„ნაჩქარევი ფიგურებით პრეზიდენტების არჩევის დიდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებას“, იმპიჩმენტი უკან მიბრუნებული ბუმერანგია და დიდი ეჭვია, იმპიჩმენტის შემდეგ კიდევ ისეთივე ფიგურა შერჩეთ ხელში, როგორიც აქამდე ჰყავდათ მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის გადამკიდე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს სიტუაციურ მოკავშირედ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოუჩნდა, რომლებიც იმის მოლოდინში არიან, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს და ამის ხათრით ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ. თუკი „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოახერხა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეში ოპოზიციაც მიიმხრო, მაშინ თანამდებობიდან გადაყენებული ზურაბიშვილის შემცვლელ სათადარიგო პრეზიდენტად ვინ ეგულებათ? რამდენად უღირთ ასეთი სცენარი? ხომ შეიძლება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის რანგში?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, ლოგიკური კითხვაა, ნაუცბათევი არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაზე, მით უფრო, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. როგორც ჩანს, არც ის იყო გააზრებული, იმპიჩმენტის საკითხს რომ დააყენებდნენ, გაიმარჯვებდნენ თუ არა. კობახიძემ თქვა, იმპიჩმენტისთვის საჭირო რაოდენობის ხმები შესაძლოა, ვერც მოვაგროვოთო. თქვენი თქმისა არ იყოს, თუკი გაიმარჯვებენ, მერე რას აპირებენ?! ალბათ, მერე დაიწყებენ ასეთივე ნაჩქარევ მოძიებას ახალი კანდიდატურის, ის ნაჩქარევი ახალი კანდიდატურა კი როგორი იქნება?! შეგახსენებთ, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც მეტ-ნაკლებად ნაჩქარევი იყო, მაგრამ იქ რაღაც ლოგიკა მაინც იყო, ის, რომ ემიგრაციის წარმომადგენელი იყო ზურაბიშვილი. ზოგადად, ნაჩქარევი ფიგურებით პრეზიდენტების არჩევის დიდი გამოცდილება აქვს „ქართულ ოცნებას“, დიდი ეჭვია, რომ კიდევ ისეთივე ფიგურა შერჩებათ ხელში, როგორიც აქამდე ჰყავდათ მარგველაშვილის და ზურაბიშვილის გადამკიდე.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სათადარიგო საპრეზიდენტო კანდიდატი, პარტიის მიმართ ერთგულებაში კარგად გამოცდილი ირაკლი კობახიძე იყოს. რამდენად ივარგებს ასეთი კანდიდატი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს აღიზიანებს?
- რამდენად შეიძლება აწყობდეს „ქართულ ოცნებას“ ვინმეს გამაღიზიანებელი კანდიდატურა?! რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიმართ ერთგულებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგული ყველა კანდიდატურა იყო დასაწყისში, თუმცა ერთგულება ისეთი რამეა, ერთ დღეს რომ დაიფიცებ, მეორე დღემდე ან გაგყვება, ან არა. ამიტომ ერთგულების ნიშნით არჩევას აზრი არ აქვს, ალბათ, უფრო სხვა პრინციპებია საჭირო, კერძოდ, ის, რომ ადამიანს პრეზიდენტის თანამდებობასთან რაღაც უფრო ღრმა მოსაზრებები აკავშირებდეს. არის მეორე მხარეც, ამ შემთხვევაში, არჩევანი თუ გაკეთდა, ეს იქნება პარლამენტის მიერ არჩეული საპრეზიდენტო ფიგურა, რაც უფრო ნაკლებ პრობლემებს წარმოშობს.
ის, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის აუცილებლობის წინაშე დადგა, იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ მმართველმა გუნდმა თუნდაც კულუარულად მიიღო ინფორმაცია, რომ მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედის შეწყალებას აპირებს? იქნებ, დასწრებაზეა ყველაფერი, რომ 7-8 თვის განმავლობაში გაუნელონ პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების სურვილი?
- ახლახანს გავრცელდა კობახიძის ფრაზა, რომ ამ 7-8 თვეში თუკი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, ე.ი. ის ოპოზიციას უჭერს მხარსო. თუ ეჭვი გაქვს, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს, ცხადია, ის ვიღაცას უჭერს მხარს და იმიტომ იწყალებს. იმავე კრამერმაც გამოაცხადა, გინდათ თუ არა, სააკაშვილი შეიწყალეთო. ასე რომ, იმპიჩმენტის გამოცხადება იმისთვის, რომ ცხადი გახდეს, ვის რა პოზიცია აქვს, მეჩვენება, არასერიოზულია. იმდენად სერიოზული მოვლენაა იმპიჩმენტი, რომ იმპიჩმენტის შედეგად მარტო იმის თქმა, ვის რა პოზიცია აქვს, მე მგონი, არ არის სწორი. თანაც, იმპიჩმენტი ერთი ხელის დაკვრით ვერ განხორციელდება, ამას დრო სჭირდება.
