სააკაშვილი პარტიის წევრებს განულებით ემუქრება - დაიწყო თუ არა ენმ-ში ახალი დაპირისპირება

სააკაშვილი პარტიის წევრებს განულებით ემუქრება - დაიწყო თუ არა ენმ-ში ახალი დაპირისპირება

ენმ-ში შესაძლაო დაპირისპირების ახალი ფრონტი გაიხსნას. ახლა პარტიაში იმას არკვევენ, ვის ემუქრება მიხეილ სააკაშვილი განულებით. ვის გულისხმობს „ვივა მედიდან“ გამოგზავნილ წერილში, როცა ამბობს, რომ პარტიიდან წასვლის შემთხვევაში ის გიგა ბოკერიას გზას გაიმეორებს და მასავით პოლიტიკურად განულდება. ექს-პრეზიდენტი არ აკონკრეტებს ვისზეა გაბრაზებული, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში, პარტიაში დაპირისპირების მიუხედავად, ასეთი პირდაპირი განცახდება სააკაშვილს აქამდე არ გაუკეთებია. ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, რომ ის ნიკა მელიას გულისხმობს, რომელმაც შესაძლოა პარტია სწორედ შემოდგომაზე დატოვოს. თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ნიკა მელია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში ვიხილოთ. მით უმეტეს ამ ეჭვებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელევიზია პარტიული აღარ იქნება და მისი ენმ-თან ასოცირება აღარ მოხდება. ამ ყველაფერს სააკაშვილის წერილიც დაერთო, რომელიც ენმ-ში მიმდინარე უმძიმეს მდგომარეობას კიდევ უფრო ნათელს ხდის.

ვის გულისხმობს სააკაშვილი „ბოკერიას გზის“ პოლიტიკოსებად? როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ვის გულისხმობს პრეზიდენტი სააკაშვილი, ამას მომავალი გამოაჩენს, ამიტომ მე მოვლენებს ნამდვილად არ გავუსწრებ. აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ ადამიანების მცდელობა, ივანიშვილის სურვილის განხორციელების, ენმ-ის დაშლის, ძალიან წარუმატებელი იყო ძალიან ბევრჯერ. (იგულისხმება თუ არა ნიკა მელია?) ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ივანიშვილის ოცნებას ხორცშესხმულს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ან დასუსტების - ვერ იხილავს“, - ამბობს ბოკუჩავა.

გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას - ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეს, ბაჩო დოლიძეს არ აქვს ინფორმაცია, ვისზეა საუბარი სააკაშვილის სტატუსში.

თუმცა, როგორც დოლიძე ამბობს, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მელიას გუნდს გულისხმობს, მაშინ მას არ მოსწონს კომუნიკაციის ეს ფორმა, როგორიც სააკაშვილმა აირჩია. დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მათ ეკონტაქტოს პირადად წერილების საშუალებით და ასე გაცვალონ პოზიციები.

„ძალიან არ მომწონს, იქ ვკითხულობთ სახელებს და გვარებს - ბოკერიას გზა ნამდვილად არ მომწონს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ გზას გამდგრები ბევრია შემობრუნებული ამა თუ იმ ფორმით და იმ გზაზე მყოფები, როგორც დამფინანსებლები, ძალიან აქტიურად ჩართული ადამიანები გვევლინებიან ენმ-ის მენეჯმენტში.

ის, რომ თითოეული ადამიანის წასვლა პარტიიდან არის პრობლემა და შესაძლოა იყოს პრობლემა, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, როგორ გამოხატავ ამ ყველაფერს. თუ ჩვენ გვგულისხმობდა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ გამოხატვის ფორმები ცოტა სხვა ყოფილიყო, ელემენტარული კომუნიკაციის საშუალება არის თუნდაც წერილობით და აზრების გაცვლა-გამოცვლა სავსებით შესაძლებელია ამ ფორმით,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილის ადრესატი, დიდი ალბათობით, ნიკა მელიაა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სააკაშვილს შიდა კულუარული ინფორმაცია აქვს, რომ მელია უხალოეს პერიოდში პარტიის დატოვებას გეგმავს. ის არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სააკაშვილი მელიას და გვარამიას მიერ საერთო პოლიტიკური ძალის შექმნას ეჭვობდეს და წინასწარ გააფრთხილა.

„ძალიან საინტერესო პროცესები შეიძლება ენმ-ის ირგვლივ განვითარდეს და ვფიქრობ, რომ ნიკა მელია რაღაცას აპირებს. სააკაშვილს, როგორც ჩანს, ამაზე ინფორმაცია მიაწოდეს და მანაც წინმსწრები განცახდება გააკეთა. ალბათ, ახლა იმაზე სერიოზულად არის სიტუაცია, ვიდრე აქამდე იყო. მე უფრო ვფიქრობ, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია შესაძლოა ერთ პოლიტიკურ ძალად ვიხილოთ. ამ სცენარსაც არ გამოვრიცხავ. მით უმეტეს, ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებები ტელევიზიის დამოუკიდებლობის და მის არდაფინანსების შესახებ, ძალიან საინტერესოდ ემთხვევა დროში ერთმანეთს.

თუმცა, არც ის გამოვირცხოთ, რომ პარტიის გაერთიანების მიზნით, რომ ყველასთვის მისაღები ფიგურა ყოფილიყო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილი გადააყენონ და მის ადგილას ნიკა გვარამია ვიხილოთ. შესაძლოა, სააკაშვილის წერილიც ამის პათოსი იყოს. ყველა ხედავს, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა რეალურად პარტიაში არავის მოსწონს. ამ ფორმით არჩევნებზე გასვლა, ან თუ ორად გაიყო, ეს იქნება ძალიან მძიმე პარტიისთვის. რაც კი ამდენი ხნის განმავლობაში პრობლემები ჰქონია ენმ-ს, ვფიქრობ, ახლა ყველაზე რთულ სიტუაციაში შესაძლოა აღმოჩნდეს. ამას სააკაშვილი შესანიშნავად ხვდება, ამიტომაც აფრთხილებს მათ“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, არც ის სცენარია გამოსარიცხი, რომ ნიკა გვარამიამ, უკრაინული ხაზით, ცალკე პოლიტიკური თამაში წამოიწყოს, თუმცა მან კარგად იცის, რომ დამოუკიდებელად პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის, ამისთვის არც პიროვნული და არც პოლიტიკური რესურსი არა აქვს. რაც შეეხება იმას, უნდათ თუ არა მერაბიშვილ-კეზერაშვილს გვარამიას თავმჯდომარედ დაყენება, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, - არა, რადგან მისი მართვა ხაბეიშვილისგან განსხვავებით რთული იქნება. მას მათზე ბევრად მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, ამიტომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარეობაზე მათთვის ყველაზე მიუღებელი უნდა იყოს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მელია პარტიის დატოვებას ფიქრობს და ის გააფრთხილა. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ახლა მელია უფრო დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე ნიკა გვარამია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მელიას პარტიაში მხარდამჭერები ჰყავს და ენმ-ის ელექტორატის ნაწილს გაიყოლებს, თუ წასვლა გადაწყვიტა. მით უმეტეს, თუკი მელია და გვარამია ერთად აღმოჩნდნენ, უფრო დიდი ძალა იქნება.

„სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ვინც მისგან წავიდა და ცალკე პოლიტიკური თამაში გადაწყვიტა, ყველა ნამდვილად ბოკერიას გზას დაადგა. ფაქტი ერთია, რომ ენმ-ის ამომრჩეველი მხოლოდ სააკაშვილის ელეტორატია და მის გარდა პარტიაში ავტორიტეტს არავინ წარმოადგენს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ნიკა მელია არაფერია და პარტიიდან წასვლის შემთხვევაში პარტიას არ დააზიანებს. მას შეუძლია პარტია ორად გახლიჩოს და ეს იმაზე მტკივნეული იქნება, ვიდრე ეს ბოკერიას და მისი გუნდის წასვლისას მოხდა. საქმე კი ისაა, რომ სააკაშვილს თავად დაუვარდა რეიტინგი და მისი მომხრეებიც კი ზედ არ უყურებენ.

მელიას, უნდა თუ არა ვინმეს, პარტიაში თავისი გულშემატკივარი ჰყავს. ამიტომ არჩევნებზე დამოუკიდებლადაც რომ გავიდეს, 5%-ს მაინც აიღებს. სააკაშვილი ამ საფრთხეს მშვენივრად აანალიზებს. პარტიის ლიდერს თავად უკვე რეიტინგი დაკარგული აქვს და ამ ფონზე მისი გაყოფა უკვე დიდი საფრთხეა. რაც შეეხება გვარამიას და მის ტელევიზიას, გინდა დამფინანსებლები იშოვოს და გინდა არახამიას შეეკრას, ის ხალხს არ უნდა. მას საზოგადოებაზე, პირიქით, ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს, 1%-იანი პოლიტიკური ფიგურაც კი ვერ იქნება. უბარლოდ, თუ მელიასთან ერთად აღმოჩნდა და ცალკე პარტია შექმნეს, ეს უკვე ოპოზიციურ ფლანგზე ენმ-ის კონკურენტი იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.