[დავით კირვალიძე]
განათლების სისტემაში შაშკინის მოსვლის შემდეგ, ყველა მიმართულებით ტოტალური ცვლილებები მიმდინარეობს. ამჯერად საქმე ეხება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მისაღები გრანტის დაფინანსების წესს. როგორც ირკვევა, სამართლის, ჯანდაცვის და ჟურნალისტიკის მიმართულებები თითქმის აღარ დაფინანსდება.
უფრო სწორად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2011 წლიდან სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების (გარდა ტურიზმისა), მასობრივი კომუნიკაცია-ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებებზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს დაფინანსებას, თუკი ისინი 100%-იან გრანტს მოიპოვებენ.
სხვა შემთხვევაში სრულად მოუწევთ სასწავლო თანხის ანაზღაურება. სავარაუდოდ, ასეთი მიდგომა, ამ მიმართულებებზე სტუდენტების სიმცირეს გამოწვევს. თუკი აბიტურიენტი მხოლოდ მაქსიმალური შედეგის იმედად დარჩა, ის, რასაკვირველია, სხვა ალტერნატიული, მაგრამ დაფინანსებადი ფაკულტეტებისკენ გადაიხრება.
საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 8 დეკემბერს მიღებული N379 დადგენილების მიხედვით, რომელიც 2011-2012 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ და ნაწილობრივ ოდენობებს განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ ”უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” და ”გ2” ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”პ” ქვეპუნქტის საფუძველზე 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: მაქსიმალური ოდენობა - 2 250 ლარი; საშუალო ოდენობა: 2 000 ლარი; 1 750 ლარი; 1 500 ლარი; 1 250 ლარი; ხოლო, მინიმალური ოდენობა - 1 000 ლარი.
რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობას 11 180 000 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) ლარით განისაზღვრა. ხოლო, სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის_სტომატოლოგის_ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 8 970 000 (რვა მილიონ ცხრაას სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.
უნივერსიტეტებმა აღნიშნული დადგენილება უკვე მიიღეს. თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნოდარ ბელქანია ამბობს, რომ მისი ფაკულტეტის შემადგენლობაში არსებული მიმართულებიდან, აღნიშნული დადგენილება ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებს ეხება. იმ ადამიანებს, რომლებიც 100%-ზე ნაკლებ გრანტს მიიღებენ, თავად მოუწევთ მთლიანი სწავლის საფასურის გადახდა.
პროფესორი ჯემალ მებონია კი აღხადებს, რომ მთავრობის დადგენილება უკავშირდება საბუნებისმეტყველო დარგების წახალისებას, რადგან ამ მიმართულებით სტუდენტების ოდენობა მცირდება.
”საერთოდ, მე დაფინანსებაზე სხვა აზრი მაქვს, ვაუჩერები უნდა იყოს დანამატი და უნივესიტეტს უნდა ჰქონდეს საბაზო დაფინანასება. არცერთ ქვეყნაში არ ხდება ასეთი რამ, რომ მხოლოდ ვაუჩერებით განისაზღვრება უნივერსიტეტის დაფინანსება. 70-80 პროცენტით მაინც უნდა დააფინანსონ უნივერსიტეტი და დანარჩენი კი - ვაუჩერით. ის, რასაც ახლა აკეთებენ, უსამართლობაა”, - ამბობს მებონია.