ნატო უკრაინას ტერიტორიებით ევაჭრება - კონტრშეტევით გაწბილებული დასავლეთი ომის დასრულებას ჩქარობს

ნატო უკრაინას ტერიტორიებით ევაჭრება - კონტრშეტევით გაწბილებული დასავლეთი ომის დასრულებას ჩქარობს

დასავლეთი უკრაინის კონტრშეტევით გაწბილებულია და ომის დასრულების სავარაუდო სცენარებზე მუშაობს. ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ინფორმაციას ნორვეგიული გაზეთი „ვერდენს განგი“ ავრცელებს, რასაც უკრაინის მხრიდან მწვავე პასუხი და კრიტიკა მოჰყვა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ისინი იმედგაცრუებულები არიან, რადგან არ ელოდნენ, რომ ალიანსი ტერიტორიებით ვაჭრობას დაიწყებდა.

„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა იენსენმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში სურს რუსეთთან მოლაპარაკება.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ სამწუხაროდ, დასავლეთში ომით გადაღლის ნიშნები დაიწყო და დიდი ალბათობით, დახურულ კარს მიღმა მიდის მსჯელობა იმაზე, როგორ და რა ფორმით შეიძლება უკრაინის ომი დასრულდეს. მათი აზრით, ეს უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნით პროცესები დაძაბოს და ზელენსკის ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის უარყოფითი განწყობა გამოიწვიოს. მათი აზრით, დასავლეთი უკრაინის კონტრშეტევით უკმაყოფილოა და ხვდებიან, რომ ომის დასრულება კიდევ ერთი წლით გადაიწევს, რაც ბევრისთვის დასავლეთში კატეგორიულად მიუღებელია.

„უკრაინის ტერიტორიის ნატო-ს წევრობაზე გაცვლა უცნაურია“, -  წერს „ტვიტერის“ პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

პოდოლიაკის კომენტარი ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრი გახდეს.

„ტერიტორიის ნატო-ს ქოლგაზე გაცვლა? უცნაურია. ანუ გააზრებულად წავიდეთ დემოკრატიის მარცხზე, გლობალური დამნაშავის წაქეზებაზე, რუსული რეჟიმის კონსერვაციაზე, საერთაშორისო სამართლის დამცირებასა და ომის სხვა თაობებზე აუცილებელ გადატანაზე“, - წერს პოდოლიაკი.

მისი თქმით, თუ რუსეთის დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი გამანადგურებელ მარცხს არ განიცდის, ომი აუცილებლად დაბრუნდება რუსეთის გაზრდილი მადით.

„მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისა და პირდაპირ ვთქვათ, პუტინის ტრიუმფის მეშვეობით „ცუდი მშვიდობის“ დამყარების მცდელობები მსოფლიოს მშვიდობას არ მოუტანს, მაგრამ მოუტანს სირცხვილსაც და ომსაც. ეს ეხება ახალი „ევროპის გაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის ნატო-ს ქოლგითაც. მაშინ რატომ არის საჭირო რუსეთისთვის სასურველი გაყინვის სცენარის შემოთავაზება, იარაღის დაჩქარებული მიწოდების მაგივრად? არ არის საჭირო მკვლელების საზარელი ინდულგენციებით წაქეზება“, - წერს პოდოლიაკი.

„დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

„დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს“, - დაწერა ნიკოლენკომ „ფეისბუქზე“.

მისი თქმით, ნატო-ს ოფიციალური პირების შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ჩართულობა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ ნარატივის ფორმირებაში რუსეთის ინტერესებშია.

„ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში კი უკრაინის გამარჯვებისა და ნატო-ში მისი გაწევრიანების დაჩქარების გზების განხილვაა“, - აცხადებს ნიკოლენკო.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნატოს ამხელა რანგის თანამდებობის პირსიგან მსგავსი განცახდების გაკეთება ძალიან უცნაურია, მაგრამ, დიდი ალბათობით, დასავლეთი უკრაინის ომის დასრულების სხვადასხვა ვერსიებს ამუშავებს. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად ხელშესახები ვერაფერი აჩვენა, ამიტომ ომი შესაძლოა კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს, ეს კი, დიდი ალბთობით, დასავლეთში არ აწყობთ.

„სამწუხაროდ, სიტუაცია, როგორც ჩანს, სხვაგვარად ვითარდება. ნატოში, დიდი ალბათობით, უკვე გარკვეული სქემა მუშავდება, როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს. ნატოს ასეთი მაღალჩინოსნისგან მსგავსი განცახდების გაკეთება ძალიან საგულისხმოა და ის ნატოსთან შეთანხმების გარეშე ასეთ რამეს ჰაერზე არ იტყვის. როგორც ჩანს, დასავლეთში უკვე ომით გადაღლის პროცესი დაიწყო და ფიქრობენ, უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან რა ფორმით უბიძგონ. სამწუხაროდ, ყველა ველოდით, რომ ამ ერთი, ორი თვის განმავლობაში უკრაინა ხელშესახებ შედეგს აჩვენებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ე.წ. სუროვიკინის თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევასაც კი ვერ ახერხებენ. დასავლეთი ამას ხედავს და ფაქტია, იმედგაცრუება შეიმჩნევა. ვფიქრობ, უკრაინას თვენახევარიღა დარჩა იმისთვის, რომ რაღაცა აჩვენოს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, რა იქნება, რთული სათქმელია. რუსებს ძალიან ძლიერი თავდაცვითი შრეები აქვთ აგებული. ამიტომ მიჭირს იმის პროგნოზირება, ამ ხნის განმავლობაში რა შედეგს უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, უკრაინამ ბოლო რეზერვი და ელიტარული დანაყოფი ფრონტის ხაზზე გადაისროლა და ეს რესურსიც გახარჯულია. ამიტომ ომის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით მოხდება და ეს უკვე დასავლეთში ძალიან აშფოთებთ. ევროპაში მით უმეტეს, არის ქვეყნები, რომელთა დამოკიდებულებაც ამ ომის მიმართ სკეპტიკურია. ეს სკეპტიციზმი კიდევ უფრო იზრდება, რაც ნატოს ამ განცახდებიდან ცხადია“, - ამბობს მაისაია.