იმპიჩმენტი იმის დამადასტურებელი იქნება, რომ საკადრო პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ არ უვარგა, მოტყუვდნენ როგორც მარგველაშვილში, ისე ზურაბიშვილში. ეს ხომ თავისი მარცხის აღიარებაც იქნება?
- რა თქმა უნდა, იმპიჩმენტი უკან მიბრუნებული ბუმერანგია. თავისთავად, „ქართულ ოცნებას“ დაარტყამს. ესეც უნდა ყოფილიყო მთავარი მიზეზი, რომ, წესით, იმპიჩმენტზე არ უნდა წასულიყო „ქართული ოცნება“, მაგრამ რას ვიზამთ, „ქართულ ოცნებას“ უყვარს ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მერე მისთვის თავსატეხი გახდება.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დგას იმპიჩმენტის უკან და პრეზიდენტის იმპიჩმენტი „ქართულ ოცნებას“ საინფორმაციო ქაოსისთვის სჭირდება. რის გადასაფარად უნდა აწყობდეს ივანიშვილს ასეთი ხმაურიანი თემა, როგორიცაა პრეზიდენტის იმპიჩმენტი?
- საინფორმაციო ქაოსი რა საჭიროა? ან კიდევ, რატომ გამოიწვევს პრეზიდენტის იმპიჩმენტი საინფორმაციო ქაოსს? ერთი რამ ცხადია, ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად არ აწუხებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იქნება თუ არა. ანალიტიკოსები კიდევ რაღაც შეფასებებს ვიძლევით ამ იმპიჩმენტზე, სხვათა შორის, დადებითად არც ერთი არ ვაფასებთ ამ მოვლენას, მაგრამ მოსახლეობას საერთოდ არც ზურაბიშვილის ფიგურა აინტერესებს, არც მისი იმპიჩმენტი. ახლა თუკი ზურაბიშვილმა სააკაშვილი გამოუშვა, აქ შეიძლება, სააკაშვილზე უარყოფითი რეაქციის გამო მოსახლეობაში აღშფოთება გაიზარდოს, მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება რატომ უნდა იყოს ივანიშვილის ინტერესში, ჩემთვის გაუგებარია.
გამორიცხავთ, რომ უცხოეთის ვოიაჟიდან დაბრუნებულმა პრეზიდენტმა გამოაცხადოს, სააკაშვილის ციხიდან გამოშვება გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან ამის გარეშე ევროკავშირის სტატუსს დავკარგავთ, მაღალი იდეალის გამო კი ღირს ამ კომპრომისზე წასვლა.
- დავუშვათ, ეგ სცენარი განავითარა ზურაბიშვილმა და მმართველი პარტიისგან ქოქოლა დაიმსახურა, ამას შედეგად რა მოჰყვება?! სააკაშვილს საკუთარი პარტიის წევრებიც კი არ აქცევენ ყურადღებას, სააკაშვილის განცხადებებს ტირაჟირებას ჟურნალისტები უკეთებენ. თანაც, არსენალში სხვა საქმეებიც არის სააკაშვილის წინააღმდეგ. მე მგონი, მოტივი ამ ნაბიჯს არ ექნება, ისევე, როგორც ზურაბიშვილის ქმედებას, რომ გაიქცა დასავლეთში. გაუგებარია, ამის მკაფიო მოტივი რა იყო.
ერთხელ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ ზურაბიშვილი ქალია და შეიძლება ამით აიხსნას მისი უცნაური ქმედებები, მათ შორის, სიჯიუტე. ეტყობა, გაქცევაც მისი ემოციური მდგომარეობით აიხსნება.
- დიახ, ემოციური, ექსცენტრული, ენერგიული ქალი ნამდვილად არის. სამწუხარო ის არის, რომ ქართული პოლიტიკური პროცესები ჯერჯერობით დაცული არ არის ასეთი ადამიანური სისუსტეებისგან და პოლიტიკოსები ძალიან ხშირად მოქმედებენ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავები და არა როგორც პოლიტიკის ოლიმპზე მყოფი ხალხი.
ეს რა კითხვასა სვამს?? მაართლა ვერ ხვდებააა
დაკლადი .......... აჩოტები .......................ახალი ზადანია დავალებებს წამოიღებს და ა.შ. ............................. რას ქვია რაზე გაიქცა??
იმიტომ იმიტომ
გამოუშვებს სააკიანს გამოუშვებს ./.....ჰამაც მომავლისთვის სკამსაც დაიჯავშნის
განა ეს ცოტააა
ჰოოოდა იმიტომაც წავიდა