„გმირობა ფოტოპოზირებით არ ხდება. გმირობა ხდება სპონტანურად“

„გმირობა ფოტოპოზირებით არ ხდება. გმირობა ხდება სპონტანურად“

საქართველოში რომ პიარი წარმათავს მოვლენებს, ეს შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ერთმა ფოტომ დავით ჯელაძე გმირად აქცია, მაგრამ ასე არ გაუმართლა იმ ადამიანებს, რომლებმაც მართლა გმირობა ჩაიდინეს. სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყაა, სადაც გმირობაც კი პოლიტიკური კუთვნილების საკითხი გახდა. ამ დღეებში ბევრს კამათობენ იმაზე, ვინ არის გმირი - დავით ჯელაძე, რომელმაც დისშვილთან ერთად ღვარცოფს დააღწია თავი და ეს ფოტოზე ასახა, თუ გლოველი შალვა ბელაშვილი, რომელმაც გადაარჩინა სწორედ ჯელაძე და არა მხოლოდ ის, სრულიად უცხო ადამიანების გადასარჩენად შევიდა სტიქიის ზონაში. თუმცა, ჯელაძისგან განსხვავებით, ბელაშვილს არ გაუმართლა, რადგან ის ოპოზიციური ორიენტაციის ადამიანი არ არის.

შალვა ბელაშვილის მსგავსად არ გაუმართლა აფხაზეთის ომის უცნობს გმირებს, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ და ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოებულ ომში მონაწილეობდნენ. ისტორია, რომელზეც მოგიყვებით, აფხაზეთში მოხდა.

სეპარატისტებმა 1993 წლის 5 ივლისს დაიწყეს შტურმი სოფელ ახალშენის, კამანის და შრომის მიმართულებით. კამანი საკმაოდ გამაგრებული სოფელი იყო ადგილობრივების მიერ. დანაყოფი რომელიც სოფელს იცავდა, ადგილობრივი მოხალისეებისგან შედგებოდა, რომლის მეთაური იყო ზაზა პაკელიანი. აფხაზურმა რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ დაქირავებული ბოევიკები, ძირითადად ჩეჩნები და კაზაკები, 2 ივლისს ტამიშში დესანტის გადმოსხმის და 5 ივლისს, გუმისთაზე შეტევის შემდეგ, დაიკავეს მაღალმთიანი სოფელი კამანი.

5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რუსულმა დესანტმა სოფელ ახალშენსა და ზეგანის მთაზე შეტევა განახორციელა. დაიკავეს ახალშენი, ასევე დესანტი გადმოსხეს ზეგანზე. ადგილობრივებმა ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი კამანელებმა ტყვედ აიყვანეს.

სწორედ მისგან შეიტყვეს, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500-კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი რელიეფიდან გამომდინარე მაღლობზე იყო, სწორედ შრომის აღების შემდეგ, სოხუმის აღება უფრო ადვილი ხდებოდა სეპარატისტებისთვის.

კამანელებს მასშტაბური შემოტევის შესახებ ერთი დღით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია და მოითათბირეს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. ისიც ცნობილი იყო მათთვის, რომ ცენტრალურ შტაბიდან დამხმარე ძალების გამოგზავნა ვერ მოხდებოდა, თუმცა ადგილობრივებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთმანეთი ბრძოლის ველზე არ მიეტოვებინათ. „თუ საჭიროება მოითხოვს, თავი დავდოთ ამ ბრძოლაში! ღირსება დავიცვათ და სირცხვილი არ ვჭამოთ! ვიბრძოლოთ ბოლო ტყვიამდე!“, - ეს გმირი ზაზა პაკელიანის სიტყვებია.

გათენებული არ იყო, როდესაც სოფელს სამი მხრიდან შემოესია 500-კაციანი საშტურმო-სადესანტო ბატალიონი, გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების ჯარი, რომელსაც წინააღმდეგობას უწევდა ასეულის 40-კაციანი ჯგუფი. ასეულმა დღის ორ საათამდე გაუძლო ამ ბრძოლას. ბოლოს უკვე ასეულის შტაბის დერეფნებში ხელჩართულ ბრძოლებში ჩაებნენ. ზაზა პაკელიანი ცენტრალურ შტაბს უკავშირდება და ბოლო კოორდინატებს აძლევს: „პოზიციები დავკარგეთ, საგუშძაგოები მტერმა გაანადგურა...! თქვენ დაგვბომბეთ...! სხვა გზა არ არის, ჩვენ მაინც ვერ გადავრჩებით...! კამანი აღებულია, ჩვენი შტაბის კოორდინატები იცით, დაგვარტყით...! დაგვარტყით...!“, - ამის შემდეგ ზაზა პაკელიანთან კონტაქტი გაწყდა.

