გიორგი გაბუნიას ურჩევენ, „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად ისევ პუტინს მიაწვეს

გიორგი გაბუნიას ურჩევენ, „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად ისევ პუტინს მიაწვეს

გიორგი გაბუნიას ნაცების რისხვა დაატყდა თავს, რაც მან საზეიმოდ ამცნო საზოგადოებას, რომ „მთავარი არხი“ ნაცებისგან გათავისუფლდა - „დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ნაცების ტელევიზია არ ვართ“.

გაბუნიას თქმით, „მთავარ არხზე“ არა მარტო კოსმეტიკური, ძირეული ცვლილებები განხორციელდა. „სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ამას წლები დასჭირდება, ხალხმა დაიჯეროს, რომ ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად“, - ირწმუნება გიორგი გაბუნია.

შესაძლოა, გაბუნია ასეთი რისხვის ეპიცენტრში მაშინაც არ იყო, როცა პუტინის გარდაცვლილი მშობლების მიმართ არაკორექტული ტერმინოლოგია გამოიყენა და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია იხსენებს, რომ მან ერთხელ უკვე გადაარჩინა გიორგი გაბუნია, რათა პუტინის შეურაცხყოფის გამო პრობლემები არ შექმნოდა. როგორც ჩანს, ამჯერად ნიკა გვარამიას პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაცებისგან გიორგი გაბუნიას ხელმეორედ გადარჩენის სურვილი გაუნელდა.

გვარამიამ მარტივად ახსნა, რომ არ აპირებს „მთავარი არხის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას დაგმობას, უბრალოდ, არ იწონებს გაბუნიას გულახდილ მონოლოგს. თუმცა გვარამიაც ადასტურებს, რომ მოიტყუება, თუკი იტყვის, რომ „მთავარ არხზე“ „ნაცმოძრაობის“, ან სააკაშვილის გავლენა არ ყოფილა, ან რომელიმე დასავლური პარტიისთვის არ გაუწევიათ ანგარიში. ანგარიშის გაწევა ერთია, მაგრამ გვარამია ამტკიცებს, რომ „მთავარი არხი“ არც ერთი პარტიის გაგრძელება არ ყოფილა.

„მთავარი არხის“ გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე ბევრად უფრო რადიკალური აღმოჩნდა გიორგი გაბუნიას მიმართ. კვესიტაძე შეურაცხყოფილი დარჩა გაბუნიას ნათქვამით, რომ ამ არხის ჟურნალისტები ნაცების საქმეს აკეთებდნენ და თავისუფლები არ იყვნენ.

„მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არასოდეს დამიმალავს კრიტიკული დამოკიდებულება, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და სააკაშვილის მიმართ“,- ამბობს ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნიას ურჩევს, „ისევ პუტინს მიაწვეს!“

„გაბუნიამ ისეთები ილაპარაკა, ხელისუფლებაში რომ იყოს მიშა, აუცილებლად დაიჭერდა... გვარამიას“, - წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი.

რა გვიჩვენა გიორგი გაბუნიას მონოლოგმა? იქნებ ის, რომ თვით ნაცებშიც კი არაპოპულარული გახდა ნაცობა? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებულ მედიაში იქნებ, რცხვენიათ საკუთარი წარსულის? ეს ეტაპი დაუდგათ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს, რომ ცდილობენ „ნაცმოძრაობის“ იარლიყი მოიშორონ?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი სუბიექტური შეფასებით, აქ არის როგორც ბრძოლა გავლენებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სათავეში, ასევე, მის პარტიულ ტელევიზიაში. სავარაუდოდ, აქ ხდება „მთავარი არხის“ სპონსორების ცვლილება და გარკვეული მხარეები დაპირისპირებულნი არიან.

„ვხედავთ უკვე, რომ გიორგი გაბუნიას დაუპირისპირდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები თუ თანამზრახველები. მე ამას ვუყურებ, როგორც წინასაარჩევნო ბრძოლას, ეს ბრძოლის ხაზი გადის მედიაში. „ნაცმოძრაობისთვის“ ერთ-ერთი მძლავრი ტელერუპორია „მთავარი არხი“, ამიტომ აქ შესაძლოა, დაფინანსების და დამფინანსებლების ცვლილებაზე, ან ვიღაცის ჩაჩოჩებაზე მიდის საუბარი“, - აღნიშნა გია აბაშიძემ და, შეკითხვის საპასუხოდ, ხაზარაძე ხომ არ შევიდა სატელევიზიო თამაშებში, განმარტა: „ვერ ვიტყვი, ჯერჯერობით ამის კონტურები არ ჩანს, თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი გამოჩნდება საქართველოში, მით უმეტეს, მედიასივრცეში არაფერი იმალება“.

ამასთან, გია აბაშიძეს არ სჯერა გიორგი გაბუნიას განცხადების, რომ ნაცები მის ტელევიზიას აღარ გააკონტროლებენ, ეს უფრო ანეგდოტის თემად მიაჩნია. ის, რომ „მთავარი არხი“ არ იქნება „ნაცმოძრაობის“ სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, გია აბაშიძის აზრით, ისეთივე ანეგდოტია, როგორც ის ფაქტი, თითქოს კეზერაშვილმა „ფორმულას“ აქტივები გადაუნაწილა ტელევიზიის თანამშრომლებს.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასაც არ სჯერა, რომ ნაცობა ნაციონალებისთვის, მათ შორის, გიორგი გაბუნიასთვის მიუღებელი გახდა. მისი აზრით, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა ახლა თამაშობს ფსევდოდემოკრატიულობას. ესენი არიან ისეთივე ტოტალიტარული სექტა და ისეთივე ავტოკრატები, როგორც პრორუსული ტიპის დაჯგუფებები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე გაამყარებენ ტოტალიტარიზმს. ოღონდ ესენი არიან შენიღბულნი, ვითომც დასავლური იმიჯით.

„ესენი არიან ფსევდოლიბერალიზმით შეპყრობილი სუბიექტები, პლუს ამას, მემარჯვენე რადიკალები. „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის არ მწამს, „მთავარი არხი“ პროპაგანდისტული რუპორია, უფრო სწორად, სააგიტაციო რუპორი. „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ერთიანი საბჭოთა სააგიტაციო საშუალებებია. პოლიტიკური გადაფასება ასე იოლად არ ხდება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge- სთან საუბრისას.