთან ახალი ეკონომიკური ზონის გაჩენა? როგორც ჩანს, მიდის მოლაპარაკება, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან არ აქვს მხარდაჭერა, მაგრამ არც ხელისშეშლა. ცხადია, ერგნეთის ბაზრობას ჰქონდა დიდი დატვირთვა, მაგრამ იყო კონტრაბანდის უდიდესი წყარო, მაგრამ მის დახურვას მოჰყვა უმძიმესი შედეგები.
- ერგნეთის ბაზრობის ისე აღდგენას, როგორც ეს იყო მაშინ - უკონტროლო, არც მე მივესალმები, მაგრამ ეს უნდა იყოს ცივილიზებული, დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მთელ ამიერკავკასიიდან მოიზიდავს ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. იყო ეს პროექტები, მათ შორის ზუგდიდში გახსნილიყო ანალოგიური, მაგრამ ვერ განხორციელდა. ამ პროექტის განხორციელებას, რა თქმა უნდა, ავტომატურად მოჰყვება ადამიანური ურთიერთობების დათბობა და ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს ის საკითხები, რომელიც უკვე ჩამოვთვალე, თანმდევი პროცესი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მრავალმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთობების შედეგად. ცხადია, საქართველოს მხარე ამაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი როლი უნდა შეიტანოს.
როგორც ჩანს, ხელისუფლება მაინც თავს არიდებს, რადგან ეს უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც მთავარი არის რუსეთი...
- თუ გვინდა, რომ ეს ტერიტორიები სამუდამოდ იყოს ოკუპირებული და იქ ყოველგვარი ქართული აღმოიფხვრას, როგორც მაგალითად, ამოძირკვულია და აღმოფხვრილია ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე, სადაც საქართველო წარმოიქმნა (ცნობისთვის, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ძირი და ფესვი არის იქ, სადაც საქართველო აღარ არის დღეს და არც ქართველები აღარ ცხოვრობენ - სამხრეთ საქართველოს, ანუ, ტაო-კლარჯეთს, შავშეთს ერუშეთს, იმერხევს ვგულისხმობ),
კი, ბატონო, ვიყოთ ასე და ფეისბუქში გამოვხატოთ ჩვენი ნაციონალისტურ-უტოპისტური გრძნობები. რა თქმა უნდა, ამის იურიდიული უფლება, რომ ეს აუკრძალო ხალხს, არავის არ აქვს და მათ შორის არც მე. მაგრამ, ეს ძალიან ჰგავს ბიბლიური ონანის ცოდვას და ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანები შემჩნეული არიან უშედეგო და უაზრო ემოციების გამოხატვის მიდრეკილებაში, რაც როდესაც მასობრივ ხასიათს იღებს, მძიმე შედეგებს იწვევს.
რაც შეეხება რკინისგზის გახსნას, კელი დეგნანი ამბობს, რომ დაუშვებელია ამ პროექტის განხორციელება. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოსთვის სწორია აფხაზეთის რკინიგზის გახსნა?
- დაუშვებელი რა არის? რას ნიშნავს დაუშვებელია? ავიღოთ ტაივანის საკითხი, გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობს ტაივანსა და ჩინეთს შორის, თან წარმოიდგინეთ, შეიძლება ომიც მოხდეს, მაგრამ უზარმაზარი ფული აქვს ჩადებული ტაივანის ფინანსურ ეკონომიკურ ელიტას ჩინეთში, ასევე ჩინეთს, თან ამერიკული ბაზებია იქ და რა? ვთქვათ ჩვენ, რომ დაუშვებელია ის, რომ ტაივანი ვაჭრობს ჩინეთთან, მოდით, ზღვაც გადავკეტოთ... 50 ასეთ პრეცედენტს ჩამოგითვლით და მარტო ჩვენთვის ყოფილა დაუშვებელი!
რა ხდება სინამდვილეში - რკინიგზაც და გზების გახსნა ჩრდილოეთის და სამხრეთის მარშუტები, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება უზარმაზარი შემოსავალი და თან ამავე დროს საქართველო გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებსაც მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ ამ მაგისტრალების დაცვა ამ პროექტების ბენეფიციარების ინტერესებში შევა, რაც, გარკვეულწილად, ამ პრობლემების გადაწყვეტის სტიმული შეიძლება გახდეს, თუ ჭკვიანურად და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ.
საქმე ისაა, რომ აშშ-ს არ აწყობს იმ პროექტების განხორციელება, რომელშიც ის არ მონაწილეობს, ან ვერ აკონტროლებს. ცხადია, კელი დეგნანისთვის ეს დაუშვებელია, მაგრამ დაუშვებელია თავისი ქონების დაბრუნება ქართველი ლტოლვილებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც თავის სახლებში ვერ ბრუნდებიან და რომლებსაც ეუბნებიან, რომ არ არის შენიო?! ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია და იქ დაბრუნება დაუშვებელია დეგნანისთვის? წარმოგიდგენიათ რამდენს ბედავენ! ძალიანაც დასაშვებია და მთავარია, რომ ამ პროექტებიდან მივიღოთ შემოსავალი და ის, რაც თითოეული ჩვენთაგანის ოცნებაა, რომ ჩვენი ინტერესები და უფლებები აღდგეს იმ ტერიტორიებზე, საიდანაც ჩვენი მოსახლეობა იქნა გამოძევებული და ეთნიკური წმენდა იქნა განხორციელებული.
ამის ალტერნატივა რა არის, უკვე ვისაუბრეთ. ვურჩევ ურა-პატრიოტ ფანტასტებს, გააგრძელონ გინება ფეისბუქში და უყურონ ჩვენი ინტერესების შემდგომ შელახვას. ხელისუფლებას კი შევახსენებ, რომ ძალიან ბევრი დავკარგეთ იმით, რომ ურაპატრიოტულ ილუზიებში მყოფი ადამიანების ისტერიას უწევდა ანგარიშს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ეტაპზე. ყველა ეტაპზე ასე იყო - ჯერ მაქსიმალისტური გიჟური გეგმები იყო და მერე ყველა ეტაპზე მინიმუმის მინიმუმიც სანატრელი ხდებოდა. ამაზე გვიწევს ისევ საუბარი, რომ კარგია თუ ანალოგიურ კრეტინობას არ გავაკეთებთ ისევ და შემდგომ დეზინტეგრაციას არ შევუწყობთ ხელს. ამ პროექტების განხორციელების დაბლოკვას საქართველოს არავინ არ აპატიებს. აქ იმდენი ნარღვევი გაქვს, იმდენადნაირად შეიძლება პრობლემები გამწვავდეს, რომ ჯერ ამის მოდელირება ამათ ტვინში, როგორც ჩანს, არ ხდება და რომ მოხდება, მერე გვიან იქნება. ამიტომ, ჯობია იმთავითვე ჩვენი ინტერესების პრაგმატული და რეალისტური გათვალისწინება, განსაზღვრა და მოქმედება ვისწავლოთ. სინამდვილეში სწორედ პრაგმატიზმი და რეალიზმია პატრიოტიზმი და არა გულზე მჯიღის ცემა და ურაპატრიოტული ილუზიები.