მიხეილ სააკაშვილის ტელეხიდი კიდევ დიდხანს იქნება მედიის განხილვის თემა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი რამდენიმე „ობოლო მარგალიტი“ იმსახურებს ამას. 3 საათიანი მონოლოგი (სწორედ, რომ მონოლოგი, რადგან ჩემი რამდენიმე კოლეგის კითხვა ალთას დარჩა, ხოლო სააკაშვილი ბალთას თავისას მიუყვებოდა) ისე დასრულდა ჩვენდა სასიკეთოდ ვერაფერი მოვისმინეთ.
ამიტომ, ამ ტელეხიდზე არ ვაპირებ საუბარს, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის ერთმა ფრაზამ მომჭრა ყური და სწორედ ამაზე მინდა შევჩერდე.
„არც ერთ ადამიანთან არ მაქვს ისეთი სრული სოლიდარობისა და სრული გაიგივების განცდა, როგორიც დევნილებთან. სანამ ერთი ადამიანი მაინც არის დევნილი, საქართველო სრულფასოვან და ბედნიერ ქვეყანად ვერ ჩაითვლება. პირადად მე ვარ უბედური, ყოველდღე იმ აზრით ვიღვიძებ, რომ ვარ გამწარებული, გაბრაზებული და თავს ვგრძნობ სახლიდან გამოგდებულად“, – თქვა სააკაშვილმა და შემდეგ, ამას მოჰყვა გულისამაჩუყებელი ფრაზები ცრემლებზე და სოხუმში დაბრუნებაზე ფერადი სიზმრების გახსენება.
როგორც ჩანს, სააკაშვილს ჯერაც ჰგონია, რომ ოცნებისთვის ავირჩიეთ პრეზიდენტად. ისე, რთული სათქმელია რა სიზმრებს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ძილში, ყოველ შემთხვევაში, აქამდე შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მხოლოდ ლამაზმანები სტუმრობდნენ მის სიზმრისეულ სამყაროს. თუმცა, ახლა ეს არაა მთავარი.
მთავარია, რა გვინდა ჩვენ, საზოგადოებას? როგორ მივედით იქამდე, რომ ამდენი გვაკადროს საკუთარმა პრეზიდენტმა? რატომ გვიბედავს ხელისუფლება ამდენს და ყოველდღიურად, თვალში რატომ გვაყრის ნაცარს?
ყველაზე მეტად, ახლა ის მაინტერესებს, სვანეთიდან თუ აჭარიდან, მისაქციელიდან თუ მარნეულიდან და დარბაზში მსხდომთაგან, რომლებიც მადლობას უძღვნიდნენ ქვეყნის პირველ პირს და ეკითხებოდნენ: „პრეზიდენტო, კიდევ რას გეგმავთ ჩვენი ცხოვრების გასალამაზებლად?“ – ვინ იყო ის ხალხი?
რას ვმადლიერობთ სააკაშვილს – დაკარგულ ტერიტორიებს თუ ქვეყნის სიღატაკეს? იქნებ, განათლების სისტემა მოგვწონს, რომელიც ლამის, სპეცსამსახურების ერთ–ერთ დამატებით რგოლად აქციეს? დაშინებულ ბიზნესმენები მოგვწონს თუ ღირსებააყრილი ჩინოვნიკები, რომელთაც ერთ დღეს თავად სააკააშვილი ემადლიერება, ხოლო მეორე დღეს, საქვეყნოდ დეგენერატს და კორუმპირებულს ეძახის?
„ჩვენთან ჩაწყობილი კითხვები არ არის“ – ბრძანა ქვეყნის პირველმა პირმა – ნუთუ? თუ არა დადგმული შოუ, მაშინ როგორ მოხდა, რომ იმ მარაზმმა, რასაც „პირველმა კავკასიურმა“ “პროექტი” უწოდა, ერთი ადამიანი მაინც არ გააღიზიანა ისე, რომ ფეხსაცმელი თუ არა, მწარე ფრაზა მაინც ესროლა სააკაშვილისთვის?
