„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც განხილული იყო სანქციების საკითხი. ვაშაძე ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსანი მიესალმა კონკრეტული პირების მიმართ სანქციების დაწესებას და აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე პარტნიორებთან დიდი ხანია მუშაობენ. სწორედ სანქციები იქნება მთავარი თემა, რაზეც ვაშაძე ოქტომბერში შეხვედრებს გამართავს აშშ-ში.
„ღიად ვამბობ, კრის სოჩასთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი. მეტს ვერ გეტყვით ამ საკითხზე, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე. სოჩა არის ადამიანი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ძალიან აქტიურად ადევნებს და მის სიტყვას და პოზიციებს აშშ-ში დიდი გავლენა აქვს. სრული მხარდაჭერა ექნება ყველა მედასავლეთეს და აუცილებლად გამოაშკარავდება უფრო ღიად, ვინ მუშაობს რუსული ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ირკვევა კრის სოჩასთან შეხვედრაზე „მოულოდნელად“, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც გამოჩნდა. ტრადიციულად გახარია ამ შემთხვევაშიც აცხადებს, რომ იქ ყავის დასალევად მივიდა და სოჩასთან მას შეხვედრა არ ჰქონია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია შეხვედრაზე არ ყოფილა და აქვე აცხადებს, რომ სანქცირების პროცესი არა სურვილებზე, არამედ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა აწყობილი.
„რაღაცას რომ ამბობ, მოქალაქეები შეცდომაში არ უნდა შეიყვანო. გიორგი გახარია მისული იყო იმ სასტუმროში, სადაც უნდა გამართულიყო შეხვედრა, თან ეს შეხვედრა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ან სხვა პარტიის წევრებთან. თვითონ, დამოუკიდებლად უნდა შეხვედროდა და როგორ წარმოგიდგენიათ... რომელი ჟანრიდან არის იცით ეს? აშშ-ში სასტუმროში თითქოს მიხეილ სააკაშვილს რომ შეხვდა, „კოკაინშინკი“ რომ არის, ამ ჟანრიდან არის ეს იაფფასიანი ტყუილი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ დაუშვილმა.
მმართველი გუნდი კი სანქციების მოთხოვნას ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლად აფასებს და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკას მავნებლურ ქმედებას უწოდებს. ოპოზიციას რომ ივანიშვილის დასანქცირების პოლიტიკური ინტერესი აქვს, ეს ფაქტია და დადასტურდა თუნდაც ივანიშვილისა და შვეიცარიის ბანკს შორის არსებული სასამართლო დავით, როდესაც ფაქტიურად შვეიცარიის ბანკმა დაასანქცირა ივანიშვილის ფინანსები. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ, რადგან მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს.
„ყველა ხედავს, რომ ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს. გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში, თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის და განმარტების გარეშე, უბრალოდ, არ აძლევენ საკუთარ თანხებს. იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული და დღესაც გრძელდება. ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში ავლენს, რომ ევროკავშირთან დაახლოების ყოველგვარი პრევენცია არის მათი თვითმიზანი და ასევე ოპოზიციას ისიც ესმის, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ ვერ მოექცევა. ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ფაქტი ის არის, რომ სასოწარკვეთილი „ნაცმოძრაობა“ კვლავაც განაგრძნობს პოლიტიკურ ნაცარქექიობას, რადგან ვერაფრით მოუნელებიათ ის, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა შექმნა ისეთი მმართველი პარტია, რომელმაც სამჯერ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და ეს ხელისუფლება დგას მშვიდობიანი ვითარებისა და სტაბილურობის მხარეს.
„ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, მაგრამ „ნაცმოძრაობაში“ სამარცხვინოდ კვლავ ითხოვენ მის გადადგომას, ოღონდ საიდან უნდა გადადგეს, თვითონაც არ იციან. ბიძინა ივანიშვილის ვითომ რაღაცა დასანქცირება არის მორიგი ბლეფი, ისეთივე, როგორც ნაცოპოზიციის მიერ შექმნილი ალტერნატიული მთავრობა და პარლამენტი. ივანიშვილს სანქციების ნამდვილად არ ეშინია.
