რას აძლევს საქართველოს ბოლო დროს წარმოებული საგარეო პოლიტიკა და ჩინეთის შემდეგ რას მისცემს ჩვენს ქვეყანას ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობა? საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს ახლა ნაყოფიერი და მეგობრული შეხვედრა ისარელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ჰქონდა. პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
შეხვედრაზე ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან. ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს.
„მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში.
კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ - „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“, - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს პრემიერის ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობას ჩაეყრება საფუძველი. გვენეტაძე ამბობს, რომ ეს წაადგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონში არსებულ უსაფრთხოებასაც. ისტორიკოსი ამბობს, რომ როგორც საქართველო, ასევე ისრაელი, უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას ინარჩუნებს. ორივე ქვეყნის სახელმწიფოს მიზანია, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს.
„ისრაელი გარკვეულ დისტანციას იჭერს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი და ისრაელის პრემიერი, დარწმუნებული ვარ, ბევრ საერთო შეხების წერტილს იპოვიდნენ. მსოფლიო გადანაწილების ხელახალი პროცესი მიმდინარეობს. უკრაინის ომის გამო, ბევრი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა ჩაიკეტა, რომელიც რუსეთზე გადიოდა. ამიტომ საქართველომ ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომიდნარე, ჩვენი ქვეყანა ახლა მსოფლიოს მმართველი ქვეყნების ინტერესის ობიექტში მოექცა. აქედან კი საქართველომ რატომ არ უნდა ნახოს თავისი წილი სარგებელი?!
ამიტომ ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. შავმა ზღვამ ახლა უდიდესი დატვირთვა შეიძინა. ამიტომაც ჩინეთიც და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც, საქართველოსთან კეთილი და მეგობრული ურთიერთობებით არიან დაინტერესებული. ვნახეთ პრემიერი როგორ თბილად და მეგობრულად მიიღეს ჩინეთშიც და ისრაელშიც. არც ისრაელია ვინმეზე ნაკლები მოთამაშე და ანგარიშგასაწევი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, ამხელა გეოპოლიტიკურ თამაშში, ეს პატარა ქვეყანა ცდილობს, რომ ყველას თავისი მნიშვნელობა აჩვენოს. ამაში კი ლომის წვლილი პრემიერ ღარიბაშვილს და მის გუნდს შეაქვს“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, როდესაც გეოპოლიტიკურ პროცესებზე მოვლენები იცვლება, ის შენი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენო და „ოცნების“ ხელსიუფლება სწორედ ამას აკეთებს. მისი აზრით, ღარიბაშვილის ბოლო დროს წარმოებული საგარეო პოლიტიკა ამას ემსახურება. ის ცდილობს საკუთარი ქვეყნის მნიშვნელობა დიდ მსოფლიო მოთამაშე ქვეყნებს უფრო ნათლად დაანახოს.
„ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ვინმეს ბატონყმობა გვჭირდება. ვცხვორობდით ადრე ასე და რომ არ გვინდოდა, თავი ამიტომ გავითავისუფლეთ. მიღებული გვაქვს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამიტომ ჩვენ გადავწყვეთ ჩვენი ქვეყნისთვის რა არის კარგი და ვისთან უნდა ვიმეგობროთ. კი ბატონო, ამერიკა და ევროპა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არიან და პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ საკუთარი ინტერესებიდან და ქვეყნიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. თუ ამერიკას უნდოდა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა მიეცა, კი ბატონო, უარს არავინ ამბობს. ხომ არავინ უშლით, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. თუნდაც რამდენიმედღიანი უვიზო მიმოსვლა გვქონდეს. ამიტომ, მოდი, ჭკუის საწვლებას თავი დაანებონ და როგორმე ჩვენით მივხვდებით ვისთან ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ. ახლა ჩვენ გვინდა ყველა ჩვენს ახლო მეგობრებთან კარგი ურთიერთობა და ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ამიტომ ღარიბაშვილი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს“, - ამბობს გვენეტაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ჩინეთისგან განსხვავებით, ისრაელთან საქართველოს თანამშრომლობას ყველა ასპექტში მიესალმება. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ჩინეთი ძლევამოსილი ქვეყანაა, რომელთანაც მსგავსი სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას რისკებს უჩენს, თუმცა ისრაელის შემთხვევაში ასე არ არის, რადგან ის არის ასევე პატარა ქვეყანა, რომელსაც მსგავსი ამბიციები არ აქვს.
„ისრაელი თავისი ინტერესების მატარებელი ქვეყანაა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თავისი ხედვები აქვს. ამიტომ ჩინეთისგან განსხვავებით, უფრო პატარა ქვეყანაა და ამხელა ამბიციებიც არ აქვს. ისრაელს რეგიონზე ისეთი გავლენა არ აქვს, როგორც ირანს, თურქეთს და ა.შ. როცა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, დარწმუნებული ვარ, ისრაელისთვის მნიშვნელოვანი იქნება შეამოწმოს საქართველო და ჩვენს სპეცსამსახურებთან ითანამშრომლოს, ირანი საქართველოში რამდენად არის წარმოდგენილი. თუმცა, ეს საქართველო-ირანის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ უნდა მოხდეს. ჩვენც გვაქვს ირანში ჩვენი ინტერესები. ამიტომ, ამ ურთიერთობიდან ერთადერთი რისკი ისაა, რომ ირან-საქართველოს ურთიერთობა არ გაფუჭდეს. ჩვენ ჩვენი ხედვები და პოზიციები გვაქვს, მით უმეტეს, ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობები თბება და ჩვენ სულაც არ გვაწყობს ირანთან ახლა ურთიერთობის გაფუჭება. სხვა დანარჩენი, მივესალმები ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობას და ნამდვილად დადებითად ვაფასებ. ისრაელთან ურთიერთობა ყველა მიმართულებით, რაც უფრო გაღრმავდება, მით უფრო უკეთესი იქნება“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება ისრაელის ნეიტრალურ დამოკიდებულებას უკრაინის ომთან, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ისრაელს რუსეთთან თავისი ინტერესი აქვს, რადგან ის არის ქვეყანა, რომელიც ირანის შესაკავებლად სჭირდება. ამიტომ, მან რომ უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს, მაშინ რუსეთი ირანს ისრაელთან თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემს. ამიტომ ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს და ისარელის სიტუაცია განსხვავებულია. ამ შემთხვევაში რუსეთს ისრაელის ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს და არც მისგან მუდმივ ომის პირობებში იმყოფება. ამიტომ საქართველოს და ისრაელის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთი და იგივე ვერ იქნება და არ უნდა იყოს.