ის, რაც ვნახეთ, დადგმული იყო თუ არა ეს ტელეხიდი, უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დარბაზში თუ დარბაზს გარეთ (ჩემს თითო–ოროლა კოლეგას არ ვგულისხმობ), კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ხალხი, ვინც იქ იმყოფებოდა, დღევანდელი ქართული საზოგადოების სახეა.
თუ არა და, მაშინ, საზოგადოების უკეთესი ნაწილი სად არის? მე ამ საზოგადოების კიდევ ერთი ნაწილი ვიცი – „მდედრიონი“, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისას ფურცლებით ხელში, ატერორებდა ამომრჩეველს და ის ნაწილიც – ვინც დატერორდა. საზოგადოების ის ნაწილიც ვიცი, ვინც დაიბოღმა და არჩევნების დღეს სახლში გამოიკეტა. საზოგადოების ის ნაწილიც ვიცი, რომელიც დევნილების დაწიოკებას და ვეტერანების დარბევას ტელევიზიით ადევნებდა თვალს და, შესაძლოა, თავსაც სინანულით აქიცინებდა, მაგრამ მერე რა?
ამიტომ, ახლა მხოლოდ კითხვები მაქვს, ვიმსახურებთ კი ჩვენ მიხეილ სააკაშვილზე უკეთეს პრეზიდენტს, ან უკეთეს ოპოზიციას? იქნებ, ჩვენი ინერტულობით ჩვენ ვუბიძგეთ პოლიტიკოსებს, მათ შორის, სააკაშვილსაც იქითკენ, რომ ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან?
ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომელმაც ზვიად გამსახურდია გმირად შევრაცხეთ, პრეზიდენტად, თითქმის, ერთხმად ავირჩიეთ და შემდეგ, დევნილობაში მოვკალით? ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ვინც შევარდნაძეს, ჯერ, დავუჩოქეთ და შემდეგ, რამდენიმე თვე არ დავაცადეთ, რომ მშვიდობიანად გაგვეშვა, თუ მაინცდამაინც მის სახლში გაშვებას ვაპირებდით და, იმის თავიც არ გვქონდა, რომ პასუხი მოგვეთხოვა მისთვის?
ჩვენ ხომ მიხეილ სააკაშვილი 98%–ით ავირჩიეთ და ახლა მის დამხობაზე ვოცნებობთ. და რატომ, ვითომ, უკეთესს ვიმსახურებთ? როცა სააკაშვილის შავნიღბიანები შევარდნაძის ჩინოვნიკებს კამერების წინ ნიფხავ–პერანგის ამარა არბენინებდნენ, ჩვენ ხომ ხბოს აღტყინებით მივჩერებოდით ტელევიზორებს? მაშინ გვიხაროდა, რადგან გონი არ გვეყო გვეფიქრა, რომ ხვალ ჩვენთანაც მოვიდოდნენ.
ჩვენ გავჩუმდით, როცა ბიზნესმენებს აწიოკებდნენ, გავჩუმდით მაშინაც, როცა ხალხს კერძო საკუთრებიდან ერეკებოდნენ და მაშინაც კი ვერ ამოვიღეთ საკმარისად ხმა, როცა ახალგაზრდებს ქუჩაში გვიხვრეტდნენ. გავჩუმდით ბევრჯერ, რადგან ერთხელაც არ მოგვსვლია აზრად, რომ ეს ქვეყნა ჩვენი იყო და მის განვითარებაზე ჩვენ უნდა გვეზრუნა. პირიქით, ადამიანთა ერთ ნაწილს შევატოვეთ ხელში ყველაფერი და იმის იმედით, რომ „სოფელი თავისით აშენდებოდა“ ტელევიზორებს მივუსხედით. ამიტომაც მივიღეთ 2007 წლის 7 ნოემბერი და შემდეგ კიდევ უფრო უარესი – 2008 წლის აგვისტო.