თანამებრძოლებთან ერთად იგი საკუთარი სოფლის დაცვას შეეწირა. გადარჩენილები კი ტყვედ აიყვანეს და მოგვიანებით დახვრიტეს, მათ შორის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია და მშვიდობიანი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ინფორმირებული იყვნენ, რომ მოსალოდნელი იყო შეტევა, სოფელი არავის დაუტოვებია. მსგავსი გმირობის ისტორია საქართველოს ბევრი აქვს, მაგრამ ამ გმირებს არ გაუმართლათ, რადგან მაშინ მათ გვერდით არ იყო ფოტოგრაფი, ვინც აღწერდა ამ ისტორიას, შესაბამისად, მავანთთავის არც მათი ისტორია არის საინტერესო.

for.ge-სთან საუბრისას ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ბოლო ხანებში გაუფასურდა გმირობაც სწორედ იმ ტოქსიკური ძალის მიერ, რომელსაც ქვია „ნაციონალური მოძრაობა“.

დღეს კამათობენ იმაზე, ვინ გმირია და ვინ არა. ბატონო ედიშერ, რა არის გმირობა და როგორ იქმნება გმირების შესახებ ისტორია?

ედიშერ გვენეტაძე: საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც გმირობით ვერ გააკვირვებ. ეს არის გმირების ქვეყანა. რომ არა გმირები, ეს ქვეყანა ამ დრომდე ვერ მოაღწევდა. მაგრამ, ბოლო ხანებში გაუფასურდა გმირობაც სწორედ იმ ტოქსიკური ძალის მიერ, რომელსაც ქვია „ნაციონალური მოძრაობა“. გმირი გახდა კირკიტაძე, რომელმაც ცემა პოლიციელს იმიტომ, რომ კანონის დაცვა მოსთხოვა. მერე, მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ კირკიტაძე არის გმირიო. მერე მიჰყვა მეგისა ქარდავა - პატიმრებს აუპატიურებდა და გმირიაო! მერე გმირობაში წარმოჩინდა დავით გარეჯის გამყიდველი ივერი მელაშვილი; გმირი გახდა ვაჟა ექიმი, გადავიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, არ ვიცი რატომ და რისთვის, ჩაბარდა საოკუპაციო ხელისუფლებას, ყველაფერზე მოუწერა ხელი, შეიწყალეს და გამოუშვეს; მერე იყო ნიკანორ მელია; 7-8 მარტის გმირად გამოაცხადეს ბექა გრიგორიადისი - პოლიციელების დაწვის მცდელობისთვის; ამ დონეზე დაიყვანა იმ ძალამ, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვა - გმირი.

ახლა კი გმირობას ითხოვს ის, ვინაც საკუთარი სისხლი და ხორცი გადაარჩინა ფოტოგრაფიის თანხლებით! მაპატიოს ყველამ, მაგრამ არ მიკვირს, მე არავის არ განვსჯი, მაგრამ ჯელაძეზე ნაკლები გმირობა აქვთ სხვებს გამოჩენილი, გნებავთ იმ მფრინავებს, მაშველებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩიეს ადამიანები, მაგრამ არ ჰქონდათ ფოტოაპატარი და ვერ გადაიღეს, ამიტომ ისინი არაფერი არ არიან?! ბოლოს და ბოლოს, ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს. გმირობა ფოტოპოზირებით არ ხდება. გმირობა ხდება სპონტანურად.

კითხვები, რომელიც დასვა ირაკლი კობახიძემ არ არის უსაფუძვლო და კითხვის დასმა არ ნიშნავს დანაშაულს, მაგრამ არის აქ კითხვის ნიშნები?

- ფოტოგრაფირებით გმირობა ცოტა რთულად წარმოსადგენია, ასეთი ბუნებაში არ ყოფილა, მაგრამ მემატიანეთა აღწერაში კი არის - ფოტოგრაფი არ ჰყავდა ცხრა ძმა ხერხეულიძეს, მაგრამ ისტორიაში დარჩნენ. ფოტოგრაფი არ ჰყოლია ქეთევან დედოფალს, მაგრამ ისტორიაში დარჩა. არავინ არ ვიცით ის 250 კაცი, რომელიც დიდგორის ომის დროს სიკვდილზე წავიდა და შუაგულ მტერთან შევიდა. სხვათა შორის, არც ერთი მათგანის სახელი არ ვიცით, მაგრამ თითოეული მათგანი ჩვენთვის გმირია. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ პოზირებით გმირობა სირცხვილია!

გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს აფხაზეთის ომი, მაგრამ თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. სად იწყება და სად მთავრდება გმირობა? ვიღაცა ერთი სურათით შეიძლება გახდეს გმირი, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნეს, მათ არც კი იცნობენ და არც აინტერესებთ...

- ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი - „ისტორიის სამართალი ურმით მიდის“. ესენი, ვინც მე ჩამოვთავალე და თავს გმირებად ასაღებენ, არიან ყვარყვარეს გმირები, ყვარყვარეს თანამედროვეები არიან. ისტორია გაჩხრეკს აბსოლუტურად ყველას. ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. გეთანხმებით, რომ აფხაზეთის ომში ბევრად მეტი არიან ნამდვილი გმირები, რომლებსაც, სამწუხაროდ, მომავალი თაობა დღემდე არ იცნობს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისტორია არავის არ დატოვებს პატივისმიუგებლად და ყველას იმ ადგილს მიაკუთვნებს, რომელიც მას ეკუთვნის.

გალაქტიონს აქვს ნათქვამი - „დღესავით არის ჩემთვის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“. დიახ, იმ ბიჭებზე, რომლებმაც სამშობლოს საკუთხეველზე უშურველად, ყოველგვარი ფოტოგრაფების, ყოველგვარი კინოებისა და რეჟისორების გარეშე მიიტანეს ყველაზე უძვირფასესი, რაც მათ გააჩნდათ ამ ქვეყანაზე - სიცოცხლე და ამ სიცოცხლის მეშვეობით შეუნარჩუნეს ქვეყანას სახელმწიფოებრიობა და ერი გადაარჩინეს, მათ სახელებს ისტორია არასოდეს დაივიწყებს. დღეს თუ არა ხვალ მათი სახელები ოქროს ასოებით იქნება ისტორიაში ამოტვირფული.

როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ თაობას გააცნოს ქვეყნის გმირები, რატომ და რას შესწირეს თავი?

- ისტორიის მანძილზე ყველა სახელმწიფო იდგა იმ გმირებზე, რომლებმაც შეუნარჩუნეს სახელმწიფოებრიობა და გადაარჩინეს ერი. ამიტომ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში პატივს მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს თავი. მაგრამ არ გაგიკვირდეთ, ერთ მაგალითს გეტყვით, წინა ხელიუფლებამ ქუთაისში ააფეთქა მემორიალი, რომელიც მიძღვნილი იყო იმ ვაჟკაცებისთვის, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თავი შესწირეს საქართველოს და ეს დაანგრიეს.

უფრო მეტიც, ზოგიერთები იმასაც ლაპარაკობენ, რომ 9 მაისი, 8 მაისს აღვნიშნოთო. ამას ის ხალხი ლაპარაკობს, რომელსაც იმ 9 მაისის ამბებში წვლილი არ აქვს შეტანილი. ამიტომ დღეს რაც საქართველოში ხდება, ეს არის დანაშაული. ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობის საქმეს, უბრალოდ, გაზეთების ფურცლებზე და კედლებზე კი არა, სკოლის სახელმძღვანელოებში უნდა იყვნენ შეყვანილი.

აუცილებად უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ თემების შესახებ და გრიგორიადისების, კირკიტაძეების, ჯელაძეებისა და ყალბი გმირების ნაცვლად, მომავალ თაობას ვუთხრათ სინამდვილეში ვინ არიან გმირები, რას აკეთებდნენ ისინი და რა საქმესაც შეეწირნენ. ამიტომ, ამ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა. არც ერთ შემთხვევაში არ ეპატიება არ გააკეთოს ისე, რომ სახელმძღვანელოებში არ შეიტანოს იმ გმირი ბიჭების სახელები, რომლებმაც სამშობლოს შესწირეს თავი. ასე მოვიდა ჩვენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე, ქეთევან დედოფლი, ასე მოვიდა ჩვენამდე გიორგი სააკაძე და სხვა უამრავი გმირი. ამიტომ, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. თუ ჩვენი თაობა ამას არ გააკეთებს, მომავალი წყევლით მოგვიხსენიებს.