საბანაძის

საბანაძის "ნაციონალური" "საბანი"

"თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ ერთ-ერთმა პირველმა იგრძნო მოახლოებული საფრთხე და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე საქართველოდან გაიქცა. მაშინ ინფორმაცია ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ გაავრცელა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბანაძემ ქვეყნიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია გაიტანა, თუმცა, როგორც ჩანს, დოკუმენტაცია აქაც მრავლად დარჩა, რის საფუძველზეც საბანაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით მსოფლიო მასშტაბით გამოცხადდა. მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ედება ბრალად", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით საბანაძის "ნაციონალური" "საბანი" / ალაპარაკდება თუ არა "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი დირექტორი / არ არის გამორიცხული, ბევრი მაღალჩინოსანი წაიყოლოს ციხეში, უპირველესად კი _ გიგი უგულავა.

"24 სექტემბერს გაირკვა, რომ საბანაძე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ ფლორენციაში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ გიორგი საბანაძე `თბილისის განვითარების ფონდს~ 2010 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა. როგორც მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, მან თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროს ალექსანდრე თაბუაშვილთან და თბილისის ვიცე-მერ დავით ალავიძესთან ერთად 2011 წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომლის უკანონო ქმედებებშიც სხვა ოფიციალური პირები და საჯარო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ჯგუფის მიზანი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო ხარჯების "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხებით უკანონო დაფინანსება იყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"2011 წლის 9 ნოემბერს გიორგი საბანაძემ მიმართა სს "ლიბერთი ბანკს" და მოითხოვა 719 ცალი სახელფასო ბარათის დამზადება იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც თითქოს უნდა შეემოწმებინათ "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი შენობა, სინამდვილეში კი ისინი იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები. გიორგი საბანაძემ ალექსი თაბუაშვილს გადასცა პლასტიკური ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა დროს უკანონოდ ირიცხებოდა "თბილისის განვითარების ფონდის" კუთვნილი თანხები. თაბუაშვილმა აღნიშნული ბარათები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში დაარიგა, ხოლო ბარათებზე დარიცხული თანხები ნაწილდებოდა პარტიის აქტივისტებს შორის ხელფასის სახით. ამრიგად, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მიითვისეს ფონდის კუთვნილი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით", - აცხადებენ შს სამინისტროში. საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის თებერვალ-ივლისის განმავლობაში გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ ფონდის კუთვნილი თანხებით უკანონოდ დააფინანსეს "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრები. ამის შედეგად ბიუჯეტიდან უკანონოდ გაიფლანგა ფონდის კუთვნილი 719 862 ლარი", - დასძენს გამოცემა.

"შს სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ მარტო 2012 წლის 16 ივლისიდან 3 ოქტომბრამდე საბანაძემ და ალავიძემ "ლიბერთი ბანკში" არსებული "თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან უკანონოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი. შსს-ს ცნობით, გიორგი საბანაძეს იტალიის სამართალდამცავთა მიერ შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული პროცედურები ხორციელდება. უახლოეს მომავალში საბანაძე ქართველი სამართალდამცავების ხელში აღმოჩნდება. სავარაუდოდ, მან ბევრი რამ იცის და არ არის გამორიცხული, ალაპარაკების შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანი წაიყოლოს ციხეში, მათ შორის უპირველესად თბილისის მერი გიგი უგულავა, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. არავინ იცის, გასწვდება თუ არა საბანაძეს "ნაციონალური საბანი" და კოჰაბიტაციის რეჟიმში მის მფარველობას მოასწრებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არცთუ მშვიდად გამოიყურება. აშკარაა, ის ყველა ხერხით ცდილობს გამოძებნოს გზები, რომლითაც მოახერხებს იმ შეცდომებზე და, შესაძლოა, დანაშაულებებზეც, პასუხისმგებლობის აცილებას, რაც მისი ხელისუფლების დროს მოხდა. ამ ვითარებაში მას საბანაძისთვის, სავარაუდოდ, ნაკლებად ეცლება", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.