ირიბად, თუ დე-ფაქტოდ გლობალურმა ომის პარტიამ მას დაუწესა სანქციები თაღლითი შვეიცარული ბანკის მეშვეობით, რომელსაც კანონიერად და სამართლიანად ივანიშვილი და მისი ადვოკატები ებრძვიან, მნიშვნელოვან შედეგებს უკვე მიაღწიეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს, შეიზღუდოს თავი, ან გადასახლდეს სხვა პლანეტაზე, მიუთითებს თუ როგორ პოლიტიკურად და საზოგადოებრივადაც გაკოტრებულია ნაცოპოზიცია, რომელსაც არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს საზოგადოებისთვის“, - აცხადებს გია აბაშიძე.
რაც შეეხება შეხვედრაზე გახარიას მოულოდნელად მისვლას, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ რატომღაც ძალიან საეჭვოდ ემთხვევა გახარიას ყოფნა ისეთ სასტუმროებში, სადაც მაგალითად, ჩნდება სააკაშვილი, სადაც „ნაცმოძრაობის“ წევრები ხვდებიან სენატის წარმომადგენლებს სანქციების თემაზე.
„გახარიამ უტიფრად მოიტყუა, რომ ყავის დასალევად მივიდა. გეგონება თბილისში ყავის დასალევი სხვა ადგილები არ იყოს. გახარიამ თავის დროზე დაამტკიცა, რომ ის პრემიერობიდან გაიქცა ნიკა მელიას არდაპატიმრების გამო და ეს ფაქტია. შემდეგ მიიღო მონაწილეობა თბილისის მერის არჩევნებში, რომ კახა კალაძისთვის წაერთვა ხმები და შემდეგ საკრებულოებში გაურიგდა „ნაცმოძრაობას“. აი, ეს არის გახარია და გახარია რაც არის ის აისახება როგორც რეიტინგებში, ასევე მის საარჩევნო შედეგებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, დღევანდელი ოპოზიცია აყოლილია ფეხის ხმას. მაშინ, როდესაც სანქციებზე დაიწყო საუბარი და რუსი ოლიგარქები დაასანქცირეს, ამ სანქციებს შემდეგ მოჰყვა მთელი რიგი კაპიტალის გაყინვა საერთაშორისო ბანკებში, რაც, მისი თქმით, პიარაქცია კი არ ყოფილა, ეს იყო სერიოზული ნაბიჯი, რომელსაც ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა.
„არა მარტო ოლიგარქები დაასანქციერეს, არამედ სახელმწიფო აქტივები გაყინეს და დღეს უკვე მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს აქტივები მოხმარდეს უკრაინას. საქართველოს შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? დავუშვათ, დაასანქცირეს ივანიშვილი და მერე რა? რა შეიცვლება აქიდან ოპოზიციისთვის? ის, რომ ქვეყანა დასანქცირიდეს, ეს წამგებიანია ოპოზიციისთვის, პირდაპირ ხელისუფლებისთვის არის მომგებიანი. მოსახლეობა მშვენივრად ხვდება, თუ ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები იქნება მიღებული, ეს იმოქმედებს ისევ გაჭირვებულ ხალხზე და კიდევ უფრო გაუჭირდებათ. ოპოზიციას არ გაუჭირდება. მათ იმდენი აქვთ, რომ ჩვენ დონეზე რომ ჩამოვიდნენ, ასი წელი დასჭირდებათ.
პოლიტიკურად გაჭედილი არიან. მხოლოდ ორ მიმართულებაზე მუშაობენ, რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება, უნდა დავასანქციროთ ივანიშვილი და ა.შ. სხვა თემები არ აქვს სალაპარაკოდ ოპოზიციას? აქვს, მაგრამ ამას ვერ ხვდება. სანქციებზე კი არა, ლაპარაკი უნდა იყოს კორუფციაზე, ოღონდ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ კი არ უნდა ილაპარაკოს კორუფციაზე, რომელთა პარტიის დამფინანსებლები თავად არიან კორუმპირებულები, არამედ ისეთმა ჯგუფმა, რომელსაც ენდობა საზოგადოება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.