რამდენჯერმე, როცა ყოფა გაუსაძლისი გახდა, ქუჩაში გამოვედით და ცხვრებივით უკან გავბრუნდით, რადგან არც ის გვცოდნია, ქუჩაში რისთვის გავდიოდით. შემდეგ, ყველფერი ერთ ადამიანს დავაბრალეთ - თურმე ლევან გაჩეჩილაძის ბრალი ყოფილა, რომ არაფერი გამოგვივიდა. საკუთარი თავისთვის კი ერთხელაც არ დაგვისვამს კითხვა – ქუჩაში გაჩეჩილაძის და ოპოზიციის ლიდერებისთვის გავდიოდით თუ საკუთარი მომავლისთვის?
გაჩეჩილაძე ერთი იყო, ჰა, ჰა – ორი, ჩვენ კი 300 ათასი თუ არა, 200 ათასი მაინც ხომ ვიყავით? რატომ გახდა მაშინაც ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, საით უნდა წავსულიყავით? ხალხის იმ მასაში რატომ არ ამოჩნდა თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ხალხს დანიშნულების ადგილამდე მიიყვანდა?
ახლა შედეგზე არ ვსაუბრობ, რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ თუ იმის პასუხისმგებლობა გვქონდა, რომ ქვეყანა რევოლუციის გზით არ წაგვეყვანა, მაშინ რატომ ვაბრალებთ ცალკეულ ადამიანებს ყველაფერს, ან ახლა რა შეიცვალა და რატომ მოვითხოვთ ცალკეული ლიდერებისგან რევოლუციის მოწყობას?
თუ არც ეს გვინდა და უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ საკუთარი უძლურების დაფარვას სხვისი დადანაშაულებით მოვახერხებთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, გაჩეჩილაძე იქნება ეს თუ – სააკაშვილი. იქნებ იმაზე გვეფიქრა რა უფრო დიდი უბედურებაა - ის, რომ გაჩეჩილაძემ ფული აიღო (თუ მართლა აიღო), ის, რომ სააკაშვილმა შეაძლია; ის, რომ ამას მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ისმენდა, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე საქმის კურსში იყო და მანამ არაფერი თქვეს,სანამ თავად არ დასჭირდათ თუ ის, რომ ეს ყველაფერი (თუ მართლა მოხდა) ჩვენს ქვეყანაში ჩვენს გვერდით, ჩვენი სახელით ხდებოდა?
ახლაც, როცა პოლიტიკოსებმა ერთმანეთის ჭუჭყიანი საცვლები გამოფინეს, ჩვენ, საზოგადოება ყველაფერ ამას, შორიდან ვადევნებდით თვალს და გამოძიებას არ ვითხოვთ. სამაგიეროდ, ამაშიც ყველას ვადანაშაულებთ საკუთარი თავის გარდა.
სულ იმას გავიძახით, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი ოპოზიციის გამყიდველობამ დათესა, მაგრამ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა მხოლოდ ოპოზიციის, ან პოზიციის ლიდერების და, ჩვენი დამსახურებაა ის, რასაც გვიბედავენ.
კუნთებზე ვიყურებით, მაგრამ რისი იმედით? ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ვინც ერთმანეთს იარაღი მივუშვირეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ გვქონდა. ჩვენ ხომ რიგიანად პროტესტის გამოხატვაც არ შეგვიძლია და ქუჩაში ყოველი გამოსვლისას მხოლოდ ერთი აზრი გვამოძრავებს: ან – ყველაფერი, ან – არაფერი. როცა არაფერს ვიღებთ, სახლში ვბრუნდებით და ახალ დამნაშავეებს ვეძებთ.
ამდენი დამარცხებების შემდეგ, როცა კიდევ ერთხელ და რეალურად მოგვეცა შანსი, რომ 2010 წლის არჩევნებზე, თუნდაც, მცირეოდენი გამარჯვებისთვის მიგვეღწია, მაშინაც არ გვეყო ჭკუა გაგვეანალიზებინა სიტუაცია და ისევ ცალკეული პოლიტიკოსის ანკესზე წამოვეგეთ. ვიღაცას გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, ვიღაცა გაიყიდა, ვიღაცას ვიღაცის ჯიბრი ამოძრავებდა და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო ჩვენ, ისევ ჩვენი უჭკუობით, რამდენიმე ლიდერის გავლენის ქვეშ მოვექეცით და არჩევნების დღეს სახლში ჩავიკეტეთ. აზრად არ მოგვსვლია, რომ ჩვენი ძალა დაგვენახვებინა ხელისუფლებისთვის. სამაგიეროდ, „ნაციონალების“ კანდიდატს ლანგრით მივართვით გამარჯვება. რა თქმა უნდა, ეს არც მერე გაგვიანალიზებია და არ დავფიქრებულვართ ამით რა მოვიგეთ.
არჩევნებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ როგორც ჩანს, 2012 წლამდე იმავე სცენარით მივალთ – ცალკეული ლიდერები კვლავ ნიჰილიზმს თესავენ და ჩვენც, რა თქმა უნდა, ტვინის განძრევა გვეზარება, რომ პოლიტიკურ სპეტრს თავად ვუკარნახოთ, როგორ მოიქცნენ და არა – პირიქით.
რაოდენ უსუსურები ვართ ამის ნათელი მაგალითი იყო „სახალხო კრება“, რომელსაც, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება გამოეფხიზლებინა, თავად მოექცა ერთი პოლიტიკოსის ტყვეობაში. სამაგიეროდ, მორიგი ბრალდებები წამოყენება არ დაგვეზარა და ამჯერად იერიში ამერიკაზე მივიტანეთ.
როცა ამერიკიდან ფულადი დახმარებები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა, მაშინ ძუძუს გოჭებივით ვიყავით გატრუნულები, მაგრამ, როცა დავინახეთ, რომ ჩვენი უნიათობით, სააკაშვილმა ქვეყანა თავზე დაგვამხო, ბრალი ამერიკას წავუყენეთ – მთელი უბედურება შენმა მოყვანილმა დაგვმართაო.
იქნებ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ამერიკა გვაძალებდა ხმის ჩახლეჩამდე მიშა–მიშას რომ ვბღაოდით? ჩვენ ის ხალხი არ ვართ, რომელიც ლიდერს იმის მიხედვით ირჩევს, რამდენ ქვას ისვრის და უშვერი სიტყვებით რამდენჯერ მოიხსენიებს პოლიტიკურ ოპონენტს? ამიტომ არ ავირჩიეთ სააკაშვილი 98%–ით და ჩვენ არ გავიხადეთ ბელადად? ახლაც ასეთ ბელადს არ ვეძებთ, რომელსაც გავაფეტიშებთ და შემდეგ ისევ მის დამხობაზე ვიოცნებოთ?
ვის უნდა ეთქვა და რატომ იყო საჭირო ეთქვა, რომ დევნილების დევნა ჩვენი დევნა იყო? სოლიდარობის ნიშნად რატომ მიდიოდა აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ათეული დევნილი? რატომ ვერ დავიცავით ვეტერანთა უწყინარი აქცია? რატომ არის ჩვენთვის სხვისი ჭირი ღობის ჩხირი და რატომ ვერ ვპოულობთ საკუთარ თავში იმის ძალას, რომ უკანონო გადაწყვეტილებების დროს ხელისუფლებას უკან დავახევინოთ?
ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც აგვისტოს ომის დროს წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდა? რატომ ვაქციეთ ისინი „უძლეველ ძალად“ ჩვენი უსუსურობით?
თუ ასე ცხოვრება მოგვწონს, ვიცხოვროთ და ნუ ვწუწუნებთ, ყველა ხალხს სწორედ ის ხელისუფლება ყავს, რასაც იმსახურებს და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი? იქნებ საკმარისია საკუთარი თავის სიბრალული და გონს მოვეგოთ, თორემ კიდევ ბევრ ასეთ ტელეხიდს მოგვიწყობენ, ბევრს გვაკადრებენ, ბევრჯერ გაგვლანძღავენ და ვინმეს რამეს თუ მოვკითხავთ, გვიპასუხებენ – „სიტყვებზე ნუ გამომეკიდებით“. არ ვიმსახურებთ თუ რა?