რაც შეეხება უკრაინის და რუსეთის დამოკიდებულებას ნატოს ამ შესაძლო შეთავაზებაზე, მაისაია ამბობს, რომ ამაზე, პირველ რიგში, უკრაინა არ წავა და ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნით სერიოზული მღელვარებაც კი გამოიწვიოს. მაისაია ამბობს, რომ პრინციპში, ამაზე წასვლა არც რუსეთს არ აწყობს, რადგან მან ამ ომის წამოწყების ხელშესახები შედეგი მოსახლეობას უნდა აჩვენოს. პუტინი ფიქრობს, რომ უკვე ამ ომს ბოლომდე ჩაჰყვა და არაფრის ფასად საკუთარ თავს არ გაწირავს.

„ძალიან რთული კი არა, მგონია საერთოდ წარმოუდგენელი იქნება უკრაინის ამ შეთავაზებაზე დათანხმება. ეს იქნება კატასტროფა, რადგან მაშინ გამოვა, რომ ქვეყნის ამხელა ნგრევა და ამდენი მსხვერპლის გაღება არაფრად ღირდა. თუკი ისედაც უნდა დათანხმებულიყვნენ რუსეთის ოკუპაციას და ეს ტერიტორიები დაეთმოთ, მაშინ რაღაზე ხოცავდნენ ამდენ ხალხს. ეს უკრაინის შიგნით, ზელენსკის და მისი ხელისუფლების მიმართ უდიდეს დაპირისპირებას გამოიწვევს. აქ საუბარი, როგორც ჩანს, დონეცკის და ლუკანსკის ოლქების დათმობაზეა, ასევე ზაპროჟიეს რაღაცა ნაწილზე. ანუ დანარჩენ ტერიტორიებზე ნატო უკრაინას ჰპირდება, რომ მისი დაცვის ქოლგის ქვეშ აღმოჩნდება.

ზელენკსიმ განაცხადა, რომ სანამ უკრაინის სრულიად ტერიტორიის აღდგენა არ მოხდება, ისინი მოლაპარაკებებზე არ წავლენ. რუსეთს კი უნდა, რომ უკრაინა გერმანიის მსგავსად ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთად გაყოს, ნახევრის ანექსია მოახდინოს და ნახევარი დარჩეს. ამიტომ ძალიან რთულია უკარინა ნატომ ამაზე დაითანხმოს. ვფიქრობ, ეს ორივე მხარისთვის პირის მოსინჯვის მცდელობა უფრო იყო. ასევე ვიცით, რომ 2024 წლისთვის ევროპაშიც და ამერიკშიც არჩვენებია და ლოგიკურია, რომ დასავლეთი ჩქარობს ომის დასრულებას და მისი დროში გაწელვა არავის აღარ აწყობს“, - ამბობს მაისაია.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს ეს განცხადება უფრო რუსეთის დატესტვის გარკვეული ხერხი იყო. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ვარაუდობს, რომ ამით ნატომ გარკვეული ტაქტიკური სვლა გააკეთა და აინტერესებს რუსეთი აპირებს თუ არა მოლაპარაკებაზე წამოსვლას.

„მე ძალიან გამიკვირდა ნატოს მაღალჩინოსნის ეს განცახდება და მივიჩნევ, რომ ის ოფიციალურ განცახდებას აჟღერებს და ეს მხოლოდ მის მოსაზრება არ არის. მგონია, რაღაცა ტაქტიკური სვლა უფროა, ვიდრე რეალობასთან ახლოს გაკეთებული განცხადება. ნატოში კარგად იციან, რომ უკრაინა ამაზე არ დათანხმდება. ეს იქნება თვითმკვლელობის ტოლფასი, რადგან გამოვა, რომ ომი უნდა გაიყინოს, რითაც ყველაზე მეტად რუსეთი მოიგებს. უკრაინის შიგნით, მოსახლეობაში ეს უდიდეს პროტესტს გამოიწვევს და იქნება წაგების ტოლფასი გარიგება.

 ვფიქრობ, ზელენსკის ამაზე კარს მიღმაც ელაპარაკებიან, ამიტომაც არის ხშირად, რომ ის მსგავს განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მისი ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა. ახლა კი ვნახეთ, რომ ნატოს მაღალჩინოსანმა ეს მოსაზრება უკვე ხამამღლა გაახმოვანა. კი ბატონო, დასავლეთში არის გარკვეული პოლიტიკური წრეები, რომლებიც ომის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები, მით უმეტეს ახლა, როცა ხედავენ, რომ უკრაინას წინსვლა უჭირს. ამიტომ ომი ისევ გაგრძელდება და რაღაცა ფინალისკენ მისი წაყვანა უნდათ, მაგრამ უკრაინა ამაზე არ დათანხმდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.