"27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება, მაგრამ არავითარი მასობრივი და პარტიული პასუხისგება არ დაიწყება"

"რაც ხდება, ეს არის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ერთი რამ - დახმარებისთვის მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რასაც ვაკეთებთ კიდეც. ამ ზონაში ჩავიყვანეთ დამკვირვებლები, იქ ევროკავშირის წარმომადგენლები ისედაც არიან და აკვირდებიან პროცესებს, მათ უკვე გამოხატეს თავიანთი აღშფოთება. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მოჰყვება სათანადო გამოხმაურება. ხოლო რას ამბობს ბურჯანაძე ან სხვა ვინმე იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებდა პრეზიდენტი რომ იყოს, რაღაც საბავშვო გადაცემებს მაგონებს", - აცხადებს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "კიბესთან დგას სააკაშვილი, გამოივლის ობამა და მიშაც დაეძგერება" / "პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯანზე ვერ არის"

"ბურჯანაძემ თვითონაც კარგად იცის, რომ პრეზიდენტი ვერ გახდება, ამიტომაც არიგებს ამისთანა დაპირებებს. არ ვიცი, ბურჯანაძე მომავალში როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს, მაგრამ კარგად ვიცი, წლების განმავლობაში რომ ეკავა მაღალი თანამდებობა, საქართველოს იმ დროსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, მაგრამ მაგის მოგვარებული არაფერი გვინახავს. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი ყოფილა, რაც ბატონმა სერგო რატიანმა თქვა, არ ეკადრება რატიანს ამისთანა ლაპარაკი. ხომ იყვნენ ხელისუფლებაში და მშვენივრად იციან, რა და როგორ არის, მაგრამ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობენ, თუმცა არ გამოუვათ, ეს ის ხალხია, რომელთა უგუნურების შედეგადაც დგანან რუსები ჩვენს ტერიტორიაზე და ასე თავხედურად იქცევიან. რუსეთი არის ოკუპანტი და იქცევა ოკუპანტივით. დღეს თითოეულ კვადრატულ მეტრზე სააკაშვილის ტირილი უკვე გვიანია - მაშინ უნდა ეტირა, როდესაც მისი უგუნურებით ამხელა ტერიტორიები იკარგებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

"სააკაშვილის ხელისუფლებისა თუ იმის წინა ხელისუფლებების დროს, მოყოლებული ერეკლედან, რუსეთი სულ ცდილობდა ჩვენთვის რამე წაეგლიჯა. სააკაშვილს კი ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერი აქვს, მაგან რუსეთი და დაკარგული ტერიტორიები არც უნდა ახსენოს. ესაა მისი ცხოვრების მთავარი სირცხვილი და მთავარი დანაშაული, ოროსანია ამ საკითხში. ეგ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას და რაც კი შეიძლებოდა, ყოველგვარი სისულელე ჩაიდინა. სააკაშვილის ლაპარაკი გასათვალისწინებელი კი არა, მოსასმენიც არ არის. სააკაშვილი საინტერესოა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ უნდა გამოვიკვლიოთ კიდევ რა აქვს ჩადენილი და დავადგინოთ, მარტო პოლიტიკურად მოუწევს პასუხისგება, თუ სამართლებრივადაც. მან მთელ მსოფლიოს აჩვენა მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ეცადო კონფლიქტების გადაწყვეტას. მე ვიყავი პარლამენტში, რომლის უმრავლესობაც მთელი სერიოზულობით გვიხსნიდა, თუ როგორ მოუგებდნენ ომს რუსეთს. კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელი ამოცანაა. სააკაშვილის აზრს კი ამ საკითხებზე არ უნდა ვუსმენდეთ, ვინც უსმენს, იმასაც აქვს რაღაც პრობლემა, თორემ სააკაშვილი რომ პრობლემატურია და კარგად ვერაა მაგ საკითხებში, ეს ცხადია.", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"გაეროში ასეთი შეხვედრები შემდეგნაირად ხდება: კიბესთან დგას სააკაშვილი, გამოივლის ობამა და მიშაც დაეძგერება. ისიც ზრდილობის გამო გამოელაპარაკება. მე ასე შევხვდი პრეზიდენტ რეიგანს და მარგარეტ ტეტჩერს, სამწუხაროდ, მაშინ "ფეისბუქი" არ იყო, თორემ დავწერდი, შევხვდი და ჭკუა ვასწავლე-მეთქი. ხომ ნახეთ, სააკაშვილმა როგორ უკარნახა ობამას, ეს უკანასკნელი როგორ უნდა მოიქცეს, დაუბარა - საფრთხეშია საქართველო და ყურადღება მიაქციეთო, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ბოლო ხანს ჯანზე რომ ვერ არის. თანაც ობამას გაუმხილა, რომ საგანმანათლებლო საქმიანობას აპირებს. მართალი გითხრათ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ასე გემრიელად არაფერზე მიცინია. ისედაც რა დღეშია ეს საწყალი საგანმანათლებლო სისტემა და სააკაშვილი რომ გაგვანათლებს, საბოლოოდ ავშენდებით. კიდევ ბიბლიოთეკის გაკეთებას აპირებს. ესეც ძალიან სასაცილო ამბავია კაცისგან, რომელსაც წიგნი ხელში არ აუღია. ერთხელ პირადად გამიმხილა, რომ ერთი მხატვრული ნაწარმოებიც კი არა აქვს წაკითხული", - დასძენს პარლამენტარი.

"27 ოქტომბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ და კოაბიტაცია დასრულდება. ეს განცხადება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობას შევწყვეტთ. მაგრამ არავითარი მასობრივი და პარტიული პასუხისგება არ დაიწყება. მხოლოდ ბურჯანაძე გვპირდება, რომ ყველას დაიჭერს მამამისისა და ქმრის გარდა, აბა, ახლა საკუთარ "კუდს" ხომ არ მოიჭრის. ჩვენ რეპრესიებს არ ვაპირებთ. ეს რომ დავიწყოთ, უნდა გამოვეთხოვოთ დასავლეთს, ევროპასაც და ნატოსაც. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან თუ ვინმე დამნაშავეა, მათი საქმეების გამოძიება ახლაც მიმდინარეობს, ასე რომ, განსაკუთრებული ზომების მიღებას არავინ აპირებს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და შეკითხვას - "თუმცა საზოგადოების ნაწილს მოსწონს ბურჯანაძის რადიკალიზმი...", პასუხობს:

"ბურჯანაძე აიღებს ხმების იმდენივე პროცენტს ან ოდნავ მეტს, რაც თავის დროზე აიღო ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა. მას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვს. არა მგონია, ამ ერთ თვეში რაიმე ისეთი მოხდეს, რომ შანსი გაუჩნდეს. ქალბატონ ბურჯანაძეს პრეზიდენტობის შანსი ჰქონდა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, მაგრამ არ გამოიყენა. იმჟამად ბურჯანაძე ჩემზე ამბობდა, მაგას ხელს არ ჩამოვართმევო, რაც დიდად არ მწყენია, მაგრამ მერე იმისთანებს ჩამოართვა ხელი, საერთოდ დაკარგა პოლიტიკური პერსპექტივა... შემიძლია საიდუმლოდ გაგიმხილოთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება"