„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტების მომზადება 6 სექტემბრამდე დასრულდება და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარედგინება. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს, ამის შემდეგ დოკუმენტებს შესაბამისი დასკვნისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგენენ.
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება, უახლოეს დღეებში დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ 50-ზე მეტი ხელმოწერა ექნებათ. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
„მიზანი არის მარტივი და მკაფიო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმა არ არის პარლამენტში. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საერთო დღის წესრიგით მოქმედებს, მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს მის მიერვე მოღალატედ გამოცხადებული პერსონის მიმართ, ეს გამორიცხულია.
მათ აქვთ საერთო დღის წესრიგი და მათ ჰყავთ საერთო პატრონი. აქედან გამომდინარე, 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რაც ძალიან მარტივი საქმეა. ამის შემდეგ გაშიშვლდება ყველაფერი, გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლიტიკურად შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ მკაფიოდ უნდა ითქვას, ვინ რა პოზიციაზე დგას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მისი თქმით, კონსტიტუციით, სახელმწიფოს სახელით საუბრის უფლება პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით აქვს და როდესაც პრეზიდენტი ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაა.
ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!“- ს ესწრება, აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული დამცველია და ბიძგს აძლევს ამას.
„არ მესმის იმპიჩმენტის საფუძველი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს. ევროპა უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში. მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში“, - აღნიშნა დენიელ ფრიდმა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა პარლამენტმა მის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან ეს მიზანშეწონილად არ უნდა ჩათვალოს.
„მგონია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა პარლამენტმა მის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს. „ქართული ოცნების“ გათვლაა, მუდმივი საუბარი იყოს იმაზე, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. რადგან, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ამით დარტყმას მიიღებს არა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი, არამედ ყველა მომდევნო პრეზიდენტი და ასეთი გადაწყვეტილებით პირს აუკრავენ. მისი თქმით, ისედაც ფრიად მცირე უფლებამოსილებებიდან, რომელიც პრეზიდენტს აქვს, უკვე შეიზღუდება პრეზიდენტის მიერ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვაც საგარეო ურთიერთობების დროს, რაც ძალიან ცუდი იქნება.
„რას მისცემს იმპიჩმენტი ხელისუფლებას - უნდა შევხედოთ რა აქვს მიზნად „ქართულ ოცნებას“. მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის გადაყენებას ვერ შეძლებს. მაშინ, ჩნდება კითხვა - მაშინ რა მიზანი აქვს? ერთი, რაც ზედაპირზე დევს არის ის, რომ იმედი აქვთ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ასეთ შემთხვევაში მათ სათქმელი ექნებათ, რომ აი, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და ჩვენ ვერ გადავაყენეთ თანამდებობიდან იმიტომ, რომ ოპოზიცია არის შეკრული პრეზიდენტთან.
ე.ი. ირიბად ოპოზიციაც კონსტიტუციის დამრღვევია, რადგან იცავს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს და აი, როგორი პრეზიდენტი და როგორი ოპოზიცია გვყავს - ოპოზიცია, რომელსაც თავისი მიზნების მისაღწევად არაფრად მიაჩნია კონსტიტუციის დარღვევა და ამაზე იქნება ლაპარაკი მომდევნო არჩევნებამდე. ვფიქრობ, რომ ეს მიზანი დევს ზედაპირზე, თუმცა, ეს ჩაიშლება თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა“, - აცხადებს ხმალაძე.
მისი თქმით, იმპიჩმენტის მეორე მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თუ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ფორმალურად აცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილს და სინამდვილეში მათ ეს არ სურთ, რის თაობაზე ბევრი გამოთქვამს ეჭვს, ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ზიანს მიაყენებს ამ სტატუსის მიღების პროცესს.
„ასეთი უთანხმოება მთავარობასა და პრეზიდენტს შორის იმ საკითხზე, რომელზეც მთავარობას ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება, პრეზიდენტი თავისი ვიზიტის მიზნად ასახელებდა ამ სტატუსის მონიჭების ლობირებას, ანუ ორივე აცხადებს, რომ ერთი და იგივე მიზნით მოქმედებდნენ და ამ დროს მთავრობამ თანხმობა არ მისცა პრეზიდენტს ჩაეტარებინა ეს ვიზიტები, რაც ცხადია მაშინვე აჩენს კითხვას, რომ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ სტატუსის მიღება არ უნდა და ასეთი რამ, ცხადია, არ გაზრდის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობას. შეიძლება ესეც არის მიზანი, შესაძლებელია ეს არის კოჭის გაგორება რუსეთისთვის - აი, პრეზიდენტი, რომელიც არის რუსეთის მოწინააღმდეგე, აი რას ვუშვებით, ვსჯით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ.