ცემა-ტყეპა და

ცემა-ტყეპა და "ვაზელინი" საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ

"საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან დამოკიდებულებაში ვერაფრით ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ათასი უბედურება დაგვატეხა თავს, ამ ქვეყანას ჩვენში მაინც მრავლად ჰყავს გულანთებული მხარდამჭერები. ნათქვამია, ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლიო, მაგრამ ამ სიყვარულის აფიშირება აუცილებელი სულაც არ არის. რუსეთის მოყვარულებმა კი გადაწყვიტეს, თავიანთი გრძნობები საჯაროდ გამოხატონ. ამისთვის აშკარად ცუდი დრო შეარჩიეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ცემა-ტყეპა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ / რუსეთის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაერივნენ.

"საზოგადოებაში ანტირუსული განწყობა ამ დღეებში აშკარად გაიზარდა. რუსი სამხედროები გორის და ქარელის სოფლებში საოკუპაციო ხაზებს ავლებენ და ჩვენს მიწას იპარავენ. ზოგიერთი ორგანიზაციისთვის ეს არაფერს ნიშნავს. მათ ისევ მგზნებარედ უყვართ რუსეთი... ისე, მათი პოზიცია რატომ უნდა გავიკვირვოთ, როცა ჩვენი ხელისუფლება გაგებით ეკიდება ამ ყველაფერს. რუსეთის ქმედებებს გაგებით ეკიდება ორგანიზაცია "ევრაზიული არჩევანი". ორგანიზაციის წევრები გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიიჭრნენ და საპროტესტო აქცია გამართეს - ისინი რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენას ითხოვდნენ. რუსეთთან სიამტკბილობის გამოხატვა მათ "თავისუფალი ზონის" წევრებმა არ აცალეს. აღნიშნული ორგანიზაცია ანტირუსული განწყობით გამოირჩევა. ისინი რუსეთუმეებს მიუვარდნენ და ფიცხელი ბრძოლა გამართეს. მშობლიური პოლიცია რომ არა, ერთმანეთის ცემით გული ვერ იჯერეს, სამაგიეროდ, სართულებიანი გინებები არ დაუკლიათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"აქციაზე მავთულხლართებიც გამოჩნდა. მავთულხლართები "თავისუფალი ზონის" წევრებმა მიიტანეს. "ევრაზიული არჩევანის" გარდა, რუსეთის მხარდაჭერას "ერეკლე მეორის საზოგადოებაც" გამოხატავდა. აქციის მონაწილეები საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს მომავალში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას, საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას რუსეთში და ქვეყნის უსაფრთხოებას. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციაზე "თავისუფალი ზონის" წევრები მივიდნენ - მათ "ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებს მავთულხლართები შემოავლეს და წინ დაუდეს საბურავები, წარწერით "ვაზელინი". მათ თან ჰქონდათ ტრანსპარანტები, რომლებსაც ასეთი წარწერები ამშვენებდა: "არა ჟოპალეზურ პოლიტიკას", "ნატო ჩვენი არჩევანია", "არა რუსეთს" რუსეთის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შუაში პოლიცია ჩაუდგა. მათი თავგამოდების წყალობით მხარეები მშვიდობიანად დაიშალნენ. რუსეთის მომხრეებმა პირობა დადეს, რომ კიდევ შეიკრიბებიან. მოწინააღმდეგეები ამ დღეს სულმოუთქმელად ელიან და პირობას დებენ, რომ კვლავ მივლენ მათი აქციის ჩასაშლელად.